#კინო

5 ფილმი, რომელიც ამ უქმეებზე განსაკუთრებულ ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ

გაზიარება:

როგორც მსახიობი ელიზაბეტ ტეილორი ამბობდა „გემოვნების ფორმირება თანდათანობით ხდება“. კარგი გემოვნება - ეს არის შეძენილი უნარი, რომელიც საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს ამ საქმეში კი ხელოვნებას და მის განშტოებებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ალბათ დაგვეთანხმებით, თუ კი ვიტყვით, რომ არაფერი შეედრება იმ ფილმების ყურებას, რომლებიც თან ესთეტიკას, სიმეტრიის მაგიასა და სილამაზეს დაატარებე.

The Best Offer

გამოშვების წელი: 2012

რეჟისორი: ჯუზეპე ტორნატორე

მთავარ როლებში: ჯეფრი რაში, ჯიმ სტერჯესი და სილვია ჰაკსი

 რეჟისორი ჯუზეპე ტორნატორე ხელოვნების ისეთივე დიდი მოტრფიალეა, როგორც ფილმის მთავარი გმირი და აუქციონის სახლის მფლობელი - ოლდმანი. ჩახლართული სიუჟეტისა და მოულოდნელი დასასრულის გარდა The Best Offer არის ხელოვნების ნამდვილი ნიმუში, ფილმი სილამაზესა და სიმშვიდეზე, რომელსაც დახვეწილი კადრები და განსაკუთრებით მიმზიდველი ინტერიერი გამოარჩევს.

The Grand Budapest Hotel

გამოშვების წელი: 2014

რეჟისორი: უეს ანდერსონი

მთავარ როლებში: რეიფ ფაინსი, ტონი რევოლორი, სირშა რონანი და ედრიან ბროუდი

გენიალური უეს ანდერსონის ხელწერის ამოცნობა სულ რაღაც 3 კადრიდან შეიძლება, მისი ფილმები მაყურებელს თავისი ღრმა შინაარსით, შთამბეჭდავი ისტორიებით, ულამაზესი კადრებით, სივრცითა და ფერადოვნებით ამახსოვრდება. The Grand Budapest Hotel უეს ანდერსონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრაორდინალური ფილმია, რომელშიც მოქმედება ძველ, სტილიზებულ სასახლეში ვითარდება.

Nocturnal Animals

გამოშვების წელი: 2016

რეჟისორი: რომ ფორდი

მთავარ როლებში: ემი ადამსი, ჯეიკ ჯილენჰოლი და მაიკლ შენონი

ტომ ფორდისთვის არ არსებობს ისეთი ცნება როგორიც საზღვრებია, გარდა იმისა, რომ ამერიკელი დიზაინერი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა მოდის ინდუსტრიაში, ის ფილმოგრაფიაშიც საკმაოდ ხმამაღლა ამბობს ექსტრაორდინალურ სათქმელს, სათქმელს შიშის, ტკივილის, ვნებისა და შურისძიების შესახებ, ამ ყველაფერს კი უჩვეულო გზით აკეთებს და ყველაზე ორიგინალურ ფილმებსაც გვთავაზობს.

The Great Beauty

გამოშვების წელი: 2013

რეჟისორი: პაულო სორენტინო

მთავარ როლებში: ტონი სერვილო, საბრინა ფერილი და კარლო ბერდონი

იტალიურ ხელოვნებას მსოფლიოში ბადალი სულ ცოტა თუ მოეპოვება, ამ ქვეყანაში ხელოვნების თითოეული განზომილება - იქნება ეს მხატვრობა, მუსიკა, სკულპტურა თუ კინემატოგრაფია, საოცარი სიდიადით გამოირჩევა. რეჟისორ პაულო სორენტინოს ნამუშევრები ამის ნათელი მაგალითია, მისი ლეგენდარული ფილმი The Great Beauty კი თანამედროვე სატირისა და სილამაზის საოცარი ნაზავი.

Midsommar

გამოშვების წელი: 2019

რეჟისორი: არი ასტერი

მთავარ როლებში: ფლორენს პიუ, უილ პოულტერი და ჯეკ რეინორი

და ბოლოს, წარმოგიდგენთ საშინელებათა ჟანრის ფილმს, რეჟისორ არი ასტერის შემოქმედებიდან, რომელსაც ამ ჟანრისთვის განსხვავებული ესთეტიკა და მომნუსხველი კადრები გასდევს თან. Midsommar მაყურებლის გარშემო იმდენად მომაჯადოებელ ატმოსფეროს ქმნის, რომ მისგან თავის დაღწევა არა მხოლოდ ფილმის განმავლობაში, არამედ დასრულების შემდეგაც ძალიან რთულია.

ზევით