ბრძოლა დიეტის წინააღმდეგ - როგორია მოდელების დამოკიდებულება კვებასთად დღეს?

მოდის ტენდენციები, წესები და მიდგომები ყოველწლიურად იცვლება. იცვლებიან მოდელებიც, თუმცა შეიცვალა კი მათი საკვებთან არაჯანსაღი დამოკიდებულება? - დღეს, სწორედ ამის გარკვევას ვეცდებით.

გასულ წელს, ცნობილმა სტილისტმა და ბრიტანული Vogue-ის რედაქტორმა, ფრანჩესკა ბერნსმა ედი სლიმანისა და Celine-ის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა, მას შემდეგ, რაც XS ზომის მოდელმა ბრენდის ნიმუშის მორგება ვერ შეძლო. „დრო არ არის მეტი ნიმუშების გაკეთება დაიწყოთ? წარმოუდგენელია იმის გაფიქრებაც კი რომ ვიღაც ასეთი გამხდარი უნდა იყოს. იმ ლამაზ გოგოს დანაშაულის შეგრძნება გაუჩნდა, მე კი ამის ჩახშობა ვერ შევძელი და ამის ძალიან შემრცხვა“ - მხოლოდ იმის წარმოდგენა შეგვიძლია რა იღონა იმ მოდელმა და როგორ იშიმშილა იმისათვის, რომ იმ სტანდარტის შესაფერისი ყოფილიყო, რომელსაც სლიმანი სთავაზობდა.

ახალი ამბავი ნამდვილად არ გახლავთ ის, რომ პოდიუმის მთავარ გმირებს საკვებთან არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, დღეს ხომ მოდას ახალი დღის წესრიგი აქვს, რომლის თანახმადაც ის მრავალფეროვანი და ინკლუზიურია? სხვადასხვა მოდის სახლისა და ბრენდის კამპანიებში ხომ ასე ხშირად ვხედავთ სხვადასხვა ფორმების, ზომისა და კანის ფერის გოგოებს, ნუთუ ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია? რამდენად მალე მოუწევთ მოდელებს დაუბრუნდნენ დიეტას? - ეს ის კითხვებია, რომლებიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება.

რეალობა კი ასეთია - თუ ირინა შეიკის დონის მოდელი არ ხარ და დაგვეთანხმებით, რომ მისი მსგავსი შესაძლოა მოდის სამყაროში სულ თითზე ჩამოსათვლელი არსებობდეს, მაშინ ან XS ზომას უნდა მიეკუთვნებოდე ან პლუს-ზომის მოდელის პარამეტრებს აკმაყოფილებდე - არ არსებობს შუალედი.

4 წლის წინ, გახმაურებული ბრალდება Louis Vuitton-ის წინააღმდეგ, დანიელმა მოდელმა ლუიზ ლან ჰოიერმა წააყენა. მოდელმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გვიყვებოდა, თუ როგორ დაბლოკეს იაპონიის საკრუიზო ჩვენების წინ მოდის სახლის წარმომადგენლემა, რადგან მისი 91,5 სმ თეძოები საკმაოდ ფართო აღმოჩნდა. თუმცა, დაბლოკვამდე ლუიზს ურჩიეს - არაფერი ეჭამა და დაელია ჩვენებამდე. პირობის შესრულების მიუხედავად, მოდელი პოდიუმზე მაინც არ გასულა. 

„არაადეკვატური კვების გამო, ბევრ მოდელს არ აქვს მენსტრუაცია და თითქმის ყველას აქვს ძალიან არაჯანსაღი ურთიერთობა საკვებთან. სასაცილოა, რა მარტივად შეიძლება იყო 0,5 ან 1 სანტიმეტრით "მეტი ვიდრე საჭიროა", მაგრამ ვერასოდეს იქნები 1 ან 0,5 სანტიმეტრით ნაკლები" - განაცხადა ჰოიერმა.

პირველი ტოპ-მოდელი, თითქმის ბავშვური ფიგურით 1960 წელს გამოჩენილი ტვიგი გახლდათ. მართალია, მოდელმა ინდუსტრიას ბიძგი მისცა, თუმცა ამ სტანდარტის დამკვიდრება 1990-იან წლებამდე არ მომხდარა, მანამ სანამ Obsession Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიისთვის ლოყებჩაცვენილი ქეით მოსი არ გადაიღეს და მოდაში გადატრიალება არ მოხდა.

ახალი ეპოქის შემდეგ დაიწყო ბრალდებები დიზაინერების მიმართ, რომლებმაც სიგამხდრე კულტად აქციეს. მათ მოდელები ბრალს პედოფილიაში და ქალების სიძულვილშიც კი სდებდნენ.

გარდაქმნის პერიოდი ათწლეულების შემდეგ დაგვიანებულად, თუმცა მაინც დადგა. პლუს-ზომის მოდელების გამოჩენისა და ინკლუზიურობის თემის წამოწევის მცდელობები მოდის სამყაროსთვის ახალი ხილია. ყველაზე დიდი დარტყმა ამ სიახლეებმა ქალის თეთრეულის ცნობილ ბრენდს Victoria’s Secret-ს მიაყენეს, რომელმაც გეზი სრულიად შეცვალა და მოდელების ნაცვლად დღეს საკუთარ წარმომადგენლებად ცნობილ მწერალ, სპორტსმენ და მსახიობ ქალებს გვაცნობს. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს იმის საშიშროება, რომ ეს ცვლილებები ფასადურია, რომ კულისებს მიღმა პოდიუმზე გამოსასვლელი გოგონებისთვის არაფერი შეცვლილა.

მაშ, რა უნდა იღონოს მოდის სამყარომ იმისათვის, რომ რეალურად შეცვალოს რაიმე? - David Chen Casting-ის დამფუძნებელი დევიდ ჩენგი თვლის, რომ ამ ინდუსტრიას წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და მოდელების შიმშილის დამარცხება ჯერაც გამოწვევად რჩება. დევიდის თქმით, მოდის სახლებმა სტანდარტები საჯაროდ უნდა შეცვალონ და ეს პოდიუმზეც უნდა აისახოს. თუ გავლენიანი სახელები ცვლილებებზე დაიწყებენ ლაპარაკს, მათ ინდუსტრიაც დაუჭერს მხარს.

„მაგრამ მთავარი ის არის, რომ მოდელებთან მომუშავე ადამიანებს უნდა აინტერესებდეთ არა მხოლოდ მათი წონა და ზომა, არამედ მათი ინდივიდუალობა, ინტერესები, როგორ ცხოვრებას ეწევიან ისინი“.

ზევით