Cinzano - იტალიური ბრენდის 3 საუკუნოვანი ისტორია

გაზიარება:

იცით საიდან მოდის სახელგანთქმული ფრაზა  „ჩინ-ჩინ“, რომელსაც ასე ხშირად გამოვიყენებთ ჭიქების მიჭახუნების დროს? - ის სახელგანთქმულ იტალიურ ბრენდს ჩინზანოს (Cinzano) ეკუთვნის. ერთ-ერთ ვინტაჟურ სატელევიზიო რეკლამაში გამოყენებული ფრაზა, გართობის და მხიარულების სიმბოლოდ იქცა, ჩინზანომ კი ათწლეულების, საუკუნებიის განმავლობაშიც კი მოახერხა ჩვენი გაოცება.

ჩინზანო იტალიური წარმოშობის ბრენდია, რომელიც 2 სხვადასხვა კატეგორიის ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს: შუშხუნა ღვინოები და ვერმუტები (არომატიანი შემაგრებული ღვინო, რომელსაც არომატი სხვადასხვა სახის მცენარეების, სანელებლების, მცენარეთა ფესვების, ყვავილებისგან ეძლევა)

ჩინზანოს ძალიან მდიდარი და საინტერესო, თითქმის 3 საუკუნოვანი ისტორია აქვს. ისტორია 1757 წლიდან იტალიის ქალაქ ტურინიდან იღებს სათავეს, სადაც უკვე აღიარებულმა კონდიტერმა ძმებმა ჯაკომო და ჯოვანიმ გადაწყვიტეს საოჯახი ბიზნესის წამოწყება და უკვე დაგროვილი ცოდნით, უამრავი ექსპერიმენტის შემდეგ იდეალურ რეცეპტს მიაგნეს - შექმნეს ვერმუტი ჩინზანო/საკუთარი ვერმუტის ფორმულა შეიმუშავეს. ფორმულა დღემდე 264 წლის შემდეგ არ შეცვლილა, ვერმუტი ჩინზანო ამავე ფორმულით იწარმოება, მაგრამ მკაცრად გასაიდუმლოებულია.

1776 წელს, ჩინზანოს ვერმუტი მაღალი ხარისხით და შეუცვლელი გემოთი იტალიაში უკვე იმდენად აღიარებული იყო, რომ ძმები სავოის სამეფო კარს და შესაბამისად „ნაღებ“ საზოგადოებას ამარაგებდნენ მონარქის სპეციალური მოთხოვნით. მონარქისვე მოთხოვნით, ძმებმა ჩინზანოებმა შუშხუნა ღვინოების რეცეპტზეც დაიწყეს მუშაობა და 18 საუკუნის ბოლოსკენ მათ ასორტიმენტს შუშხუნა ღვინის კატეგორიაც დაემატა.

ძმები ჩინზანოები ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, მოიაზრებოდნენ როგორც არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებლები და სამეფო კარის მომწოდებლები, არამედ ინოვატორები ბიზნესში; იმ დროისთვის არასტანდარტული მიმართულებებით გამოირჩეოდნენ და იყვნენ კარგი მარკეტოლოგებიც:  ისინი აწყობდნენ დეგუსტაციებს, იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებსა და საერთაშორისო შეჯიბრებში, კომპანიას უწევდნენ მარკეტინგულ მომსახურებს, არიგებდნენ ბროშურებს, ქმნიდნენ პოსტერებს, რასაც იმ დროს არცერთი სხვა იტალიელი მწარმოებელი არ აკეთებდა.

ტურინში დაბადებული, შემდეგ მთელს იტალიაში სახელგანთქმული ბრენდი ჩინზანო 19 საუკუნის ბოლოს მსოფლიო მასშტაბებზე გავიდა და მალევე მოიპოვა აღიარება. დღეს იგი იტალიაში პირველობას არ თმობს და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება, მათ შორის ჩვენთანაც.

წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა წარმოების მხრივ, უცვლელი ხარისხი, ჩინზანოს ერთ-ერთ მაღალი რანგის ბრენდად აღიარებას წლებია უნარჩუნებს. ჩინზანოს დიდი პლიუსია მისი ხელმისაწვდომობა და ამავე დროს პროდუქტის მაღალი ხარისხი, რომელიც ყოველ წელს საერთაშორისო გამოფენებსა და შეჯიბრებზე ახალ ჯილდოებს და აღიარებებს მოიპოვებს. მაღალი ხარისხის პროდუქტი, დაწყებული ნედლეულის შეგროვებით, ვენახების ადგილმდებარეობითა და მოვლის ტექნოლოგიებით და დამთავრებული წარმოების პროცესით, ხელმისაწვდომ ფასად.

ჩინზანოს შუშხუნა ღვინოებსა თუ ვერმუტებს იტალიის ყველა კუთხეში, ნებისმიერ ადგილას ნახავთ: ბარებში თუ კაფეებში, სახლებში, ქუჩებში თუ სხვადასხვა სახის ფორმალურ თუ არაფორმალურ ღონისძიებებზე.

მე-19 საუკუნის ბოლოს, მხოლოდ ძლიერ და ინოვატორ კომპანიებს თუ შეეძლოთ ცნობილ არტისტებთან და ილუსტრატორებთან თანამშრომლობა და კომპანიის მარკეტინგი. ერთ-ერთი მათგანი ჩინზანო იყო, რომელსაც ფაქტიურად შექმნის დღიდან ხელოვნებასთან/ხელოვანებთან და მხატვრებთან კავშირი არ გაუწყვეტია (მაგ: ადოლფ ჰოენსტაინი - იტალიური ე.წ პოსტერ არტის დამფუძნებლად აღიარებული, მხატვარი, ილუსტრატორი, კოსტიუმების დიზაინერი; ლეონეტო კაპიელო - ე.წ „თანამედროვე რეკლამის მამა“, რაც მისი ინოვაციური მიდგომებით და ინოვაციური პოსტერის დიზაინებით დაერქვა; და მრავალი სხვა) და ქმნიდა სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებსა და პოსტერებს, რომლებიც დღეს უკვე ხელოვნების ნიმუშებად არიან აღიარებულნი და ვინტაჟად/კლასიკად ითვლებიან.

 

ზევით