#მოდა

2023 წლის Met Gala-ს საუკეთესო ვინტაჟური ლუქები

გაზიარება:

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში, დიდხანს ნანატრი მოდის დღესასწაული გაიმართა, 2023 წლის Met Gala-ს თემატიკიდან გამომდინარე, ყველას ერთი სული გვქონდა გვენახა, რას შემოგვთავაზებდნენ ცნობილი ადამიანები კარლ ლაგერფელდის და მისი გენიალური შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის. რასაკვირველია, მოლოდინი დიდი იყო, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად ვიყავით კარლის არქივებში ჩაძირული, შევიქმენით წარმოდგენა რა შეიძლებოდა გვენახა გასული ღამის თეთრ ხალიჩაზე, თუმცა ვერ ვიტყვით რომ ჩვენი მოლოდინები ბოლომდე გამართლდა.

გასული ღამე მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო, ცნობილი ადამიანების სტილისტებმა ძალები არ დაიშურეს, რათა ვარსკვლავები თვალისმომჭრელები ყოფილიყვნენ 2023 წლის Met Gala-ს ხალიჩაზე, თუმცა ის რაც ალბათ ყველას ასე ძალიან დაგვაკლდა კარლ ლაგერფელდის ხელწერა, მისი დახვეწილება, ფერებისა და ფორმების იდეალური სინთეზი, მომაჯადოებელი სექსუალურობა და მარადიული გავლენა გახლდათ, დაგვაკლა Chanel-ის ვინტაჟური ჩაცმულობები, სუბიექტური ვიქნებით და ვიტყვით, რომ წელს, ყველაზე მეტად ფანტაზიისა და რისკის ნაკლებობა დავინახეთ. 

მიუხედავად ყველაფრისა, თეთრ ხალიჩაზე კარლ ლაგერფელდის შემოქმედებას აცოცხლებდნენ დუა ლიპა, მარგო რობი, ნაომი კემპბელი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნიკოლ კიდმანი და სხვები.

ღონისძიების თანაორგანიზატორი, დუა ლიპა, Met Gala-ზე ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა, დუამ Chanel-ის თეთრი კაბა მოირგო, 1992 წლის Haute Couture კოლექციიდან, რომელიც ათწლეულების წინ პოდიუმზე კლაუდია შიფერს ამშვენებდა. ნიკოლ კიდმანმა გადაწყვიტა 2004 წლის Chanel No.5-ის სარეკლამო ვიდეორგოლში, სპეციალურად მისთვის შექმნილი Chanel-ის კაბა გაეცოცხლებინა და აი თითქმის 20 წლის შემდეგ, მსახიობი Met Gala-ზე ულამაზესი ვარდისფერი სილუეტით ვიხილეთ.

კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრებისა და კარლის შემოქმედების არქივიდან მოირგო სილუეტი, ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი გახლდათ. ჟიზელმა, დიდებული თეთრი კაბა შეარჩია, რომლითაც 2007 წელს Harpers Bazaar-ის ფოტოსესიაში პოზირებდა.

კარლ ლაგერფელდის უფრო ადრეული, 80-იანი წლების ერის შთაგონებით შექმნილი კაბებით თავი პენელოპე კრუსმა, ვანესა კირბიმ, ოლივია უაილდმა და სხვებმა მოირგეს.

 

ზევით