#მოდა

Balenciaga SS24: დემნა გვასალიას ყველაზე პირადული ჩვენება მოდის სახლისთვის

გაზიარება:

1-ელი ოქტომბრის დადგომას, Balenciaga SS24-ის დაანონსების დღიდან მოუთმენლად ველოდით. რამდენად ბუნებრივადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის სახლის სათავეში ქართველი კრეატიული ხელმძღვანელის ყოფნა, დემნა გვასალიას ჩვენებები ჩვენში ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს. მაშ ასე, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის დემნამ სტუმრებს თავი პარიზულ სავაჭრო ცენტრში მოუყარა. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ხავერდით მორთული დარბაზი (სკამებისა და პოდიუმის ჩათვლით), იმდენად პროვოკაციული არ ყოფილა, როგორც გვასალიას წარსული შოუები, დიზაინერმა დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება მაინც (as usual) მოახერხა. 

დემნა გვასალიას თქმით, Balenciaga SS24 ყველაზე პირადული შოუა, რომელიც მას ოდესმე წარმოუდგენია. Balenciaga-ს პოდიუმი გუშინ იმ ადამიანებმა დაიკავეს, რომლებმაც გვასალიას შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს: ოჯახით დაწყებული, Balenciaga-ს გუნდის წევრებით, კრიტიკოსებითა და მოდის ხატებით დამთავრებული.

გასული დღის ჩვენება, დემნა გვასალიას დედამ გახსნა, რომელსაც უკან ლეგენდარული დაიან პერნე, მოდელი და შემსრულებელი - ამანდა ლეპორი, პუბლიცისტი - რობინ მეისონი, დემნას მუზა - რენატა ლიტვინოვა, მოდის ჟურნალისტი - კეტი ჰორინი და Balenciaga-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი - რობინ მიზონი მოჰყვნენ. დემნამ, პირადულ ჩვენებას კიდევ ერთი დეტალი შემატა და Balenciaga SS24 შოუში, ორი ქართველი მოდელი, გიორგი დემეტრაშვილი და ლუკა ტაბატაძე გამოიყვანა. ოჯახის წევრების, მეგობრების და თანამშრომლებისა გარემოცვაში, ჩვენების ლოგიკური დასასრული, მოდის სახლის მიმართ მკაფიოდ გამოთქმული პატივისცემა იქნებოდა. დიდი ფინალისთვის დემნამ Balenciaga-ს არქივებში შეიხედა და 2000 წლამდე შექმნილი, 7 საქორწილო კაბისგან დამზადებული OTT მეუღლეს, ლოიკს მოარგო.

„მე მჭირდებოდა მათი დაბრუნება. ალბათ, ეს იყო ყველაზე პირადი და ჩემთვის საყვარელი კოლექცია. ის მთლიანად ჩემზე იყო და ჩემს ამბავს ეხებოდა. მე ძალიან მჭირდებოდა ამის გაკეთება, რადგან, როგორც იცით, საშინელი წელი მქონდა” - აღნიშნა ქართველმა დიზაინერმა.

ბუნებრივია დემნას მხედველობაში, გასული წლის საშობაო კამპანიის სკანდალი ჰქონდა, რომელმაც როგორც პირადად დიზაინერის რეპუტაციას, აგრეთვე Balenciaga-ს სახლის იმიჯს, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. 

Balenciaga SS24-ის ჩვენებაზე დემნას დედის გამოჩენას სოციალურ ქსელში გურამ გვასალიაც გამოეხმაურა: „ვამაყობ, Balenciaga-ს შოუ დედაჩემმა რომ გახსნა. სამწუხაროა, რომ მე არ ვიყავი მიწვეული, რათა ეს მომენტი საკუთარი თვალით მენახა. ვლოცულობ ჩემი ძმის სულისთვის. ღმერთმა დალოცოს ის“ - დაწერა მან. 

როგორც ჩანს, ძმებ გვასალიებს შორის დაძაბულობა იზრდება. ივლისის თვეში, The New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში გურამმა განაცხადა, რომ დემნას კარიერა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის, თავად კი მოდის მომავალია.  

Balenciaga SS24-ის წინა რიგებში ადგილები პარის ჰილტონმა, კრის ჯენერმა, იზაბელ იუპერმა, ემილი რატაკოვსკიმ და სხვა ვარსკვლავებმა დაიკავეს. როგორც ვიდეოებიდან ნახავდით, ჩვენებაზე ქართველი მომღერალი - ლელა წურწუმიაც იმყოფებოდა, რომელიც დემნას პირადად შეხვდა და მისგან მოისმინა, რომ საქართველოს მონატრების ნოსტალგიურ წუთებში, დიზაინერი ხშირად უსმენს ლელას სიმღერებს.

„ჩვენება არ ეხება მოწონებებს, სოციალურ მედიას ან სტატიის ხმაურიან სათაურებს. ამაზე სულაც არ ვფიქრობ. ეს არ არის არც მარკეტინგზე, არც ბიზნეს სტრატეგიებზე ორიენტირებული ჩვენება. ის კრეატიულობაზეა და ხელსაქმეზე, რომელსაც ვაკეთებ და რომელსაც ყოველთვის გავაკეთებ. რა რის ცხოვრება ამის გარეშე? მხოლოდ ტყუილი. არ მწამს იდეალურად გაპრიალებული კრემისფერი სამყაროსი და არც მინდა რომ ოდესმე დავიჯერო“ - დემნა გვასალია.

ზევით