#მოგზაურობა

„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“: კულინარიული მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

გაზიარება:

„უწესრიგობის, კატასტროფისა და თაღლითობის სამყაროში, სილამაზე ერთადერთი რამაა, რისი ნდობაც შეიძლება... საკვები კი ერთადერთი ღირებული ვალუტა გახლავთ“ - ელიზაბეტ გილბერტი, „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“.

ელიზაბეტ გილბერტის ბესტსელერად ქცეული ავტობიოგრაფიული რომანი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“, მსოფლიოს გარშემო მოგზაური ქალის ისტორიას გვიამბობს, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს; თუმცა განა რა არის ბედნიერება თუ არა სულიერი ჰარმონია, რომელსაც ზოგჯერ ცხოვრების ჩახლართულ გზაზე ვკარგავთ და მისი ხელახლა აღმოჩენის სურვილით ვიწვით?

რთული განქორწინების და დეპრესიის შემდეგ ელიზაბეტ გილბერტმაც გადაწყვიტა ცხოვრების მადა დაებრუნებინა და სამი კომპონენტის: ჭამის, ლოცვისა და სიყვარულის წყალობით დაკარგული ბედნიერება ხელახლა აღმოეჩინა. იტალიური სამზარეულო და ქვეყნისთვის დამახასიათებელი პოზიტიური ცხოვრების წესი, ინდოეთის ერთ-ერთ აშრამაში სულიერი საზრდოს ძიება და ეგზოტიკურ ბალიზე თავბრუდამხვევი სიყვარული - „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ თქვენს შთაგონებას აუცილებლად მოახერხებს

საკუთარი თავისა და ცხოვრების შეცნობის გზაზე, ელიზაბეტი იტალიური, ინდური და ინდონეზიური კერძების ფართო ასორტიმენტს გვაცნობს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებასაც ერთი ხელის მოსმით შეცვლიან

იტალია

რა გასაკვირია, რომ ელიზაბეტ გილბერტი ცხოვრების ხალისის დასაბრუნებლად და ყველაზე გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად სწორედ იტალიაში მიემგზავრება. მაცდუნებელი ნეაპოლიტანური პიცა დღის ნებისმიერ მონაკვეთში და შეუდარებელი ჟელატო ელიზაბეტის რაციონში, პლუს ტრადიციული ბოლონეზე და ღვთაებრივი ტირამისუს ნაჭერი - გვერწმუნეთ, იტალიურ სამზარეულოს თქვენი მოჯადოება ნამდვილად შეუძლია.

ინდოეთი

სიმშვიდის, სიფხიზლისა და ერთგულების აღმოსაჩენად ელიზაბეტი ინდოეთში მიემგზავრება, სადაც მას მდიდარი და საოცრად შთამაგონებელი კულტურა უღებს კარს. ლოცვის და მედიტაციის პარალელურად, გილბერტი აშრამის უბრალო, ვეგეტარიანულ ტრაპეზშიც კი პოულობს სიამოვნებას და ინდური სანელებლების გემოებში იკარგება.

ინდონეზია

თბილი და კეთილშობილი მკვიდრი მაცხოვრებლებით და უგემრიელესი კერძებით გარემოცულს, რა გასაკვირია ელიზაბეტს შეყვარების უნარიც რომ დაბრუნებოდა. ტროპიკული ხილის მიქსით გილბერტმა არაერთი ჰარმონიული კერძი დააგემოვნა, ეს ყველაფერი კი იმდენად მადისაღმძვრელად აღწერა, რომ ჩვენც გიჟურად მოგვანდომა ინდონეზიის სურნელოვან კერძებში ჩაძირვა.

ზევით