ეშმაკს აცვია პრადა vol.2

| ნინა სიმსივე |

თუკი ერთხელ მაინც გიფიქრიათ, როგორი მზერით შეაფასებდა თქვენს ჩაცმულობას მირანდა პრისლი, თუ თქვენც გნდომებიათ ეშმაკის მსგავსად ჩაგეცვათ პრადა, მაშინ მოემზადეთ! ფილმის, The Devil Wears Prada-ს ისტორია გრძელდება. უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საკულტო ფილმის მეორე ნაწილზე მუშაობა დაიწყო.

მისი პირველი ნაწილი 2006 წელს გამოვიდა და ამ წლების განმავლობაში აქტუალობას და ხალხის სიყვარულს არ კარგავს. ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს როგორი სიუჟეტით დაბრუნდება ფილმი, იქნებიან თუ არა ის მსახიობები, რომლებმაც ასე შეგვაყვარეს თავი, თუმცა დაზუსტებით ის ვიცით, რომ მოქმედებები ისევ მირანდა პრისლის ირგვლივ განვითარდება.

სმაკი ატარებს პრადას, მერილ სტრიპი

შემოქმედებითი გუნდი ცდილობს ბუნებრივად გააგრძელოს დაწყებული ისტორია, თუმცა ამავდროულად მოარგოს თანამედროვეობას. ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფილმში ნაჩვენები იქნება ბეჭდური მედიის ციფრულით ჩანაცვლება. მირანდა პრისლი კი შეეცდება ამ ქარცეცხლში შეინარჩუნოს საკუთარი სახელი და დიდება. მანამ, სანამ ფილმის სიქველის მოლოდინში ვართ და ვცდილობთ არსებული მცირე დეტალებით წარმოვიდგინოთ როგორი იქნება იგი, ცოტა ხნით წარსულში დავბრუნდეთ და დავტკბეთ ნოსტალგიური მოგონებებით.

The Devil Wears Prada-ს პირველ ნაწილში მთავარ როლებს მერილ სტრიპი, ენ ჰეთევეი და ემილი ბლანტი ასრულებენ. მერილ სტრიპი მირანდა პრისლის როლს ასრულებს, ენი და ემილი კი მის ასისტენტებს, ანდრეასა და ემილის განასახიერებენ. მირანდა პრისლი ასე ვთქვათ ანა ვინტურის პროტოტიპია, იქ კი სადაც მისი სახელი გაჟღერდება, აუცილებლად იქნება მოდა, გემოვნება, სიმკაცრე და საყვარელი საქმისადმი თავგანწირვა. შესაბამისად, სიუჟეტი ამ ყველაფრის ირგვლივ ტრიალებს.

devil wears prada

ფილმი, ლორენ ვაისბერგერის 2003 წლის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. თუმცა წიგნი მოგვითხრობს ტოქსიკურ სამუშაო გარემოზე, საშინელ უფროსზე, დაუფასებლობაზე და ასე შემდეგ. ფილმიც რომ ამ კუთხით წასულიყო, შესაძლოა ამხელა სიყვარული და პოპულარობა არც ჰქონოდა. მასში სიუჟეტური ხაზი თითქოს იგივეა, მაგრამ სხვა რაკურსით არის ნაჩვენები. ყველაფერი გავლენიანი მოდური ჟურნალის, “Runway”-ის რედაქციაში გამოუცდელი, მოდისადმი გულგრილი დამოკიდებულების მქონე თანამშრომლის, ანდრეას დასაქმებით იწყება.

Devil wears prada

პერსონაჟები ჩვენს თვალწინ იცვლებიან და იზრდებიან. ყველა მათგანს აქვს რაღაც ისეთი, რაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოგვცემს. მაგალითად მირანდა, არც ისე კეთილი პერსონაჟია, თუმცა არ არსებობს ადამიანი ვისაც ის არ უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად მკაცრი და ცივია. მირანდა პრისლი არის ქალი, რომლისგანაც ვისწავლეთ თავდადების აუცილებლობა საყვარელ საქმიანობაში, გვასწავლა სტილისა და ჩაცმის კულტურა და გაგვიზიარა კულუარული ამბები მოდის სამყაროდან. ის, თუ რას ნიშნავს გეცვას შანელი, რამდენად მაღლდები მაშინ როცა ატარებ პრადას და რამდენად დიდი განსხვავებაა თითქოსდა ერთნაირ ორ ფერს შორის.

Devil wears prada

ანდრეა ნამდვილი ინსპირაციაა მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანებისთვის. მისი მეშვეობით შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, როგორ შეუძლია გშთანთქას მოდის სამყარომ. ემილი კი იმ თანამშრომლის სახეა, როგორიც არ უნდა იყო, თუ არ გსურს რომ განვითარება შეწყვიტო და მეორე ადგილზე გადაგანაცვლონ. ეს არის ფილმი საოცნებო სამყაროზე. როგორც მირანდამ თქვა „everybody wants to be us“ და დიახ, სირთულეების, ცრემლების და სტრესული რეჟიმის მიუხედავად, ყველას გვინატრია წამით მაინც ანდრეას ადგილზე ყოფნა.

ცნობილი სახეები, ლამაზი და ძვირფასი კაბები, საყვარელი დიზაინერები, მაღალი მოდის ჩვენებები, გადაღებები... შეუძლებელია ამ სამყარომ არ მიგიზიდოს.  მირანდა კი იმდენად საკულტო პერსონაჟია, მის ადგილას თავის წარმოდგენა ოცნებებშიც კი გვიჭირს. ამ ფილმმა სამუდამოდ დაიკავა ადგილი ჩვენს გონებასა და გულებში, იმდენად ღრმად რომ ერთ-ერთი საკულტო ბრენდის დანახვისას გვახსენდება ეშმაკი, რომელიც ატარებს პრადას. საოცარია რომ ბრენდი ფილმის სახე კი არ გახდა, პირიქით, ფილმი გახდა პრადას სახე.

დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი სულმოუთქმელად ელოდება ფილმის მეორე ნაწილს, ახალ დრამებს, ახალ შთაგონებებს, ინსპირაციებსა და მოტივაციებს. მანამდე, თვალი გადავავლოთ საკულტო ფილმის პირველ ნაწილს და გავიხსენოთ კარგად ნაცნობი, მაგრამ მონატრებული სამყარო.

ზევით