ანჯელინა ჯოლის მონოქრომული სტილი ფილმში By the Sea

2015 წელს დიდ ეკრანებზე, ქორწინებაში მყოფი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის პირველი და უკანასკნელი ფილმის, By the Sea-ს პრემიერა გაიმართა. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი გახლდათ, „მინდოდა ერთად სერიოზული რამ შეგვქმნა. ვფიქრობდი, რომ ეს კომუნიკაციის კარგი საშუალება იქნებოდა, რაღაც მხრივ იყო კიდეც, მან ბევრი რამ გვასწავლა. თუმცა ჩვენ შორის არსებობდა სიმძიმე, რომელსაც ეს ფილმი ვერ გაფანტავდა“ - იხსენებდა ანჯელინა 2017 წელს, The Hollywood reporter-თან საუბრისას.

ურთიერთობის შესანარჩუნებლად გადაღებული მელანქოლიური ფილმი ორმაგი კრახისთვის იყო განწირული: By the Sea-მ კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლების დაბალი შეფასებები დაიმსახურა, ის მიზანი კი რომლისთვისაც ანჯელინამ და ბრედმა ამ ფილმზე მუშაობა გადაწყვიტეს მიუღწეველი დარჩა. წყვილს შორის არსებული უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა, რამაც ოცნების წყვილი სკანდალურ განქორწინებამდე მიიყვანა.

By the Sea-ს მაინც აქვს ერთი დიდი პლუსი, რომლისთვისაც ის იმსახურებს რომ  მაყურებელმა დრო დაუთმოს, ეს ანჯელინა ჯოლის შეუდარებელი სტილია ფილმში, მონოქრომული, თუმცა მდიდრული კოსტიუმები, იდეალურად შეკოწიწებული ლუქები და მცირე დეტალები, რომლითაც კოსტიუმების დიზაინერმა ელენ მიროჟნიკმა ერთი საერთო სურათი შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ელენ მიროჟნიკისსა და ანჯელინა ჯოლის მიზანი იყო By the Sea-სთვის 70-იანი წლების ელფერი მიენიჭებინათ, პრაქტიკულად ყველაფერი, ყოველი კოსტიუმი (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) ფილმისთვის შეიქმნა. „ჩვენ ვინტაჟური სამოსი არ აგვირჩევია, ყველაფერი თავად შევქმენით, თუ პერსონაჟს ვინტაჟურ ბლუზას, ვინტაჟურ ქვედაბოლოს და ვინტაჟურ კოსტიუმს მოვარგებდით, ისეთი გრძნობა შეიქმნებოდა, თითქოს გაყვითლებული ჟურნალის გარეკანს უყურებ“ - აცხადებდა ელენი.

ანჯელინა ჯოლიმ ფილმისთვის, ჩაცმულობის შთაგონების წიგნი შექმნა, რომელიც სტილის სიმბოლოებზე იყო ორიენტირებული და არა პოდიუმზე. სცენარის ავტორი და იმავდროულად რეჟისორი ანჯელინა ცდილობდა შეექმნა განწყობა, რომელიც ჯეინ ბირკინის, სერჟ გეინსბურგის, შარლოტა რემპლინგისა თუ ელიზაბეტ ტეილორის უკვდავი სტილის შთაგონებით სრულყოფილად შექმნიდა 70-იანი წლების დიზაინს.

ანჯელინა ჯოლიმ ფილმში ფერების გამოყენების ტექნიკასაც მიმართა მთავარი პერსონაჟების პიროვნული ტრანსფორმაციის საჩვენებლად. ანჯელინას პერსონაჟის ჩაცმულობები ეკრანიზაციაში მიმდინარე დინამიკას აირეკლავდნენ, თუკი თავდაპირველად მთავარ გმირს შავი, თეთრი და უფრო პასტელური ფერებისგან შექმნილი სილუეტები ამშვენებდა, ფრანგი წყვილის გაცნობის შემდეგ მის გარდერობში აგურისფერი და მეტად გამომხატველი ფერები შემოიჭრა.

მკვეთრად შეიცვალა მთავარი გმირის სილუეტებიც, ისინი უფრო თავისუფალი გახდა, რადგან პერსონაჟი ნელ-ნელა უფრო კომფორტულად გრძნობდა საკუთარ სხეულში თავს.

ზევით