#მოდა

Balenciaga-ს რიგით 51-ე Couture კოლექცია პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე

გაზიარება:

ზუსტად 1 წლის წინ, 2021 წლის 7 ივლისს, დემნა გვასალიამ Balenciaga-ს ტრადიცია 53 წლის შემდეგ აღადგინა და მსოფლიოს თავისი პირველი Haute Couture კოლექცია წარუდგინა. სულ რამდენიმე წუთის წინ კი მოდის სახლის კრეატიულმა ხელმძღვანელმა, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე შემოდგომა/ზამთრის Couture კოლექცია გაგვაცნო.

მოლოდინები გამართლა, Balenciaga-ს პოდიუმი ნამდვილად დაიკავეს ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც კიმ კარდაშიანი, დუა ლიპა და ნიკოლ კიდმანი არიან. თუმცა, მანამ სანამ დეფილეზე მოდელების სახეების გარკვევას შევძლებდით, დემნამ მათი ვინაობა შავი ნიღბით დაფარა.

Balenciaga-ს რიგით 51-ე Couture კოლექცია შავი ფერით გაიხსნა, თეთრით კი დაიხურა. ტანზე მომდგარი შავი კაბები მბზინავმა სილუეტებმა ჩაანაცვლეს, რამდენიმე დახვეწილი, კლასიკური ერთეულის ნახვის შემდეგ, პოდიუმზე დემნასეული ხელწერაც გამოჩნდა, დენიმის სიუხვემ და არაორდინალურმა ნამუშევრებმა შეგვახსენეს, რომ საქმე ქართველ გენიოსთან გვქონდა. 

მცირე ლირიკული გადახვევის შემდეგ Balenciaga Haute Couture კოლექცია მაღალი მოდის დაუწერელ სტანდარტებს დაუბრუნდა, თუმცა გარკვეული პომპეზურობითა და ბზინვარებით, კიმ კარდაშიანმა დეფილეზე ლატექსის შავი კაბა მოირგო, დუა ლიპას ყვითელი მოკლე კაბის წარდგენა ხვდა წილად, ნიკოლ კიდმანმა ვერცხლისფერი სილუეტი წარმოგვიდგინა, ბელა ჰადიდმა და ნაომი კემპბელმა კი არაორდინალური ფორმის კაბები მოირგეს.

დემნა გვასალიას კოლექციას წინა რიგებიდან თვალს ანა ვინტური, ტრეის ელის როსი, კრის ჯენერი ნორთთან ერთად, კრის ურბანი და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ზევით