#მოდა

ALEXANDER MCQUEEN - ერთდროულად კლასიკური, ფერადი და გოთიკური კოლექცია

გაზიარება:

ლი ალექსანდრე მაკქუინმა მოდური ჩვენება ნიუ-იორკში სულ 2-ჯერ გამართა, 1996 წელს Dante-თან ერთად, 1999 წელს კი Eye-თვის, ეს უკანასკნელი ჩვენება მოდის ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერა, კოკისპირული წვიმითა და დატბორილი პოდიუმით. სარა ბარტონი ორივე მოგზაურობის დროს თან ახლა მაკქუინს, ახლა კი 23-წლიანი პაუზის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ Alexander McQueen ნიუ-იორკში დაებრუნებინა.

„ამერიკა და ნიუ-იორკი ყოველთვის იყო მაკქუინის ნაწილი, ჩვენი შემოქმედებითი საზოგადოების ნაწილი და ამის პატივისცემა უბრალოდ მშვენიერია“ - განაცხადა სარა ბარტონმა კულისებში მედიასთან საუბრისას.

ჩვენების ცენტრი, მისი მამოძრავებელი ძალა ამჯერად არა წყალი, არამედ დედამიწა და რასაკვირველია სოკოები. მოდელებმა პოდიუმი ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე ტყეში გაიარეს, სარა ბარტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მისი შთაგონება სწორედ ბუნება და სოკოები გახდნენ, მცენარეები, რომლებიც ხეებს ერთმანეთთან აკავშირებენ და საკვებ ნივთიერებებს და მინერალებს, მცენარიდან მცენარეს გადასცემენ.

Alexander McQueen-ის კრეატიულმა ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა სოკოების ორბუნევნობაზეც და განმარტა, რომ გარდა უმნიშვნელოვანესი ფუნქციისა, ეს მცენარეები ტოქსიკურობითაც გამოირჩევიან, რაც მათი სრულიად უცხო მეორე მხარეა.

სარა ბარტონის Alexander McQueen ხელნაკეთი შედევრებისა და haute tailleur-ის იდეალური ნაზავია. გარდა იმისა, რომ დიზაინერი ალექსანდრე მაკქუინის მემკვიდრეობას საგულდაგულოდ უფრთხილდება და ლეგენდარული შემოქმედის კრეატივს და გოთიკური სტილის სიყვარულს ხაზს ყოველ ახალ კოლექციაში უსვამს, სარა ბარტონი მოდის სახლს საკუთარ სტილსაც ამატებს, სარას ქალი თანამედროვე, ძლიერი, ოდნავ მასკულინური და ფერადია, მას შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც თავად სურს და მთავარი ხიბლიც სწორედ ამაში მდგომარეობს.

ბარტონმა 2022 წლის შემოდგომის ჩვენება ნიუ-იორკში შავი, ასიმეტრიული კაბით გაიხსნა, რომელსაც ნეონის ყვითელი, მწვანე, წითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი ფერები ერწყმოდა. სარას კოლექციაში იყო დიდი დოზით მაკქუინის ხელწერა და 1999 წლის საარქივო კოლექციის განმეორება.

ზევით