#დეკორი

8 შთამაგონებელი ინტერიერის დიზაინი მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი სასტუმროებიდან

გაზიარება:

სად შეიძლება ვეძებოთ ინტერიერის დიზაინის ყველაზე შთამაგონებელი და სრულყოფილი იდეები, თუ არა მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი სასტუმროების ინტერიერის დიზაინის შემოქმედებთან? დღეს, ყველაზე კრეატიული გონების, ინდივიდუალური ხედვისა და უნიკალური გემოვნების დიზაინერების 8 შემოქმედებას გაგაცნობთ.

NoMad London

ლონდონში, სასტუმრო NoMad London სულ ახლახან გაიხსნა. სასტუმროსთვის მე-19 საუკუნეში ნაშენები შენობა შეირჩა, რომელმაც ინტერიერის დიზაინერებს საშუალება მისცა სასტუმროს ნომრებისთვის დიზაინი ამ კედლებში არსებულ ისტორიასთან ერთად შეექმნა. რობინ სტანდეფერმა და სტეფან ალეშმა NoMad London-თვის ახალი რომანტიზმი შექმნეს.

Beaverbrook Town House

კიდევ ერთი სასტუმრო ინგლისში სახელწოდებით Beaverbrook Town House, ინტერიერით, მისი ფერების შერწყმით და გრადაციებით სტუმრებში ერთგვარ ნოსტალგიას აღვიძებს. სასტუმროს ინტერიერის დიზაინი ნიკოლა ჰარდინგს ეკუთვნის, რომელიც დრამისა და გლამურის შერწყმით ჰარმონიულ დიზაინებს ქმნის.

Palazzo Avino

იტალიაში, ამალფის კუნძულზე მდებარე უმშვენიერეს სასტუმრო Palazzo Avino-ში პასტელური ესთეტიკა და უხვი ბუნებრივი განათება ერთმანეთს ერწყმის და შეუდარებელ დიზაინს ქმნის. თუ თქვენი საცხოვრებელი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მზის ბუნებრივი განათება ოთახის ინტერიერის ნაწილად აქციოთ, მაშინ აუცილებლად გირჩევთ, რომ ის ნაზ, პასტელურ ფერებს შეუხამოთ.

Bawah Reserve

ახლა კი დროა ინდონეზიაში გადავინაცვლოთ და ერთ-ერთი უმშვენიერესი ეკო-რეზორტის, Bawah Reserve-ის ინტერიერით დავტკბეთ. არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერისთვის, სიმ ბუნ იანგისთვის ამჯერადაც შთაგონების წყარო ბუნება გახდა. ბუნებრივი განათება ამ შემთხვევაშიც დიდ როლს თამაშობს, თუმცა ამჯერად უფრო მკვეთრ, გამომხატველ ფერებთან არის შეხამებული.

The Mark Hotel

ნიუ-იორკის ელეგანტური სასტუმროს მფლობელ ისააკ სენბაჰარს ორი მარტივი წესი აქვს, რომელიც ინტერიერის დიზაინის იდეების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ: "არ იმუშაოთ მხოლოდ ფორმაზე ან მხოლოდ ფუნქციაზე, იმუშავეთ ორივე მათგანზე ერთდროულად... და არასოდეს გამოიყენოთ ღრმა ნიჟარები".

Eden Rock

Eden Rock-ის მფლობელის თქმით, სასტუმროს დიზაინი იმ ერთიანი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდ ნიჭსა და გამოცდილებას მოაქვს. სასტუმროში ორ იდენტურ ნომერს ვერ იპოვით. თუ ფერადი ავეჯისა და დეკორატიული ნივთების სიყვარული თქვენი სისუსტეა, მაშინ გირჩევთ სასტუმროს ნომრები ყურადღებით დაათვალიეროთ.

One&Only Portonovi

One&Only Portonovi-ს სასტუმროს ინტერიერში მონტენეგროს ტრადიციული სტილისა და თანამედროვე დიზაინის შტრიხების ტანდემი იმდენად კომფორტულ გარემოს ქმნის, რომ მისი გამეორების სურვილი ნახვისთანავე გვიჩნდება.

Ocean House

"იპოვეთ თქვენს სივრცეში ისეთი ადგილი, რომელიც შთაგაგონებთ, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს - თქვენივე ნამუშევარი, ხალიჩა თუ ნათურა. გამოიყენეთ ის როგორც გზამკვლევი ტექსტილისა და ავეჯის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ამით თქვენს ხედვას გააცოცხლებთ" - ეს კი, Ocean House-ის ინტერიერის დიზაინერის, ბრიტანი ბორგესის სიტყვებია.

ზევით