#მოგზაურობა

11 მომაჯადოებელი პარიზული ლოკაცია Emily in Paris-ის კვალდაკვალ

გაზიარება:

2020 წლის 2 ოქტომბერს, Netflix-მა სამყაროს ახალი კომედიური-დრამა Emily in Paris წარუდგინა, სერიალი, რომელიც ამერიკელი გოგოს, ემილი კუპერის ახდენილი ოცნების და თავბრუდამხვევი პარიზული სამსახურის შესახებ გვიამბობდა. მსუბუქმა იუმორმა, ემილის თავგადასავლებმა, პარიზული კულტურის გაცნობამ და დიდი რაოდენობით მოდურობამ, სერიალს დამსახურებული აღიარება მოუტანა და ახლა მის გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ, როდის დადგება 22 დეკემბერი, რათა მეორე სეზონის ყველა სერია ერთი ამოსუნთქვით ნახონ.

ემილი კუპერის თავგადასავლებს პარიზის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილების, მომაჯადოებელი ინტერიერისა და ექსტერიერის კვალდაკვალ მივყავართ მაყურებელიც და პარიზის ესთეტიკასა და სულს გაგვაცნობს. წარმოგიდგენთ 11 რჩეულ ლოკაციას Emily in Paris-ის პირველი სეზონიდან, რომელმაც ნახვისთანავე დაიპყრო ჩვენი გულები.

L'Atelier des Lumières

გაბრიელთან და მის შეყვარებულთან კამილასთან ერთად გამოფენაზე მისული ემილი კუპერი Atelier des lumières-ის დიდებულებას აღმოაჩენს, მომხიბვლელ ციფრულ სამყაროს, რომელშიც ვინსენტ ვან გოგის ვირტუალურ გამოფენაში ბოლომდე იძირება.

Terra Nera

ალბათ, კარგად გემახსოვრებათ ემილის უხერხული მომენტი სერიალში, როდესაც ამერიკელი გოგონა ცდილობს პარიზული ჩვეულება შეცვალოს და შეფმზარეულს აიძულოს შეკვეთის სრულყოფა. თუმცა, შეფი ამ რესტორანში გაბრიელი აღმოჩნდება, მისი კერძი კი უკვე სრულყოფილად გამოიყურება. ამ რესტორნის სახელი Terra Nera გახლავთ და ის პარიზში ერთ-ერთი რჩეული იტალიური რესტორანია.

The gardens of the Palais-Royal

ემილის სამუშაო ოფისთან Palais-Royal-ის ბაღებია გადაჭიმული. ეს არის ადგილი, სადაც კუპერმა პირველი სოლო ლანჩი მიირთვა და ახალი მეგობარი გაიცნო საფრანგეთში - მინდი. ეს ერთ-ერთი "ინსტაგრამული" ადგილიცაა პარიზში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ემილი აქ დიდ დროს ატარებს.

The Café de Flore

Café de Flore პარიზის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კაფეა, რომლის შექმნისა და განვითარების შესახებაც ჩვენი მკითხველისთვის არა ერთხელ მიგვიწოდებია ინფორმაცია. ჟან-პოლ სარტრის, კოლეტისა და კარლ ლაგერფელდის მსგავსად, ემილი ამ კაფეში ფილოსოფიის პროფესორს ხვდება, რომელთანაც ამერიკელ გოგოს პირველი პარიზული სასიყვარულო ურთიერთობაც აკავშირებს. თუმცა, ერთი შეხედვით თავბრუდამხვევი რომანი ისე არ სრულდება, როგორც წარმოგვედგინა.

The Café de l'Homme

Savoir-ის მიერ ორგანიზებულ პირველ საღამოზე, რომელიც ემილის მარკეტინგულმა სააგენტომ მოაწყო, კუპერი თავს Café de l'Homme-ს ტერასაზე ამოყოფს, საიდანაც თვალისმომჭრელი ხედები იშლება და ალბათ ერთ-ერთი ის მშვენიერი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი სრულყოფილად მოჩანს.

The Grand Véfour 

მომავალ კლიენტებზე და უფროსზე შთაბეჭდილების მოსახდენად ემილი გაი მარტინის სახელგანთქმული რესტორნის, Grand Véfour-ის დაჯავშნას ცდილობს. კუპერის მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის და საბოლოოდ ემილი სტუმრებთან ერთად თავს გაბრიელის რესტორანში ამოყოფს.

Palais Garnier

ცნობილ პარიზელ დიზაინერთან უთანხმოების შემდეგ, ემილი ცდილობს იპოვოს მოდის სახელგანთქმული ფიგურა და სიტუაცია მანამ გაარკვიოს, სანამ Palais Garnier-ში გედების ტბა დაიწყება. დიდებულმა ლოკაციამ სერიალის შემქმნელებს საშუალება მისცა Funny Face-დან ოდრი ჰეპბერნის საკულტო ჩაცმულობა გაეცოცხლებინათ და ის ლილი კოლინსისთვის მოერგოთ - მსახიობისთვის, რომელსაც ოდრის ხშირად ადარებენ.

La Maison Rose

ახალ მეგობარ მინდისთან ერთად ემილი მონმარტის ქუჩებს მიუყვება, რომლის თითოეული ახალი წერტილი, წინაზე შთამბეჭდავი და გრანდიოზულია. სახელგანთქმული Maison Rose-ს სტუმრობის შემდეგ გოგოები ეიფელის კოშკის მიმდებარე კაფესკენ ინაცვლებენ.

Le Café de la Nouvelle Mairie

რა შეიძლება ითქვას ამ მშვენიერ კაფეზე იმის გარდა, რომ დილის ფინჯანი ყავისა და კრუასანისთვის ის უბრალოდ ზედგამოჭრილი ადგილია. სწორედ ამ მიზნით სტუმრობენ ემილი და მინდი Le Café de la Nouvelle Mairie-ს და კიდევ ერთ უხერხულ, თუმცა მხიარულ სიტუაციაში მოხვდებიან.

Ralph's

მშობლიური, ამერიკული აურის შესაგრძნობად ემილი კუპერი Ralph's-ის სახელგანთქმულ რესტორანს სტუმრობს, რომელიც გარდა ულამაზესი ინტერიერისა, უგემრიელესი კერძებითაც გამოირჩევა.

ზევით