#სილამაზე

ქლოროფილის ჯადოსნური წვეთები - რა არის და როგორ გამოვიყენოთ ის?

გაზიარება:

სილამაზის სამყაროს და მისი ყოველი სიახლის მოყვარულებს, ყურადღების მიღმა არ დარჩებოდათ ბიუთი ბლოგერები, დერმატოლოგები თუ უბრალოდ TikTok პლატფორმის მომხმარებლები, რომლებიც დილას წყალში გახსნილი მწვანე სითხით - ქლოროფილით იწყებენ და მისი მოქმედების ჯადოსნურ ეფექტებსაც გვიზიარებენ. თუმცა, გადამოწმების გარეშე, ბრმად დიდი ხანია არავის ვენდობით, ერთად გავარკვიოთ რაში იმალება ქლოროფილის საიდუმლო და არის კი ისეთივე სასწაულმოქმედი როგორც ამას ბლოგერები ირწმუნებიან?

მაინც რა არის ქლოროფილი? სიტყვა, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან გვესმის, მწვანე პიგმენტი გახლავთ, რომლის როლიც ფოტოსინთეზის პროცესში უდიდესია. ქლოროფილი ეხმარება მცენარეებს მზის ენერგიის შთანთქვისა და ქიმიურ ენერგიად ქცევაში, ქლოროფილით მდიდარია ბროკოლი, კალე, სალათის ფურცლები, ისპანახი და მრავალი სხვა.

გასაგებია, რომ ქლოროფილი დიდ როლს თამაშობს მცენარეთა სიცოცხლის პროცესში, მაგრამ, მაინც რა კავშირი აქვს მას სილამაზის სამყაროსთან - ჩვენთვის სწორედ ეს არის საინტერესო. როგორც მკვლევრები და მათი კვლევები ირწმუნებიან, ქლოროფილის წვეთებს სახის კანის გასუფთავების უნარი შესწევთ, გამომდინარე იქედან, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა ჩააცხრონ ანთება და ხელი შეუშალონ ბაქტერიების გამრავლებას - დიახ, მომხმარებელთა უდიდეს ნაწილს ეს დადებითი ეფექტი რამდენიმე დღეში კანზე აესახება.

გასუფთავებული, მბზინავი კანის გარდა, ქლოროფილის წვეთები დეტოქსიკაციის იდეალურ საშუალებასაც წარმოადგენს, ის აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და მეტიც, ქლოროფილს შეუძლია წონის კლების პროცესშიც მიიღოს მონაწილეობა.

 

თუმცა, როდესაც არჩევანი მწვანე ბოსტნეულის თუ ხილის ბუნებრივი გზით მიღებასა და ქლოროფილის წვეთების გამოყენებას შორის მიდგება, აქ უმჯობესია უპირატესობა მწვანეებს მივანიჭოთ და საჭირო რაოდენობის ქლოროფილი პირდაპირ საკვები პროდუქტებიდან მივიღოთ.

რაც შეეხება ქლოროფილის წვეთების გამოყენებას, ეს თავად პროდუქტზეა დამოკიდებული და ანოტაციაში ყურადღებით უნდა წაიკითხოთ რა რაოდენობის წვეთების მიღებაა რეკომენდებული და როდის.

ზევით