#მოდა

Balmain SS24: რეტრო ესთეტიკა და ვარდებით მოფენილი ჩვენება ოლივერ რუსტინგისგან

გაზიარება:

პარიზის მოდის კვირეული ცხელ ფაზაში გადავიდა, ჩვენებების ყოველი დღე და თითოეული ახალი შოუ ერთი-მეორეზე დიდებული და სანახაობრივია. გასულ ღამეს, Balmain-სთვის, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხული კოლექცია ოლივერ რუსტინგმა წარადგინა, ახალგაზრდა დიზაინერის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი გამოხმაურება დაიმსახურა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალი კოლექციიდან 50 ნივთი მოიპარეს.

როგორც ოლივერმა ჩვენების შემდეგ გაამხილა, 10 სექტემბერს, აეროპორტიდან SS24 კოლექციის გადატანის პროცესში სამოსის დიდი ნაწილი მოიპარეს. მოდის სახლის მკერავებსა და მის კრეატიულ ხელმძღვანელს სულ რაღაც 2 კვირაში, კოლექციის 70%-ის აღდგენა მოუწიათ. საბოლოოდ, Balmain მოდის კვირეულზე 54 ლუქით წარსდგა, რაც სრულად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მნახველის აღფრთოვანება გამოეწვია.

ახალი კოლექიის მზადების პროცესში, ოლივერ რუსტინგმა დიზაინერული კალეიდოსკოპი მოდის სახლის არქივებისკენ მიმართა. 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის შემოქმედება, ფრანგი კუტურიერების ომისშემდგომი ოქროს ხანის პერიოდს მიეძღვნა, განსაკუთრებული შთაგონება ოლივერმა, პიერ ბალმანის 1950/50-იან წლებში შექმნილ სილუეტებში იპოვა. 

ფერად სილუეტებში ჩაქსოვილი ვარდები, პიერ ბალმანის საყვარელი ყვავილი, მოდის სახლის სულისჩამდგმელისთვის მიძღვნილი დეტალი გახლდათ, ისევე როგორც ბალმანის ხელწერად ქცეული polka dot პრინტების სიუხვე Balmain SS24-ში.

„მინდა ხალხმა ეიფელის კოშკის შუქივით დამიმახსოვროს. არ მგონია, რომ მხოლოდ მაქსიმალისტი დიზაინერი ვარ”, - აღნიშნა ოლივერმა პრესასთან საუბრისას. „ადამიანებს უყვართ სხვების ყუთში მოთავსება და მათი ერთი დინებისკენ მიმართვა. მე კი ვფიქრობ, რომ ამაზე მაღლა ვდგავარ. მსურს, ვიყო უბრალოდ მე. ეს კოლექცია ბედნიერებას ეხება. მინდა, ბედნიერებაზე და სიხარულზე ვისაუბრო და ვიცი, რომ მოდის სამყაროში ბედნიერება არასწორი სიტყვაა. ამ შემთხვევაში შენ „ზედაპირულად” მიგიჩნევენ. მაგრამ, რა არის ცუდი იმაში იყო ბედნიერი და გინდოდეს სიხარული გააზიარო?”

 

ზევით