#მოდა

Brandon Maxwell შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

გაზიარება:

ნიუ-იორკში მოდის კვირეულის ციებ-ცხელება მიმდინარეობს, ამერიკული მოდის სახლები 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს აქტიურად წარადგენენ. ყველაზე გამორჩეულ ჩვენებათა შორის Brandon Maxwell-ის დეფილემ უკვე დაიკავა მოწინავე ადგილი და დღეს სწორედ მოდის სახლის უახლეს კოლექციას, მის ემოციურ მოტივებსა და შთაგონებას გაგაცნობთ.

ბრენდონ მაქსველის კოლექციებსა და ჩვენებებში, ოჯახს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა, თუმცა ამერიკელი დიზაინერის უკანასკნელი ჩვენება ყველაზე გამორჩეული და სენტიმენტალურია, რადგან მაქსველმა ის ბებიის ხსოვნას მიუძღვნა, ქალს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ბრენდონის კარიერულ წინსვლაში და ქალს, რომელიც წლების განმავლობაში გმირულად იბრძოდა ალცჰაიმერის წინააღმდეგ.

„ცხოვრებაში ძალიან გაგვიმართა, თუ გვყავს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც რთულ გზას ჩვენთან ერთად გაივლის“ - განაცხადა ბრენდონ მაქსველმა ინტერვიუში

თეატრში, სუსტი განათების ფონზე Brandon Maxwell-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, სუპერმოდელმა კარლი კლოსმა გახსნა, რომელიც პოდიუმზე მცირე პაუზის შემდეგ ვიხილეთ და სუპერმოდელის გრაციის დამსახურებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რატომ გვიყვარს კარლი ასე ძალიან. 

ბრენდონ მაქსველის ხელწერად ქცეული თამამი ფერები და ფსიქოდელიური სილუეტები 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში არ გვინახავს, ამის ნაცვლად ამერიკელმა დიზაინერმა ნეიტრალური ტონები, თბილი და დამამშვიდებელი ფერები წარმოგვიდგინა, სილუეტთა შორის დახვეწილი, ფემინური სტილი ჭარბობდა.

„ბევრი ჩვენება ისე მოვაწყვე, გამუდმებით ვფიქრობდი რას იფიქრებდნენ სხვები მასზე, ეს ჩვენება მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება“ - ბრენდონ მაქსველი

დეფილეს პარალელურად, თეატრის ჩაბნელებულ ადგილებს ოჯახური ფოტოსურათები ავსებდა, რომლებიც ყოველთვის ბრენდონის ბებიის - მამოს გარშემო ტრიალებდა, სიმღერასთან ერთად ისმოდა ხმოვანი ჩანაწერები ბოლოს კი ფრაზა: „უბრალოდ გახსოვდეს რამდენად მიყვარდი“.

ზევით