#დეკორი

ანტონი გაუდის „კასა მილა“ - ესპანური არტ-ნუვოს შედევრი

გაზიარება:

1905 წლის ივნისში, საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელმა წყვილმა, პერე მილამ და როზერ სეჯიმონმა, ბარსელონაში 1,835 კვადრატულ მეტრზე აშენებული სახლი შეიძინა და ახალი შენობის ასაშენებლად ანტონი გაუდი დაიქირავა. უზარმაზარი საცხოვრებლის ნაწილი მილას ოჯახს საცხოვრებლად უნდა გამოყენებინა, ხოლო დანარჩენი კი გაექირავებინა. 

შენობა დაყოფილი იყო ცხრა ნაწილად:  სარდაფი, პირველი სართული, ბელეტაჟი, ძირითადი საცხოვრებელი ფართი, ზედა ოთხი სართული და მანსარდა. პირველი სართული განკუთვნილი იყო ეტლების, ცხენების სადგომისთვის; ბელეტაჟი შესასვლელის ფუნქციას ითავსებდა, ძირითადი საცხოვრებელი ფართი მილების ოჯახს ეკავა, ხოლო ზედა სართულები გასაქირავებლად იყო ჩაფიქრებული. 

ჩანს, რომ შენობა გაუდის დიდი ხნის ნააზრევისა და უზარმაზარი შრომის თვალსაჩინო ნაყოფია. მართალია, მას გაუდისეული ზოგადი ხედვა ეტყობა, თუმცა ნაკლები საერთო აქვს იმ ისტორიულად ინტერპრეტირებულ შენობებთან, რომლებზეც არქიტექტორი მანამდე მუშაობდა. აივნებისა და გალერეების წყება სასიამოვნოდ ესადაგება ერთმანეთს, ამავდროულად აივნებისა და ფანჯრების კლასიკურ აღქმაშიც ჯდება.

არქიტექტორის ჩანაფიქრი აქ მხოლოდ შენობის განათება და ვენტილაცია არ ყოფილა - მას სურდა შეექმნა ცოცხალი ფასადი, საკუთარი რიტმულობით და მიაღწია კიდევაც საწადელს ქვის ზედაპირის ჩაღრმავებებით და ამოზნექილობით, სინათლით, რომელიც სხვადასხვა ღია ადგილებიდან შემოდის - ფანჯრებიდან, გალერეებიდან თუ აივნებიდან. 

მანსარდა გაუდის ორმაგი სხვენის ნაწილია. ეს სხვენი ნათელი მაგალითია როგორც ტექნიკური, ისე მექანიკური კუთხით მიღებული სწორი გადაწყვეტილებისა: მასში გათვალისწინებულია თბოიზოლაცია, სინათლე და ვენტილაციაც. 

არქიტექტორის თქმით, როგორც ადამიანებს უმშვენებს თავს ქუდი ან ქოლგა, შენობასაც შესაბამისი სახურავი უნდა ჰქონოდა. სახურავზე მოწყობილია ცნობილი ქანდაკებიანი ტერასა, რომელიც შენობის განსაკუთრებულ ხელწერადაც იქცა. აქვეა განთავსებული სახლის ფანჯრები, სათადარიგო გასასვლელები, ვენტილაცია, საკვამურები, რომლებიც ფუნქციებისდა მიუხედავად, ერთ მთლიან, ჰარმონიულ, სკულპტურულ შენობას ქმნიან. 

 „ლა პედრერას“ ტალღოვანი და უსწორმასწორო ქვის ფასადი გამოქვაბულში ამოჭრილ სარკმლებს ჰგავს, რომლებიც უზარმაზარ ლოდზე ამოუკვეთავთ. თუმცა, შიგნით მოხვედრილი ვიზიტორი უეცრად გამწვანებულ შესასვლელში მოხვდება.  

„ლა პადრერაში“ ვიზიტისას, აღმოაჩენთ საექსპოზიციოდ გამოტანილ ოთახებს: ჰოლს, მისაღებს, სასადილო ოთახს, საძინებელს, კაბინეტს, ბავშვის ოთახს, აბაზანებს, სამზარეულოს, საკუჭნაოს და მსახურებისთვის განკუთვნილ ოთახებს, რომლებსაც ასი წლის შემდეგაც პირვანდელი იერი აქვთ შეანრჩუნებული. სხვენში მოსამსახურეები ცხოვრობდნენ. აქვე იყო განლაგებული მათი სამუშაო ადგილები, სამრეცხაო,  საკუჭნაო და აბაზანა. საკმაოდ ღია სამზარეულოში მსახურები სადილობდნენ და ოჯახისთვის კერძებს ამზადებდნენ. მისაღებ ოთახში ინტერიერი და ავეჯი გაუდის დიზაინით იყო შექმნილი. 

გაუდიმ დაახლოებით 6 წელი მოანდომა შენობის დასრულებას. წყვილმა ძირითადი საცხოვრებელი ფართი თავისთვის დაიტოვა, ხოლო დანარჩენი კი გააქირავა (ჯამში კიდევ 20 ბინა გამოვიდა).

შენობის დიზაინს ბევრი აღფრთოვანებით არ შეხვედრია. კარიკატურისტები გაუდის ნამუშევარს აშარჟებდნენ; მეტიც, ის დამკვეთებთანაც გაუგებრობაში აღმოჩნდა. ქალაქის მმართველობამ სახლის მეპატრონეები დააჯარიმა, რადგან გაუდის მიერ აშენებულმა შენობამ ნებართვით გაცემულ პარამეტრებს გადააჭარბა. 

ქალბატონმა სეჯიმონმა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ სახლი უძრავი ქონების კომპანიას მიჰყიდა. სახლმა კიდევ ერთი არქიტექტორის ხელში გაიარა, რომელმაც ზედა სართული გადააკეთა და სამრეცხაო ოთახების ხარჯზე გასაქირავებელი ფართები გაზარდა. 

ზევით