2021 წლის საახალწლო კამპანიები ცნობილი მოდის სახლებისგან

ყველაზე ჯადოსნური სეზონის და საშობაო თუ საახალწლო სეზონის მოახლოებასთან ერთად სოციალურ ქსელებში ცნობილი მოდის სახლების ტრადიციული კამპანიები გამოჩნდა, რომლებიც ამჯერადაც შთამაგონებელი გზავნილებით, მაგიითა და დიდი რაოდენობით გლამურით არის აღსავსე.

Prada

ფუტურისტული აურა, შუა ზამთრის ღამის სიზმარი ლოს-ანჯელესში, დათოვლილი ქალაქის ქუჩები და მოდის სახლისთვის ხელწერად ქცეული ჰოლივუდის ვარსკვლავები:ჯულია გარნერი, შირა ჰაასი, ლუის პარტრიჯი და ტეილორ რასელი საახალწლო კამპანიაში.

Versace

მოდის სახლისთვის დამახასიათებელი ბაროკოს მკვეთრი პრინტები და საკულტო ჩანთები Versace-მ საახალწლო კამპანიაში წარმოგვიდგინა, თუმცა პოდიუმის ნაცვლად ჩვენება ყინულზე გაიმართა, სილუეტების წარდგენის პატივი კი პროფესიონალ მოციგურავეს რებეკა გილარდის ხვდა წილად.

Michael Kors

მოდის სახლმა საახალწლო კამპანია ოჯახის თემატიკის გარშემო გააერთიანა, Michael Kors-ის 2021 წლის კამპანიაში მონაწილეობას ბელა ჰადიდი და მისი ინფლუენსერი მეგობრები იღებენ, ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი სადღესასწაულო დღეების საყვარელ ადამიანებთან ერთად მხიარულად გატარებაში იმალება, გლამურისა და მდიდრული კაბების თანხლებით. 

Coach

მოდის სახლმა საახალწლო კამპანიაში ნოსტალგიის შემოტანა გადაწყვიტა და ჯენიფერი ლოპესის 2002 წლის All I Have მუსიკალური კლიპისა და მუსიკის თანხლებით, მთელი ორი ათწლეულით უკან და ისევ აწმყოში გვამოგზაურა, სადაც ჯეილო ისევ შესაშურ ფორმაშია და შოპინგის შემდეგ ბედნიერად მიუყვება დათოვლილ ქუჩებს.

Alexander McQueen

დედა ბუნება და მასში დამალული საგანძურები გახდა Alexander McQueen-ის საახალწლო კამპანიის შთაგონების წყარო და მოდის სახლმა ვიდეორგოლი ანიმაციურ სტილში, ტყის ბინადარი ცხოველების სამფლობელოებში წარმოგვიდგინა, რომელშიც ბუნების შვილები ნამდვილ განძს - მოდის სახლის მბზინავ ნივთებს ინახავენ.

Ralph Lauren

ერთი წლის შემდეგ ყველას მხოლოდ ერთი რამ გვსურს - ერთად ყოფნით განცდილი ბედნიერების, მხიარულებისა და კმაყოფილების შეგრძნება, ამ დღეებში მხოლოდ საყვარელ ადამიანებზე უნდა ვკონცენტრირდე, ახალი წლის მაგიის საიდუმლოს გასაღები მოდის სახლისთვის სწორედ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებში ინახება.

Tiffany & Co.

 Tiffany & Co.-ს 1961 წლის სუფრასთან მოქცევის წესები როგორც ჩანს თანამედროვე თაობისთვის, განსაკუთრებით კი თინეიჯერებისთვის არ გახლავთ შექმნილი, მიეცით საკუთარ თავს და გარშემომყოფებს გართობის საშუალება ისე, როგორც ახლაა მიღებული და ნუ გამოაკლდებით მხიარულებას.

ზევით