10 სასარგებლო ხრიკი „შავი პარასკევის“ ნაყოფიერი შოპინგისთვის

გაზიარება:

დღეს, 25 ნოემბერს, საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო დიდი ფასდაკლებების ე.წ. „შავი პარასკევის“ ციებ-ცხელებაშია ჩართული. ცდუნება ნამდვილად დიდია, მაგრამ დღეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი მინიმალური დანახარჯებით ნაყოფიერი შოპინგია? ჩვენს 10 ხრიკს შეგახსენებთ/გასწავლით, რომელიც ყველაზე მეტად გამოგადგებათ, მაშ ასე:

1. დაიწყეთ სამზადისი 1 დღით ადრე

სტრატეგიის წინასწარ შემუშავება ყოველთვის ჭკვიანური და მომგებიანი ხერხია. შეადგინეთ საშოპინგო გეგმა დღესვე და ზუსტად დაგეგმეთ, რომელ მაღაზიას რის შემდეგ მოინახულებთ.

2. შეადგინეთ ბიუჯეტი

რა თქმა უნდა, ბიუჯეტის განსაზღვრის გარეშე თქვენი ხვალინდელი შოპინგი ნამდვილ ქაოსად გადაიქცევა. მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ რის ყიდვას აპირებთ ან რა თანხა რისთვის გაქვთ გათვლილი. შეადგინეთ ბიუჯეტის მაქსიმალური ზღვარი, რათა თქვენი საყიდლები დიდ სინანულად არ გექცეთ.

3. იშოპინგეთ ონლაინ

ონლაინ შოპინგით დროს, ენერგიას და ფიზიკურ თუ მატერიალურ რესურსს ნამდვილად დაზოგავთ. უცხოურ საიტებზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ არნახული ფასდაკლებით შეიძინოთ სასურველი ნივთი, რაც შეეხება მაღაზიებს საქართველოში - რატომ უნდა დაკარგოთ დრო თუ იმ პროდუქტის შეძენას, რომელიც ასე ძალიან გსურთ, პირდაპირ ონლაინ შეუკვეთავთ?

4. გამოიყენეთ ვებ-გვერდები და აპლიკაციები

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური, რომელსაც ქართველი მომხმარებელი სამწუხაროდ უკუაგდებს, ვებ-საიტებისა და აპლიკაციების გამოყენებაა, რათა ზუსტად იცოდეთ რომელ ფილიალში შეიძენთ თქვენთვის სასურველ ნივთს ზომის, ფაქტურისა და ფერის მიხედვით და ამით დაზოგავთ დროს, რომელიც ერთი ფილიალიდან მეორეში მისასვლელად უნდა დაგეხარჯათ.

5. ლოიალურობის პროგრამა

მომხმარებლის ლოიალურობის პროგრამა გულისხმობს ამა თუ იმ ბრენდის ფასდაკლებების და ექსკლუზიური მოდელების შესახებ ინფორმაციის პირველად მიღებას. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებ-გვერდების შეთავაზებით და პირადი ინფორმაციის (მაგ. ელექტრონული ფოსტის) მითითებით უმალვე მიიღოთ შეტყობინება სიახლეების შესახებ.

6. გამოიყენეთ სოციალური მედია

შავ პარასკევს თქვენი სოციალური ქსელები, განსაკუთრებით კი Facebook და Instagram გვერდები რაც შეიძლება ხშირად უნდა შეამოწმოთ, რადგან ამა თუ იმ მაღაზიამ შესაძლოა მოულოდნელი ან ექსკლუზიური ფასდაკლება შემოგთავაზოთ, იყავით პირველი ვინც ამის შესახებ შეიტყობს.

7. გადახედეთ სავაჭრო ცენტრების შეთავაზებებს

თუ თქვენი მიმართულება დიდი სავაჭრო ცენტრებია, მაშინ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თითოეულმა მათგანმა შავი პარასკევის ფასდაკლებების გეგმა უკვე წარუდგინა მომხმარებელს სოციალური ქსელის მეშვეობით (კიდევ ერთი საბაბი, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოთ წინა პუნქტი). გადახედეთ რომელი მაღაზია რამდენ პროცენტიან ფასდაკლებას გთავაზობთ, რა განსაკუთრებული საჩუქრები ან შეთავაზებები აქვთ სავაჭრო ცენტრებს მომხმარებელებისთვის მომზადებული (გვერწმუნეთ, შეთავაზებები ნამდვილად აქვთ).

8. გამოიკვლიეთ ნივთის ღირებულების ისტორია

სამწუხაროდ, დიდი ფასდაკლებების დღესაც კი ესა თუ ის კომპანიები უარს აცხადებენ ფასდაკლებების განთავსებაზე და მომხმარებელს ნივთს ძველი ფასით წარუდგენენ ფასდაკლებულის იარლიყით. ამ თაღლითობის აღმოჩენა მარტივად შეგიძლიათ, ისევ და ისევ სოციალური ქსელების, ვებ-გვერდებისა თუ აპლიკაციების გამოყენებით. 

9. დაბრუნების პოლიტიკა

დიდი ფასდაკლებების დროს შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. თუ უარს განაცხადებთ მოსასინჯი ოთახის უზარმაზარ რიგში ჩადგომაზე და ნივთის თვალის ზომით შერჩევას გადაწყვეტთ, მის შეძენამდე აუცილებლად გაარკვიეთ რა პოლიტიკას ატარებს მაღაზია დაბრუნებულ ნივთებზე. არის შემთხვევები, როდესაც მაღაზია ფასდაკლებული ნივთების უკან მიღებაზე უარს აცხადებს. გარდა ამისა, ყოველ ონლაინ თუ ოფლაინ შენაძენს დაბრუნების თავისი ვადა გააჩნია.

10. ასჯერ გაზომეთ და მხოლოდ ერთხელ გაჭერით

და ბოლოს, ჩვენი რჩევების დასასრულს, გეტყვით, რომ არაფერი შეეფერება დღევანდელ დღეს ისე, როგორც ქართული ანდაზა; ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭრი. ყველას სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!

ზევით