#მოდა

დევა კასელი Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს ჩვენებაზე გამოჩნდა

გაზიარება:

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უფროსი ქალიშვილი - დევა კასელი, Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს საიუბილეო ჩვენებაზე ვიხილეთ. გასულ ღამეს, სირაკუზას საკათედრო ტაძრის განსაცვიფრებელ ფონზე გამართულ მაღალი მოდის დეფილეში მონაწილეობა დევამაც მიიღო.

Dolce & Gabbana-ს ჩვენების ლოკაციას დევასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, გაშლილი ბუნებრივი თმით და ულამაზესი კაბით კასელმა იმ ადგილას გაიარა, სადაც ოდესღაც დედამისის, მონიკა ბელუჩის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის Malèna-ს გადაღებები მიმდინარეობდა.

ახალგაზრდა მოდელმა მოდის სახლის გამჭვირვალე, თეთრი მაქმანებიანი კაბა მოირგო შავი კორსეტითა და ხელთათმანებით.

17 წლის დევა კასელი, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის პირველი საერთო ქალიშვილია. თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც დევა პირველად მოხვდა ფოტოგრაფის ობიექტივში, მან ზუსტად იცოდა რომ სამოდელო კარიერა მის მომავალს განსაზღვრავდა. ცნობილი ადამიანების შვილებისთვის კი პირველი ნაბიჯების გადადგმა სამოდელო სამყაროში რომ ბევრად მარტივია, ეს ყველას მოგვეხსენება. დევამაც მალე მიიღო სერიოზული შემოთავაზებები ცნობილი ბრენდებისგან, 2019 წელს გოგონა Dolce & Gabbana-ს სარეკლამო ვიდეორგოლშიც გადაიღეს, რასაც კიდევ რამდენიმე კამპანია, ახლა კი ჩვენებაზე გამოსვლა მოჰყვა.

ზევით