#მოდა

დრის ვან ნოტენის გედის სიმღერა

გაზიარება:

| ნინა სიმსივე |

39 წლიანი კარიერის შემდეგ, ბელგიელმა დიზაინერმა მოღვაწეობის ერა საფრანგეთში, პარიზში მამაკაცის მოდის კვირეულზე დაასრულა და ეს ბელგიელი დიზაინერის გედის სიმღერა იყო.

ის, რომ 22 ივნისს, პარიზის მოდის კვირეულზე დრის ვან ნოტენის ბოლო კოლექციას ვიხილავდით, მოდის სამყაროსთვის სიახლე არ ყოფილა. რამდენიმე თვის წინ, დიზაინერმა მსოფლიო მოდა გააოცა განცხადებით, რომ საკუთარი ლეიბლის მოდის სახლს ტოვებდა: „ჩემი ოცნება, მოდაში ჩემი კვალი დამეტოვებინა, ახდა! ახლა მსურს დავკავდე იმით, რისთვისაც დრო არასდროს მქონდა“.

ბელგიელი დიზაინერის ერთგულ გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ მას მცენარეების უზარმაზარი ბაღი აქვს და ყველაზე დიდ სიამოვნებას მათი მოვლით იღებს. დრის ვან ნოტენი მთელ თავისუფალ დროს სწორედ ამ მცენარეების მოვლას უძღვნის. კოლექციების თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი საკუთარი მცენარეების ბაღი დიზაინერისთვის და ინსპირაციის რამხელა წყაროა. 

dris van note, დრის ვან ნოტენი
კოლექცია გაზაფხული-ზაფხული 2023

დრინს ვან ნოტენს თავისუფლება უყვარს და მისი სწრაფვა თავისუფლებისკენ კოლექციებში კარგად ჩანს. ამ შეგრძნებას კი ამძაფრებს მცენარეების პრინტები, თითქოს ერთმანეთთან შეუსაბამო საოცარი ფერები, უცხო ქსოვილები.

dris van noten, დრის ვან ნოტენი
კოლექცია გაზაფხული-ზაფხული 2022

პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექცია კი დრის ვან ნოტენის საოცარი ეპოქის ერთგვარი შეჯამებაა.  ეს მისი დიდებული კარიერის გამოძახილია, გედის სიმღერაა, დამშვიდობება, მაგრამ არა სევდიანი, არამედ პირიქით, შოუს ყველა დეტალში ნათელი მომავალი იკითხება.

ეს კოლექცია დრის ვან ნოტენის გედის სიმღერაა

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენებას, სცენაზე მეტალის ტექსტურის დეტალები ეყარა, სიღრმეში კი უზარმაზარი ბრჭყვიალა, სარკეებიანი ბურთი იყო ჩამოკიდებული და მიღებულ სინათლეს მთელ სივრცეში აფრქვევდა. პროექტორის მეშვეობით დამსწრე საზოგადოებას შეეძლო დრის ვან ნოტენის წარსულის შედევრებისთვის შეევლო თვალი. როგორც ყოველთვის, კოლექცია დახვეწილი და ორიგინალური იყო. ფართომასშტაბიანი ბოტანიკური მოტივები სუმინაგაშის საშუალებით იყო გადმოცემული, რომელიც იაპონური მარმარილოს ტრადიციული ტექნიკაა და 1000 წლითა დათარიღებული.

დრის ვან ნოტენი, dris van noten

კოლექციის შთაგონებად დრის ვან ნოტენმა ბელგიელი არტისტი ედიტ დეკინდტი დაასახელა.  ამიტომ ჩვენებაზე გამჭვირვალე სამოსის არსებობა მოულოდნელი არ იყო. ფერები უმეტეს წილად ხასიათის შესაფერისი - მუქი და ემოციური.

მთელი ჩვენების მანძილზე ნოსტალგიური ტალღა იგრძნობოდა და სუფევდა შეგრძნება, რომ რაღაც დიდის დასასრულის დამსწრენი ვიყავით. ჩვენება 62 წლის მოდელმა ალენ გოსუინმა გახსნა, რომელიც დიზაინერის სულ პირველ ჩვენებაზეც გახლდათ, რამაც კიდევ უფრო მეტი დრამა შესძინა საღამოს. მუსიკა შესანიშნავად ეხამებოდა კოლექციას, წყნარი და ემოციური, დევიდ ბოუვის კომპოზიციიდან აღებული ელემენტებით.

ალენ გოსუენ, დრის ვან ნოტენი, dris van noten
მოდელი ალენ გოსუინი

ეს იყო ნოსტალგიური საღამო, სადაც მაღალი საზოგადოება და მათ შორის დიზაინერის ძველი მეგობრები შეიკრიბნენ და დრის ვან ნოტენის დიზაინერულ კარიერას გამოემშვიდობნენ. საინტერესოა ვინ ჩაანაცვლებს მას საკუთარი სახელობის ბრენდის მხატვრული დირექტორის პოზიციაზე.

ზევით