ქეით ბლანშეტის დაუვიწყარი ჩაცმულობები ვუდი ალენის Blue Jasmine-ში

2013 წელს, დიდ ეკრანებზე გენიალური ამერიკელი რეჟისორის, ვუდი ალენის ახალი დრამა - სახელწოდებით Blue Jasmine გამოჩნდა. ფილმი ჟასმინის (ქეით ბლანშეტის) ისტორიას გვიამბობდა; ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ დაინგრა მთავარი გმირის პირადი ცხოვრება რამდენიმე დღეში და კოლაფსის შემდეგ, როგორ შეუდგა ჟასმინი ნანგრევებიდან საკუთარი თავის ამოყვანას.

ვუდი ალენის ეკრანიზაცია არაერთი მიზეზის გამო ითვლება რეჟისორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. თუმცა, ფილმს რეჟისორისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას და მოდურ მომენტებსაც ვერ დავუკარგავთ. როგორც ცნობილია Blue Jasmine-ის მთავარი გმირის ჩაცმულობაზე ქეით ბლანშეტმა და კოსტიუმების დიზაინერმა, სიუზი ბეზინგერმა ერთად იზრუნეს.

გლამურული საღამოს კაბები, დახვეწილი დიზაინები, ელეგანტური პიჯაკები და ძვირადღირებული აქსესუარები ჟასმინის ყოველდღიურობას წარმოადგენს. მას შემდეგაც კი, რაც მისი ცხოვრება თავდაყირა დგება და მთავარი გმირი საკუთარი თავის ძიებას ხელახლა იწყებს, ჟასმინის სტილი ნაწილობრივ იცვლება, თუმცა ელეგანტურობა რჩება.

„ქეითს სურდა დასამახსოვრებელი მატერიის გამოყენება. სწორედ ამიტომ, არჩევანი Chanel-ის პიჯაკზე შევაჩერეთ. თუმცა, მისი კაბა აღარ გამოვიყენეთ, რადგან გვსურდა გვეჩვენებინა, რომ ჟასმინი სან-ფრანცისკოში ახალი დასასრულის საძებნელად გაემგზავრა“ - აცხადებს კოსტიუმების დიზაინერი, სიუზი.

„Missoni-ს მოსაცმელი Target-დან არის. ვიფიქრეთ, რომ სასოწარკვეთილების მომენტში ჟასმინი შესაძლოა სწორედ იქ წასულიყო და ეს მოსაცმელი შეეძინა. კაბა 4 ან 5 წლის Fendi-ა: მარტივი და ელეგანტური სამოსი, რომელიც რაღაც დოზით ჟასმინის დეპრესიულ მდგომარეობას ასახავს, ბოლო დეტალი კი Hermès-ის ჩანთაა“ - სიუზი ბეზინგერი.

„ეს Valentino-ს კოქტეილის კაბაა, რომელიც სან-ფრანცისკოში შევიძინე. ჟასმინის აქსესუარები თავიდან ბოლომდე Fred Leighton-ის ქმნილებაა. მე და ქეითმა პირველ ყოვლისა ეს გავაკეთეთ: რამდენიმე საათი გავატარეთ Fred Leighton-ის სამკაულების მაღაზიაში, ვარჩევდით აქსესუარებს და მაღაზიაში მყოფ ქალებსა და მამაკაცებს ვათვალიერებდით“ - იხსენებს სიუზი ბეზინგერი.

„ამ სცენისთვის მსურდა ჟასმინი დაუცველი გამოჩენილიყო და ვიფიქრე, რომ ცალმხრიან კაბას და შეუიარაღებლად დარჩენილ სხეულს ამის გადმოცემა ნამდვილად შეეძლო. ამისათვის Carolina Herrera-ს ეს საუცხოო წითელი კაბა შევარჩიე. მეგონა, რომ ვუდი მას სრული კადრით გადაიღებდა. თუმცა, ის ასე არ მოიქცა. ჟასმინი ლოგინზე დასვა და კადრი წელიდან ზემოთ გადაიღო, რადგან ზუსტად იცოდა სრული კადრი ჟასმინის დაუცველობას გადაფარავდა.

კოქტეილის საღამოსთვის Valentinos-ს უმხრო კაბა გვქონდა შერჩეული, თუმცა ქეითს მისი ჩაცმა არ სურდა. „ვფიქრობ ჟასმინი ამაში უფრო ლამაზი იქნებოდა“ თქვა მან Carolina Herrera-ს კაბაზე და იმ დღეს, როდესაც გადასაღებ მოედანზე ქეთ ბლანშეტი გამოჩნდა ვიფიქრე, რომ ცხოვრებაში მასზე ლამაზი ქალი ნანახი არ მყავდა“ - დასძენს სიუზი.

ალბათ, არა ერთხელ გსმენიათ თუ როგორ კარდინალურად იცვლებიან მსახიობები გადასაღებ მოედანზე და როგორ აისახება მათზე როლში შესვლის ხელოვნება. არც ქეით ბლანშეტია გამონაკლისი. მეტიც, მისი ბრწყინვალება ეკრანზე დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს. ჟასმინის პერსონაჟთან დაახლოების მომენტში, ქეითმა იმდენად გაითავისა მთავარი გმირის როლი, რომ ერთ დღესაც სიუზისთან მისულმა ხელში უბრალო თეთრი კაბა აიღო და თქვა:

ამას მილიონი წელი არ ჩავიცვამდი თუმცა ვგრძნობ, რომ ის ჟასმინისთვისაა შექმნილი.

ზევით