#მოგზაურობა

10 რამ, რაც ბარსელონაში ყოფნის დროს უნდა გააკეთოთ

გაზიარება:

კულტურული ცენტრი ბრწყინვალე მუზეუმებით, მომაჯადოებელი რესტორნებითა და ღამის ცხოვრებით - კატალონიის დედაქალაქი ის ხმაურიანი ადგილია, რომელიც რეპუტაციას მასთან პირველივე შეხებისთანავე ამართლებს. ბარსელონა საკუთარ რიტმზე მორგებისკენ გიბიძგებს: გაიღვიძო რაც შეიძლება ადრე და გვიან ღამით დაიძინო, ან სულაც გაათენო. აქ ხომ ამდენი რამაა სანახავი და გამოსაცდელი?!

რა არ უნდა გამოგრჩეთ ბარსელონაში ყოფნის დროს? თუ უახლოეს პერიოდში ბარნაში (ასე მოიხსენიებენ ბარსელონას ადგილობრივები) მიემგზავრებით, მომდევნო რამდენიმე აბზაცი მოგზაურობის სწორად დაგეგმვაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

1. La Sagrada Família

ჩვენი პირველი გაჩერება ანტონი გაუდის შედევრი - La Sagrada Família გახლავთ, რომელსაც ხელოვანმა თავისი ცხოვრების ბოლო წლები სრულად მიუძღვნა. ეკლესიის კოშკები და რთული ფასადები კატალონიელი გენიოსის ხედვისა და უნიკალურობის დასტურია, რომლის თითოეული დეტალი მნახველს საათების განმავლობაში აღაფრთოვანებს. გირჩევთ, La Sagrada Família-ში შესასვლელი ბილეთები ონლაინ შეიძინოთ (ბილეთების შეძენა 3 თვის ადრეა შესაძლებელი) და თუ დრო გექნებათ, მისი ერთ-ერთი კოშკიც მოინახულოთ.

2. Park Güell

გაუდის შემოქმედების კვალდაკვალ, წარმოგიდგენთ Park Güell-ს მოზაიკის ფერების, რთული დეტალებისა და ტექსტურის საოცრებათა ქვეყანას. საცხოვრებელ კომპლექსად ჩაფიქრებული Park Güell, დღეს საჯარო სივრცეს წარმოადგენს და ყოველწლიურად, მილიონობით ვიზიტორს ფანტაზიისა და ჰარმონიის სამყაროში ამოგზაურებს. .

3. Casa Batlló

კატალონიელი გენიოსის კიდევ ერთი შედევრი და ჩვენი მორიგი გაჩერება Casa Batlló იქნება. კერძო რეზიდენციისთვის შექმნილი უნიკალური ფასადი, ანტონი გაუდის ფანტაზიის უკიდეგანობაზე მიგვანიშნებს. თავისი ტალღოვანი ფერადი ფასადით და ზღვის არსებების ნიჟარების მსგავსი აივნებით, Casa Batlló მუდმივი მოძრაობის განცდას ქმნის. სახლის დიზაინის შექმნა გაუდის ხოსე ბატლომ მას შემდეგ დაავალა, რაც ხელოვანის მიერ შექმნილი Park Güell იხილა. რეზიდენციის ფასადს ხშირად ამსგავსებენ კლოდ მონეს „წყლის შროშანებს“. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, Casa Batlló-ს ფერადი ვიტრაჟები სწორედ ტბის ფერთა პალიტრას აფრქვევენ, ხან ცისფერ, ხანაც კი მწვანე ტონალობებში.

4. La Pedrera

„კასა მილა“ (ასევე ცნობილია როგორც „ლა პედრერა“) - ამ უკანასკნელზე არქიტექტორი 1905-07 წლებში მუშაობდა და იგი ანტონი გაუდის შემოქმედებითი ცხოვრების ბრილიანტად, ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი ითვლება. ჩიტის ბუდეების მსგავსი აივნებით, აივანზე სკულპტურული ნამუშევრებით და მოდერნისტული ხედვით „კასა მილა“ დღემდე ტურისტების ერთ-ერთ რჩეულ ლოკაციად რჩება.

