#მოდა

Atelier Versace: შოუ, რომელიც ჯანი ვერსაჩეს კრეატიულობის ეპიტაფიად იქცა

გაზიარება:

ჯანი ვერსაჩეს 1997 წლის შემოდგომა/ზამთრის Atelier Versace შოუს მსოფლიო ორი აშკარა მიზეზის გამო იცნობს. დავიწყოთ იმით, რომ ეს მოდის სახლის დამფუძნებლის უკანასკნელი კოლექცია გახლდათ, რომელიც ჯანიმ 1997 წლის 6 ივლისს პარიზში წარადგინა, 9 დღის შემდეგ ვესაჩე, ამერიკელმა მკვლელმა, ენდრიუ კუნაანმა მაიამის სასახლის, Casa Casuarina-ს კიბეებზე მოკლა. მეორე მხრივ კი ეს იყო შთამბეჭდავი კოლექცია, ერთ-ერთი უნიკალური ჯანი ვერსაჩეს შემოქმედებაში, რომელიც თავის მხრივ ეხმიანებოდა როგორც მიმდინარე მოდის ესთეტიკებს (დიზაინერმა კოლექცია მხრის ბალიშების გარშემო ააგო, რომელსაც ბოლო წლებში, თანამედროვე მოდაშიც დიდი დაბრუნება ჰქონდათ), აგრეთვე ასახავდა კულტურას მოდის პრიზმიდან.

1989 წლიდან მოყოლებული, ჯანი ვერსაჩე Atelier Versace ჩვენებებს, პარიზში, მაღალი მოდის კვირეულის ჟამს აწყობდა, რომაული ალტა მოდის ნაცვლად. პარიზში, ჯანის ხელწერა მეტად ინტიმური გახდა, რაც მაღალი მოდისა და მისი კლიენტების სურვილების გამოძახილითაც აიხსნება. Paris haute couture week-ში ფეხის შედგმიდან და სადებიუტო კოლექციის ჩვენებიდან, ვერსაჩე და მისი მოდის სახლი პარიზული მაღალი მოდის კვირეულის რჩეულ მონაწილეებად იქცნენ. 

კოლექციაში შავი ფერი დომინირებდა, 83 ლუქიდან, 53 სწორედ შავი ფერის დომინირებით, ან სრულად შავი სილუეტით იყო შექმნილი, რასაც ხშირად ჯანის ავისმომასწავებელ წინასწაერმეტყველებას უწოდებენ. დიზაინერმა კოლექციის შესაქმნელად შთაგონებას, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, ბიზანტიის დიდების გამოფენაში მიაგნო; სწორედ ამიტომ, ვერსაჩეს უკანასკნელ კოლექციაში რელიგიური თემატიკა და ჯვრები დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი, მოდელების ვარცნილობა კი რენესანსის ეპოქის გამოძახილი გახლდათ.

"ჩემო საყვარელი კოლექცია ჯანის შემოქმედებიდან, არის მისი უკანასკნელი ჩვენება ჯვრებით, ბიზანტიური... ვფიქრობ, ის ძალიან ახლოსაა იმასთან, რასაც თანამედროვე დიზაინერები დღეს ქმნიან" - განაცხადა დონატელა ვერსაჩემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მართალია, ჯონ გალიანოსა და ალექსანდ მაკქუინის დიდი გავლენით, თუმცა ჯანი ვერსაჩეს უკანასკნელი კოლექცია, მისთვის და მისი მოდის სახლისთვის ახალი მიმართულების მაჩვენებელი იყო. ჩვენების შემდეგ კრიტიკოსები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ჯანიმ საკუთარი თავი გამოიწვია და ამ დიდ ბრძოლაში გამარჯვებულიც დარჩა.

როგორც ვერსაჩეს ყველა ჩვენებაში, 1997 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში, მონაწილეობას 90-იანი წლების სუპერმოდელები: ნაომი კემპბელი, შალომ ჰარლოუ, ამბერ ვალეტა და სტელა ტენანტი იღებდნენ, მათ შორის იყვნენ უფრო ახალი თაობის წარმომადგენლებიც: ერინ ო'კონორი და ესტერ კანადასი.

ზევით