#მოდა

დემნა გვასალიას პირველი კომენტარი Balenciaga-ს სკანდალის შემდეგ: „განსაკუთრებით რთული იყო ამით ცხოვრება“

გაზიარება:

ესპანური მოდის სახლის გარშემო ატეხილი სკანდალიდან რამდენიმე თვის შემდეგ, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია პირველ კომენტარს აკეთებს. გასულ წელს, მოდის სახლი 2 სერიოზულ სკანდალში გაეხვა, პირველი შემთხვევა სადღესასწაულო კამპანიას Toy Stories უკავშირდება, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები ალკოჰოლური სასმლის ჭიქების, S&M-ის სტილის აღკაზმულობაში გამოწყობილი დათვის ჩანთებისა და სხვა აქსესუარების გარემოცვაში იყვნენ გადაღებული; მეორე შემთხვევა კი Balenciaga x adidas-ის კოლაბორაციას უკავშირდება, რომელშიც რეკვიზიტად სასამართლოს გადაწყვეტილების საბუთი იყო გამოყენებული, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის ამკრძალავ წესდებას უჭერდა მხარს. 

ამ ორი შემთხვევის შემდეგ, რომლებიც სულ რაღაც ორი კვირის შუალედით გასკდა, მოდის სახლი ბავშვების სექსუალიზაციაში და ბავშვზე ძალადობის ნორმალიზებაში ერთდროულად დაადანაშაულეს.

და აი 2 თვის შემდეგ, დემნა გვასალია დუმილს არღვევს და Vogue Paris-თან მიცემულ ინტერვიუში სკანდალზე საჯაროდ პირველად საუბრობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი ინციდენტზე საუბარს კიდევ ერთხელ ბოდიშით იწყებს და ამ შემთხვევებს დაუდევრობას, წინდაუხედავ ნაბიჯს უწოდებს, რომელზეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

„საკონტროლო პროცესები, ხალხი ჩართული როგორც შიგნიდან, ასევე გარედან იყვნენ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ შევამჩნიეთ პრობლემები“, - თქვა დემნამ. „ეს იყო განსჯის შეცდომა. ძალიან ვნანობ ამას. ჩვენ უკვე ვისწავლეთ ამ შეცდომაზე და სწორედ ამიტომ ჩვენი მხრიდან სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ყურადღებიანი ნაბიჯები გადაიდგმება, სანამ რომელიმე სურათი საჯაროდ გამოქვეყნდება. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ; გულწრფელად ბოდიშს ვიხდი მომხდარის გამო და ყველას, ვინც ამით დაზარალდა“.

„ეს ერთადერთი ახსნაა ჩემი მხრიდან, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. თუ წერტილების მოძებნას დავიწყებთ, მას ყველაფერთან დავაკავშირებთ, მაგრამ მე ამის სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს შემთხვევები არც ჩემი და არც Balenciaga-ს მიერ წინასწარ განზრახული არ ყოფილა“ - დასძინა დემნამ.

გამომდინარე იქიდან, რომ დემნა გვასალიას თანამედროვე მოდის სამყაროში პროვოკატორის სახელით იცნობენ, ეს შემთხვევებიც მის მორიგ პროვოკაციად მიიჩნიეს, თუმცა როგორც ქართველი დიზაინერი განმარტავს, რომ ეს ყველაფერი მას წინასწარ არ ჰქონდა დაგეგმილი და მზად არის ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„ჩემი ნამუშევრის პროვოკაციული ასპექტი ხშირად არასწორად იყო განმარტებული და არასწორად გაგებული, და მე აღარ მაქვს სურვილი გამოვიყენო ის ჩემს დიზაინზე. მე ხშირად ვიყენებდი რაღაც განსხვავებულს ჩემს დიზაინერულ ენაში და ხშირად ის მიიჩნიეს პროვოკაციულად. ჩემთვის ეს უფრო გართობა იყო და მოდის ზედმეტად სერიოზულად არ აღქმა“, - განმარტა მან. „მიუხედავად იმისა, რაც ბევრს შეიძლება ეპარებოდა ეჭვი, კამპანიებთან დაკავშირებული საკითხი აბსოლუტურად არ იყო ჩემი პროვოკაციული დიზაინის ენის ნაწილი - არასოდეს, არასდროს გამიჩნდებოდა იდეა, რომ ისეთ თემას შევხებოდი, როგორიცაა ბავშვზე ძალადობა“.

„ბევრი დრამა გადამიტანია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ განსაკუთრებით რთული იყო ამით ცხოვრება, ამ შეცდომაზე სწავლა. ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, რადგან ამ ყველაფრის ახსნა არ შემეძლო, მაგრამ ასევე, იყო Balenciaga-ს სახელი და კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობა, რომელსაც მე ვაფასებ და უდიდეს პატივს ვცემ,“ - აღნიშნა დემნამ. „Balenciaga არის სახლი, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა და დაფუძნებულია ძლიერ და მშვენიერ შემოქმედებით ღირებულებებზე და მე ვიყავი დაკავებული ჩემი შემოქმედებითი ძალის კეთებით, რათა ის თანამედროვე აქტუალობამდე მიმეყვანა, და მოულოდნელად ჩვენ თავდასხმის ქვეშ აღმოვჩნდით და რაღაცის იარლიყი მოგვეკერა. იმის, რაც საერთოდ არ ვართ”.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკა სკანდალის შემდეგ, დემნამ თქვა, რომ Balenciaga-მ დაადგინა ახალი წესები „შემოწმებისა და ვალიდაციის შესახებ, რომელიც გადის მრავალ არხზე, შიდა და გარე, გამოსახულების შესამოწმებლად და დასამტკიცებლად“

ზევით