#მოდა

ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI X MŌULE JEWELRY კოლაბორაცია

გაზიარება:

დეკონსტრუქციული მინიმალიზმისა და ესთეტიკური ხედვის გზების გადაკვეთით, ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI x MŌULE JEWELRY კოლაბორაცია წარმოიშვა. ორი ქართული ბრენდის უახლესმა თანამშრომლობამ, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, შოურუმში იყო წარდგენილი, უკვე ვიზუალური იდენტობაც შეიძინა.

როგორც Mōule Jewelry-ის თანადამფუძნებელი, ნიკო კეჟერაშვილი The Diary-სთან საუბრისას აღნიშნავს, „კოლაბორაციის იდეა, ორი ბრენდის ესთეტიკური ხედვის დამთხვევიდან დაიბადა. თანამშრომლობამდე, ალექსანდრემ ჩვენი გასული კოლექციის ნივთები გადაღებებში გამოიყენა“. Mōule-ის არაორდინალური დიზაინის სამკაულები, ალექსანდრე ახალკაციშვილის სახელობის ბრენდის კამპანიაში პირველად, სწორედ ერთი წლის წინ გამოჩნდა. მალევე კი ბრენდმა ოფიციალურ თანამშრომლობაზე დაიწყეს ფიქრი. ასე ჩაეყარა საფუძველი კოლაბორაციას, რომელიც ნახევარ წელიწადში უნიკალური ხედვით წარსდგა ჩვენ წინაშე.

„Mōule-ის დიზაინერებმა (ნიკო კეჟერაშვილი და ედრიენ მონკედიკმა) შევთავაზეთ ბრენდს ოთხი სხვადასხვა დიზაინ კონცეფცია, რომელიც, ვთვლიდით რომ ბრენდის ესთეტიკასაც კარგად ასახავდა. შერჩეული ვარიანტებიდან აირჩა ერთი, რომელიც ერთობლივად დავამუშავეთ. პროექტზე მუშაობის პერიოდი 6 თვე გაგრძელდა, სანამ ნივთებს საბოლოო სახე არ მივანიჭეთ“ - აღნიშნავს ნიკო.

ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI x MŌULE JEWELRY კოლაბორაციის ნამუშევრები, საერთაშორისო ბაიერებმა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში უკვე შეიძინეს. კოლექცია მომდევნო კვირიდან Aleksandre Akhalkatsishvili-სა და Mōule-ის ვებგვერდებზეც განთავსდება და პრე-ორდერის ფაზაში გაიყიდება. 

მყარი ლითონებისგან სკულპტურული სილუეტების მიღების ტრადიცია MŌULE JEWELRY-ში 2 წლის წინ გაცოცხლდა. ბრენდი ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს აწარმოებს, რომლებიც თამამ განცხადებებსა და მარადიულ კლასიკას შორის სინერგიას ქმნის.

რაც შეეხება ალექსანდრე ახალკაციშვილს, ნიჭიერი დიზაინერი ქართული მოდის ასპარეზზე 2015 წელს, Be Next Fashion Design Contest-ის გამარჯვებულის ამპლუაში გამოჩნდა. ამავე წლიდან, ალექსანდრე, სახელგანთქმული ქართული ბრენდის - MATÉRIEL-ის მთავარ დიზაინერად დაინიშნა.

პირველი ინდივიდუალური კოლექცია საკუთარი სახელობის ბრენდით, ახალკაციშვილმა, 2018/19 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე წარადგინა, რომელმაც დიზაინერს საოცარი წარმატება მოუტანა. კოლექციამ,  ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მყიდველებისა და გავლენიანი პრესის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო.

ბრენდის ფილოსოფიად დეკონსტრუქციული მინიმალიზმი მიიჩნევა. ალექსანდრე ახალკაციშვილი ცდილობს წარმოაჩინოს თანამედროვე ქალი, რომელსაც გამოწვევების არ ეშინია.

ზევით