#მოდა

BALENCIAGA-მ 2022 წელი დიდებულად დაიწყო

გაზიარება:

53 წლის შემდეგ აღდგენილი Haute couture, ეპიკური ვიდეოთამაშ Fortnite-თვის შექმნილი კოლექცია, კოლაბორაცია Gucci-თან, ანიმაციური ფილმი Simpsons-გან, მოდური ჩვენების პოდიუმად ქცეული წითელი ხალიჩა და პომპეზური გამოჩენა Met Gala-ზე, მოდით ვაღიაროთ, რომ 2021 წელი უდავოდ დემნა გვასალიას და Balenciaga-ს წლად იქცა. ქართველმა დიზაინერმა მოახერხა ის, რაზეც სხვები მხოლოდ საუბრობდნენ და პანდემია ჯერ განადგურების, შემდეგ კი კრეატიული აღზევების, თავბრუდამხვევი წარმატების შთაგონებად აქცია.

გასულ წელს, დემნა გვასალიამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ მოდის სამყაროში ის ყველაზე ეფექტურად ახორციელებს ტექნოლოგიასა და ნოსტალგიას, ელიტურობასა და ხელმისაწვდომობას შორის ბალანსის დაცვას. ფრანსუა არნი პინოს თქმით, Kering luxury group-ის სიაში Balenciaga, Gucci-სა და Yves Saint Laurent-ის შემდეგ მესამე უმსხვილესი ბრენდია და ალბათ რიტორიკული შეკითხვის დასმაც არ არის საჭირო იმის სათქმელად, რომ ამ პოპულარობას ფრანგული მოდის სახლი დემნა გვასალიას უნდა უმადლოეს.

2022 წლიდან ჯერ მხოლოდ 2 კვირა და ქართველმა დიზაინერმა უკვე მოახერხა სამყარო ახალი წამოწყებით აელაპარაკებინა. დემნა გვასალია და მისი მეგობარი, ამერიკელი რეპერი ქანიე უესტი დიდი კოლაბორაციისთვის ემზადებიან და GAP-თვის საერთო კოლექციის Yeezy Gap Engineered by Balenciaga-ს შექმნას გეგმავენ. ამის პარალელურად კი დემნა ბრენდის Cities Series-დან ლუქბუქს გვაცნობს და მსოფლიოს უდიდესი ქალაქებისთვის მიძღვნილ სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს წარმოგვიდგენს.

Balenciaga-ს პირველი კოლექცია დუბაის მიეძღვნა და სპეციალურად ქალაქისთვის ბრენდის ახალი სპორტული ფეხსაცმელი Phantom შეიქმნა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სპორტული ფეხსაცმელების სამყაროში Balenciaga-მ საკუთარი იდენტობის შექმნა დიდი სპორტული ბრენდების გარეშე მოახერხა, თანაც ისე, რომ ფრანგული მოდის სახლის ფეხსაცმელები ეკუვნის როგორც მაღალი მოდის, აგრეთვე ქუჩის, ყოველდღიურ სტილს.

ახალი კოლექციის ნიმუშები წარმოდგენილია ექსკლუზიურად Balenciaga-ს მაღაზიებში, დუბაისა და ქუვეითში, რაც შეეხება Phantom სნიქერებს, მისი შეძენა მსურველებს მსოფლიოს გარშემო შეუძლიათ. 

მაშ ასე, დემნამ ცეცხლი აანთო და თამაშიც დაიწყო!

ზევით