5. პიკასოს მუზეუმი

ხუთ შენობაზე გადანაწილებული მუზეუმი - პიკასოსგან ნაკლებს არც უნდა ველოდეთ. 14 წლის ასაკში, ბარსელონაში საცხოვრებლად გადასული პიკასო ბევრს მოგზაურობდა, თუმცა ყოველთვის ბრუნდებოდა ბარსელონაში. ლეგენდად ქცეული კუბისტი მხატვრის შემოქმედებითი ქრონოლოგია სწორედ ამ მუზეუმში იყრის თავს, თუმცა თუ ისეთი სახელგანთქმული ტილოების ნახვას ელოდებით როგორიც „გერნიკა“ და „მტირალი ქალია“, შესაძლოა იმედი გაგიცრუვდეთ, სამაგიეროდ, აქ დაგხვდებათ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შექმნილი ტილოები, ჩანახატები, კერამიკული ნამუშევრები, მოხატული კედლები და პიკასოს ისტორია კლასიკურად გაწვრთნილი მხატვრიდან - კუბისტ პიონერამდე.

6. Moco Museum

Moco-ს ფლუორესცენტული, ცოცხალი გარემო თქვენს ხასიათზე მოყვანას შუადღემდე განვლილი 30 კილომეტრის შემდეგაც კი შეძლებს. Moco Museum თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, რომელიც ხშირად ქუჩის ხელოვნების შთაგონების წყაროც ხდება. Moco მხარს ინკლუზიური მუზეუმის მოდელს უჭერს. მის კედლებში ხელმისაწვდომი შოუები და გამოფენები იგეგმება, რომლებიც საზოგადოების გაძლიერებისთვის და შთაგონებისთვისაა შექმნილი. პატარა რჩევა: მუზეუმის ბილეთების ფასდაკლებით შეძენა დილის 11:00-მდე და 18:00 საათის შემდეგაა შესაძლებელი. 

„ჩვენ ვიყენებთ ხელოვნების ძალას, რათა გამოვიწვიოთ ნორმები, დავიცვათ სიმართლე, გავხსნათ გონება და გამოვიკვლიოთ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო“.

7.  Flamenco Barcelona City

რა გახსენდებათ პირველი ესპანური კულტურის ხსენებისას? - შესაძლოა თქვენი გონება ხარების ბრძოლისკენ წავიდეს, თუმცა ეს „სპორტი“ კატალონიაში აკრძალულია, სამაგიეროდ, ყველას შეუძლია ნამდვილ ესპანურ კულტურაში ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის - ფლამენკოს ძალის შეგრძნება. თავისი მგზნებარე კანტებით, ბოშების გიტარებით, მდიდრული კაბებითა და კასტანეტებით, ეს ცეკვა ბოლომდე ჩაგითრევთ ემოციურ მორევში, რომელიც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ბარსელონაში რამდენიმე გამორჩეული ადგილი არსებობს, სადაც ტრადიციულ, მომნუსხველ ფლამენკოს შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი. ერთ-ერთი მათგანი კი Flamenco Barcelona City გახლავთ. 

8. Camp Nou

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მნიშვნელობა, მისი საშინაო სტადიონის, „კამპ ნოუს“ ხმაურში იკითხება. უკვე არსებობს ევროპის ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონს  გაფართოების გეგმაც. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაგეგმილი თამაშის ბილეთი სეზონური ბილეთების მფლობელებს ეკუთვნით, დაბალი ლიგის გუნდების მატჩებზე დასწრება მაშინ ხდება ხელმისაწვდომია, თუ ბილეთების მფლობელები არ, ან ვერ მიდიან თამაშზე.

9. Aquàrium Barcelona

თუ ბარსელონაში ვიზიტს ოჯახთან ერთად გეგმავთ, ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ჯადოსნურ ადგილს - Aquàrium Barcelona-ს მონახულებას გირჩევთ, რომელიც ზღვის სამყაროს მაცხოვრებლების საოცარ სამყაროში გამოგზაურებთ.

10.  სანაპიროზე გასეირნება

და ბოლოს, დამღლელი, დატვირთული დღის შემდეგ, არაფერი შეედრება სანაპიროზე ფეხით გასეირნებას. ერთადერთი ადგილი, სადაც არსად გეჩქარება, შეგიძლია არსებული მომენტით დატკბე და ბარსელონაში მიღებული ზღვა ემოციები სრულად შეიგრძნო.

ზევით