CHANEL MÉTIERS D’ART 2021/22 - ვირჯინია ვიარდის მორიგი შედევრი

2002 წლიდან მოყოლებული, ფრანგული მოდის სახლი Chanel-ი Métiers d’Art ჩვენებას მართავს, რომელიც ბრენდის კონცეფციის რეფლექსია და იმ ხელნაკეთი, უნიკალური ნივთების, სილუეტებისა და სამკაულების ჩვენებას ემსახურება, რომლის შექმნაშიც მოდის სახლის შემოქმედებმა დიდი დრო და ენერგია ჩადეს.

არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი: ტრადიცია არც მოდის სახლმა და არც მისმა კრეატიულმა დირექტორმა, ვირჯინია ვიარდიმ არ დაარღვიეს და საზოგადოებას პარიზული Métiers d’Art ჩვენება შესთავაზეს. მოდური ჩვენების წინა რიგები ბრენდის ამბასადორებმა და ცნობილმა სახეებმა, მათ შორის სოფია კოპოლამ, ლუსი ბოინტონმა, ვანესა პარადისმა და სხვებმა დაიკავეს.

„როდესაც მოდის ატელიეზე ფიქრობ, რაღაც ძველს წარმოიდგენ. ჩვენ კი გვსურდა აგვეშენებინა ისეთი ადგილი, სადაც ახალგაზრდებსაც მოუნდებოდათ მუშაობა, ამიტომ ყველანაირად ვეცადეთ, რომ მოსაწყენი არ ყოფილიყო“ - განაცხადა ბრუნო პავლოვკიმ.

ვირჯინია ვიარდის კოლექცია ახალი ფუტურისტული სივრცის Le19M-ის კედლებში იყო წარმოდგენილი, სადაც ახლა Métiers d'Art Chanel-ის ყველა სახელოსნო და ატელიეა განთავსებული. სწორედ აქ, ჯადოსნური ხელები და შემოქმედებითი გონება ქმნის ფრანგული სახლის დიდ სიამაყეს.

მსურდა, რომ თითოეულ მოდელს სხვადასხვა ილუსტრატორის მიერ შექმნილი სამოსი და პატარა ამბავი წარედგინა - განაცხადა ვირჯინია ვიარდიმ.

რიგით მე-17 Métiers d’Art-ის ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ ადამიანების ჯადოსნური ხელების მიერ შექმნილი უნიკალური დეტალები, არამედ Chanel-ის 8 მოდის სახლის დიზაინერული შემოქმედება. მოდელებმა პოდიუმზე მაღალი მოდის სამოსი წარმოგვიდგინეს და ნამდვილ ფრანგულ სულისკვეთებასა და გრაციოზულობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს.

Chanel-ის ახალ კოლექციაში უხვად იყო წარმოდგენილი ბრენდის ხელწერად ქცეული სილუეტები და დიზაინები. ვირჯინიამ ერთგვარი ექსკურსია მოგვიწყო უკან წარსულში და ამავდროულად აწმყოც სრულყოფილად დაგვანახა; მიგვითითა იმაზე, თუ რა შემორჩა დღევანდელობას წარსული დიდებიდან და რისი დამატება შეუძლია თავად ამ დიდი ისტორიისთვის.

ზევით