#მოგზაურობა #nankakikalia

ამალფის ჯადოსნური სანაპირო

გაზიარება:

ავტორი: ნანკა კიკალია

 

იტალია დედამიწის პატარა სამოთხეა, სადაც უბრალოდ შეუძლებელია არ იყო ბედნიერი, არ იყო მშვენიერების შექმნის გუნებაზე, ამისთვის კი ხელს გიწყობს გასაოცარი ბუნება მშვენიერი სანაპიროებით, მთებით, ზეთისხილის ბაღებით, უგემრიელესი კერძებით, ღვინითა და სიყვარულით აღსავსე ხალხით.

აღფრთოვანების 40 კილომეტრი

ამალფის სანაპირო და ქალაქი პოზიტანო, ფერების ერთგვარი ცოცხალი ფესტივალია და ჩემი აღფრთოვანების 40 კილომეტრია. თუკი დედამიწაზე რაიმე სახის ფერი არსებობს, პოზიტანოს არქიტექტურაში აქტიურადაა ჩართული.

ამალფი

შეუძლებელია აღფრთოვანების დამალვა და არ გაზიარება, რასაც ეს ქალაქი იწვევს. თუ ფეხით სიარულის მოყვარული ხართ, ისევე როგორც მე, ეს ქალაქი თქვენთვისაა და არც კი გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ სპორტული დარბაზები აქ არ არსებობს – მთელი ქალაქი ფიტნესის ტოლია. ყოველი ქუჩა თუ კუნჭული ღირსია, რომ ფეხით შემოიაროთ, დაათვალიეროთ და დატკბეთ მისი ღირსშესანიშნაობებით.

განსაკუთრებულ ფერებს ქალაქს ადგილობრივი წარმოების კერამიკაც სძენს, რომელიც იდეალური სუვენირია პოზიტანოდან მოგონებების სახით საკუთარ თავს უსახსოვროთ. ამალფის სანაპირო ცნობილია კლდეებზე აღმართული არაჩვეულებრივი სოფლებით. ამ ადგილების დასათვალიერებლად კი აუცილებლად იქირავეთ რამდენიმე საათით კერძო იახტა, რომელიც მშვენიერი იტალიური სიმღერების ფონზე მიუყვება ულამაზეს სანაპირო ზოლს. ასევე არ დაგავიწყდეთ მოიმარაგოთ პროსეკო, რომელიც იტალიური წვეულებების განუყოფელი ნაწილიც კია.

STAY

პოზიტანოზე არჩევანი სასტუმრო Le sirenuse შევაჩერეთ. ულამაზესი სასტუმრო ულამაზესი ხედებით.

ხელისგულზე გაშლილი ქალაქი – ეს Le sirenuse-ია. აქვეა Franco's Bar-ი, გლამურული ლოკაცია, სადაც ქალაქის თუ მსოფლიოს ყველაზე მოდური ხალხი იყრის თავს საუკეთესო აპერიტივებისთვის.

LE SIRENUS

თუ რომანტიკული ადამიანი ხართ და მზის ჩასვლა იმაზე მეტია, ვიდრე მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავის ზღვაში ჩასვენება, მაშინ ეს ის ადგილია, რომელსაც პოზიტანოზე ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. 

PRAIANO

გრძელი კიბეები, კლდეზე გაჭრილი, ქალაქის თავზე გამოფენილი ტერასები და თეთრი ვილები, რომლებიც კასკადივით ეშვებიან ციცაბო ფერდობზე – ეს პრაიანოა. ამალფისა და პოზიტანოს მოსაზღვრე ქალაქი იდეალური ადგილია მშვიდი დასვენების მაძიებელთათვის. გამთენიისას მამლის ყივილი თუ შემოგესმათ, არ გაგიკვირდეთ, არც ის გაგიკვირდეთ, რომ მთელი დღე შეიძლება მხოლოდ ლიმონის ხის ფოთლების შრიალი გესმოდეთ და ხმა სადღაც შორიდან – როგორ ეხეთქებიან ტალღები ციცაბო კლდის ნაპირებს. ეს პატარა ქალაქი ცნობილია კერძო სანაპიროებითა და რომანტიკული მზის ჩასვლებით. რა შეიძლება იყოს იმაზე იდეალური, ვიდრე მთისა და ზღვის სინთეზი. ამალფის სანაპირო ცნობილი ადამიანების საყვარელი მიმართულებაა და არაერთ მათგანს საკუთარი ვილაც კი აქვს აქ, ერთ-ერთი კი იტალიური და მსოფლიო კინოს ქალღმერთი – სოფი ლორენია. პრაიანოში ჩვენს რჩეულ ადგილად კი სასტუმრო Casa Angelina იქცა. 

