5 რჩევა პერსონალური მწვრთნელისგან, რომელიც ზაფხულში ვარჯიშის დროს უნდა გავითვალისწინოთ

გაზიარება:

მზიანი ამინდები, ბუნებაში გატარებული დრო ან სულაც დასვენების დღეები, ავტომატურად გვიბიძგებენ ფიზიკური აქტივობისკენ. ზაფხულში ვარჯიში განსაკუთრებულად სასიამოვნო პროცესია, თუმცა არსებობს მითითებები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენი რუტინა უფრო სასარგებლო გავხადოთ და ვისგან თუ არა საქმის პროფესიონალისგან უნდა მოვისმინოთ ისინი.

The Diary-ს მკითხველს ჩვენი საყვარელი პერსონალური მწვრთნელი ხათო გაბისონია იმ 5 მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს, რომლებიც ზაფხულში ვარჯიშის დროს უნდა გაითვალისწინონ.

1. წყლის ბალანსის დაცვა: არ აქვს მნიშვნელობა ვარჯიშობთ თუ არა, ჰიდრატაცია ნებისმიერ სეზონზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლავთ, რაც თქვენი სხეულისთვის უნდა გააკეთოთ. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზაფხულში გახშირებული ოფლიანობის გამო წყლის რაოდენობა საგრძნობლად უნდა გავზარდოთ და ამ გზით ეფექტურად დავიცვათ წყლის ბალანსი ორგანიზმში. 

2. შეამცირეთ კარდიო ვარჯიშები: ორგანიზმის გადატვირთვა ზაფხულში არ არის მიზანშეწონილი, სასურველია ამ სეზონზე გულის კუნთს ზედმეტი დატვირთვა ავაცილოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ მძიმე ვარჯიშების შესრულებას, მაშინ გირჩევთ, რომ ეს გრილ ამინდში ან სულაც სპორტდარბაზში გააკეთოთ.

3. სწორად შეარჩიეთ საათები ვარჯიშისთვის: გარეთ ვარჯიშის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული დრო და ადგილია, სასურველია, რომ თქვენი ვარჯიშის რუტინა დილის 7-დან 10 საათამდე შეასრულოთ ან ის საღამოს საათებისთვის გადადოთ. 

გარეთ ვარჯიშის პერიოდში დაიცავით თქვენი სხეული მზის მავნე ზემოქმედებისგან, გამოიყენეთ მზისგან დამცავი, სულ მცირე SPF 30 შემცველობით.

ხათო გაბისონია, ვარჯიში ზაფხულში, ფიტნესი,

4. მიირთვით წყლის შემცველი პროდუქტები: ზაფხულის სეზონზე უბრალოდ განებივრებულები ვართ იმ პროდუქტებით, რომლებიც დიდი რაოდენობითთ შეიცავენ წყალს და ზოგჯერ სითხის მიღების უსიამოვნო რუტინასაც კი გვარიდებენ თავიდან. დღის რაციონში ჩაამატეთ ისეთი წყლის შემცველი პროდუქტები, როგორებიცაა: ნესვი, საზამთრო, სალათის ფოთოლი, ჟოლო, კიტრი, პომიდორი თუ ატამი და დაიტენიანეთ ორგანიზმი მარტივად.

5. მოირგეთ ტანსაცმელი, რომელიც სუნთქავს: ბოლოს კი ზაფხულის სეზონზე ყველაზე გავრცელებულ მითს უნდა შევეხოთ, ბევრს მიაჩნია, რომ თბილი ტანსაცმლის მორგება ვარჯიშის პროცესში წონის ეფექტურ კლებას განაპირობებს, რაც სიმართლეს სულაც არ შეესაბამება. საქმე ის გახლავთ, რომ მაშინ, როდესაც ტანსაცმლის ხარჯზე თქვენი ორგანიზმი ოფლს გამოყოფს, თქვენ რეალურად წყალს გამოდევნით სხეულიდან, მისი აღდგენა კი მაშინვე მოხდება, როგორც კი წყალს ან წყლის შემცველ პროდუქტებს მიიღებთ. 

გირჩევთ, ვარჯიშის პროცესში რაც შეიძლება თხლად შეიმოსოთ და ჩაიცვათ ისეთი სავარჯიშო ტანსაცმელი, რომელიც კარგად სუნთქავს.

ზევით