როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
21-ე საუკუნეში ბევრი რამ იცვლება. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე, უმაღლესი კულტურის - ადამიანების არსებობების ისტორიაში, ეს ყველაზე თანამედროვე, თავისუფლებისკენ სწრაფვის, რევოლუციური და მულტიკულტურულ-მულტინაციონალური ეპოქაა. 21-ე საუკუნე ჩამოყალიბებულ სტანდარტებს თავდაყირა აყენებს. დღეს წარმატება აღარ უდრის ქალს ან კაცს, მაღალს ან დაბალს, გამხდარს და პირიქით, ან ყოველ შემთხვევაში, ამ მიმართულებით მზარდი სვლა შეინიშნება.
დარიუს ვერნონი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია და მას ვიტილიგო აქვს - დერმატოზი, რომელიც გამოწვეულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით
ჩვენი, დედამიწელების არსებობის ისტორიაში, სილამაზისა, თუ ჩაცმის სტანდარტები ყოველთვის ყალიბდებოდა. დარწმუნებულები ვართ, 1 მილიონ 770 წლის წინ, როდესაც ზეზვამ მზიას დაადგა თვალი (ან პირიქით), გარკვეული სილამაზისა და სტილის სტანდარტი მაშინაც არსებობდა - მაგალითად, მეტად გაბურძგნული და აფუებული თმა.
ალბათ, ქალისთვის ყველაზე აბსურდული სტანდარტების დაწესება მე-20 საუკუნეში ხდებოდა, განსაკუთრებით 90-იან წლებში, როდესაც Barbie Girl სათამაშოების მაღაზიებიდანვე გვინერგავდნენ.
ამ საუკუნის სასტიკი ტრენდი კი Instagram ვიზუალია - გოგოების დიდ ნაწილს (მეტწილად 25 წლამდე) რატომღაც სურს რომ ერთმანეთის ზუსტი ასლი იყოს, თითქოს ერთი ქარხანის მიერაა წარმოებული. ეს იმ სილამაზის სტანდარტების ბრალია, რომელსაც ბევრი მოდური ჟურნალი, თუ სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენლები დღემდე გვინერგავენ.
დღეს, მოდურია თავისუფლება, საკუთარი სტილი, რომელსაც თავად პოულობ და არა ის, რომელსაც ვინმე გახვევს თავს. სილამაზის სტანდარტები დღესაც არსებობს, მაგრამ მთავარი უკვე თავდაჯერებულობაა და არა გამოყვანილი ფეხის წვივი, თუ სქელი ტუჩები. მნიშვნელოვანია, ახალმა ტრენდმა კომერციალიზაცია მოახდინოს, მასებში გავიდეს და საყოველთაო პოპულარობა მოიპოვოს.
არმინე არუთინიანი, წარმოშობით სომეხი მოდელი, მონაწილეობდა Gucci-ს ჩვენებაში, და არასტანდარტული გარეგნობის გამო ინტერნეტ ბულინგის მსხვერპლიც გახდა
2021 წლის გაზაფხული-ზაფხული მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუციაა. ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Versace, Salvatore Ferragamo, Fendi საკუთარი კოლექციები + ზომის მოდელებით წარადგინეს. ისე, ვინ გადაწყვიტა, რომ S ზომა იდეალური სტანდარტის მაჩვენებელია და რატომ უნდა იყოს შეუძლებელი ტანსაცმლის მაღაზიებში XXL სამოსის ყიდვა, თუ ეს მაღაზია სპეციალურად +size არ არის?!
მარცხნივ: Versace Spring/Summer 2021, მარჯვნივ: Salvatore Ferragamo Spring/Summer 2021.
დემნა გვასალია! დიახ, ამ ადამიანზე საუბრით კაცობრიობა ჯერ არ იღლება. ეს ის დიზაინერია, რომელიც მოდისა და სილამაზის სამყაროს თავდაყირა აყენებს. მისი კოლექციების ჩვენებებზე ვერ იპოვით გავრცელებული „სტანდარტების“ მოდელს. Balenciaga-ს ჩვენებებში თუ კომერციულ გადაღებებში, მხოლოდ ისეთი მოდელები არიან ჩართული, რომლებიც ინდივიდუალურობით გამოირჩევიან. სწორედ ასეთია ანა გავა, რომელთანაც The Diary-ის გუნდმა ცოტა ხნის წინ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
Balenciaga Fall-Winter 2020-2021
სილამაზის სტანდარტი თვითდაჯერებულობასა და უნიკალურობაშია. არავინ გეუბნებათ, რომ „სტანდარტულად" ლამაზი გარეგნობის ქონა არამოდურია, არა! უბრალოდ სილამაზე ინდივიდუალიზმშია! თუ არ მოგწონთ ცხვირი, რომელიც თქვენი მშობლების dnm-მა გარგუნათ, დაიმოკლეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თავდაჯერებულობას შეგძენთ! თუ თქვენი წონა დისკომფორტს გიქმნით, დაიკელით, ან მოიმატეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ რომელიმე „დივა“ ბლოგერი ან სილამაზის კომპანია წონაში კლება/მატების პროდუქტს თავზე გახვევთ.
გახსოვდეს: შენ ხარ ლამაზი, შენ ხარ ჭკვიანი, შენ ხარ კეთილი და შენ ხარ მნიშვნელოვანი! რასაც ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა - ეს კანის ფერი, ფეხის სიგრძე, წელის გარშემოწერილობა და მითუმეტეს სქესია!