#მოდა

ცნობილი მოდის სახლების მონოგრამული ლოგოები - როდის შეიქმნა ისინი?

გაზიარება:

მსოფლიოში სახელგანთქმული მოდის სახლები, სწორედ ისინი ინდუსტრიას რომ აზანზარებენ, საკუთარ იდენტობას არა მხოლოდ დასახელების, არამედ ლოგოტიპებისა და მონოგრამის პატერნების საშუალებით წარმოგვიდგენენ, რომელთა დანახვა ბრენდის დასახელების გაგონებამდეც გვახვედრებს, რომელ მოდის სახლთან გვაქვს საქმე.

სახელისა თუ პატერნის დამკვიდრება მოდის სამყაროში მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. მონოგრამების უმრავლესობა ათწლეულებს ითვლის, ზოგი საუკუნესაც კი. ასე მაგალითად, Louis Vuitton-ის ცნობილი მონოგრამა 122 წლისაა და ის დღემდე არ შეცვლილა; არა მარტო იმიტომ, რომ ეს პატერნი მოდის სახლის წარსულის ნოსტალგიური გადმონაშთია, არამედ იმიტომ, რომ ის მისი ხელწერაა, ამ ხელწერას კი ჰყავს შემქმნელი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ.

Louis Vuitton

Louis Vuitton-ის ცნობილი მონოგრამა (ბრენდის ინიციალები მრავალჯერ გამეორებული ასოები) 122 წლის წინ ჟორჟ ვიტონმა იაპონური სიმბოლიზმის შთაგონებით შექმნა. დღეს Louis Vuitton-ი წარმოუდგენელია ყავისფერ ფონზე გამოსახული ინიციალების გარეშე. ათწლეულების მანძილზე ეს მონოგრამა, მოდის სახლის არაერთი სამოსის, აქსესუარისა და ფეხსაცმლის მთავარ ნაწილად იქცა.

Gucci

Gucci-ს ორმაგი "G" 1964 წელს ალდო გუჩიმ შექმნა, რათა ტოსკანური ბრენდის ლოგო მხოლოდ რამდენიმე ტყავის ნივთზე დაემაგრებინა. თუმცა, მოგვიანებით მოდის სახლის განვითარებასთან ერთად, ორმაგი ინიციალი Gucci-ს სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. საუკუნეზე ნაკლები დრო დასჭირდა მოდის სახლს, რათა სამოგზაურო ნივთებიდან პოდიუმზე აღმოჩენილიყვნენ და ყველაზე სასურველი სამოსი და აქსესუარები შეექმნათ. ამ რთული გზის გავლა ბრენდმა წარსულის სტილისტური სიმბოლოების მეშვეობით დიდებულად მოახერხა.

Fendi

ორმაგი F დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ნიმუშებს შორისაა. სულ ცოტა ხნის წინ, ჰეი რაილიმ საკულტო F by Fendi ფონტი ხელახლა წარმოაჩინა. თუმცა, ამჯერად FILA-ს გავლენით, ლოგომ გამოჩენისთანავე დაიმსახურა მოწონება და ის Fendi Mania-ს კოლექციის ნაწილადაც იქცა. მაღალი მოდის სილუეტები და სპორტული ერთეულების კოლაბორაცია - ორი განსხვავებული სამყარო ერთმანეთს შეერწყა, რომლის გაერთიანებაც ვერავის წარმოედგინა, ლოგო კი ახალ საწყისად იქცა.

Dior

გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი Dior-ის მონოგრამის ავტორი მარკ ბოჰანი გახლავთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო მონოგრამა მოდის სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ წინამორბედებზე ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. მარკის ნამუშევარი ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ აღადგინეს, ბოლო წლებში მონოგრამას ახალი სიცოცხლე მარია გრაცია კიურიმაც შთაბერა და ყველაზე ცნობილ კოლექციებში დიდი პატივით წარმოგვიდგინა.

Goyard

ამ ნიმუშის წარმოშობის ზუსტი ისტორია ჩვენთვის უცნობია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს მონოგრამა ბრენდის Y ინიციალის აღმნიშვნელია, ზოგიერთის აზრით კი ის მოდის სახლის 3 თაობას აერთიანებს. ასეა თუ ისე, ჩვენ Goyard-ის იდუმალება და მისტიკა აღგვაფრთოვანებს, ის თუ როგორ გვაძლევს მონოგრამა საშუალებას ჩვენივე ფანტაზიას მივცეთ გასაქანი.

Givenchy

Givenchy ყველაზე მომხიბვლელი ტექსტურით გამოირჩევა: ოთხი G ინიციალი, რომელიც კვადრატს ქმნის და მუდმივად მეორდება კაბებზე, ჩანთებსა და ფეხსაცმელებზე, ჩვენს აღფრთოვანებას ყოველთვის დამსახურებულად იღებს. მონოგრამა 2016 წელს რიკარდო ტიშიმ გადააკეთა და ამ ცვლილებით ბრენდს უნივერსალური მნიშვნელობა შესძინა.

ზევით