პრაიანო

STAY

Casa Angelina ნამდვილი აღმოჩენაა. დახვეწილი დიზაინი იტალიური გემოვნებით, მინიმალისტური სტილითა და თანამედროვე ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებით. Must visit-ად ამ სასტუმროში ლიფტით გასეირნებაც კი შეიძლება იქცეს, რომელიც კლდეში გადის და ზღვის ულამაზეს ხედებს გვთავაზობს.

მზე, ხმელთაშუა ზღვა და ლიმონის ხეები – ამაზე იდეალური ზაფხული ჩემთვის არ არსებობს. 

CASA  ANGELINA

იდეალური დღეა, რომელსაც აუზზე, ლიმონის ბაღსა და ფანტასტიკურ ხედებში გაატარებთ, სადაც დელიკატესებს არ დაიშურებს Casa Angelina-ს შეფმზარეული და ხმეთაშუა ზღვის სხვადასხვა კერძებით გაგანებივრებთ. 

RAVELLO

ამალფის სანაპირო ის ადგილია, სადაც ანტიკური ცივილიზაციის კულტურა იდეალურ სინთეზს ქმნის თანამედროვეობასთან. რაველო – ამალფის სანაპიროს დამალული საგანძური, არქიტექტურის ნამდვილი მარგალიტია, რომელსაც ეტრფიან  მთელ მსოფლიოში ხელოვანი ადამიანები.

ვაგნერი, მირო, ვირჯინია ვულფი, ტოტო, გრეტა გარბო – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომლებიც რაველოს მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ეს პატარა ქალაქი მე-6 საუკუნეში დაარსდა და ამალფის სანაპირო ზოლის ელიტარული საზოგადოების საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა უკვე 1000 წელია. ქალაქს განსაკუთრებული, ჯადოსნური ხიბლი აქვს და ცნობილია მწვანე ბაღებით, მუსიკალური ფესტივალებითა და შესანიშნავი ხედით ციდან ზღვაზე. რაველოს ხიბლი სწორედ განსაცვიფრებელი ხედებია.

STAY

belmond hotel caruso

Belmond Caruso-ს აღსაწერად.  უძველესი სასახლე ხმელთაშუა ზღვას თითქოს ციდან გადმოჰყურებს. დაკიდული აუზი, მწვანე ბაღები და ხედი მეზობელი ქალაქების ფერად და ვიწრო ქუჩებზე – ეს სასტუმრო „ბელმონდს“ განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. სასტუმრო ხელოვნების ერთგვარი ნიმუშიცაა – თანამედროვე სტანდარტით აღდგენილ მე-11 საუკუნის სასახლეს, შენარჩუნებული აქვს ფრესკული ჭერი და უძველესი კედლები. იგი ახლო წარსულში ისეთ ადამიანებსაც სტუმრობდა, როგორებიცაა ვირჯინია ვულფი, გრეტა გარბო და უინსტონ ჩერჩილი. 

თუმცა სასტუმრო Belmond Hotel Caruso-ში ჩემი ნამდვილი სიყვარული – infinity pool-ია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ბლოგერების must visit ადგილად დიდი ხანია იქცა. თუკი გეყოფათ გამბედაობა, აუცილებლად გაიარეთ აუზის კიდეზე – ეს არც ისეთი საშიშია, თუმცა წარწერები აუზთან სულ სხვა რამეს გვაფრთხილებს. თუ ბევრი სხვა ტურისტივით რაველოს ნაცვლად არჩევანს ქალაქ ამალფიზე შეაჩერებთ, რომელიც მეტად ხმაურიანი და ტურისტულია, Belmond Hotel Caruso თუნდაც იმად ღირს, რომ საღამოს მეგობრებთან ერთად ეწვიოთ, მიირთვათ უგემრიელესი აპერიტივები და დრო შესანიშნავად გაატაროთ.

ზევით