#მოდა

DUCHI - ნეოკლასიკურ აქსესუარებში ჩაქსოვილი ქართული ტრადიციები

გაზიარება:

ძნელია გვერდი აუარო და შეუმჩნეველი დაგრჩეს ორიგინალური სამკაულების ბრენდი რომელიც ჯერ შენს ყურადღებას, ძალიან მალე კი გულსაც იპყრობს. აქსესუარების ქართული ბრენდი Duchi ქართულ ბაზარზე 7 წლის წინ გამოჩნდა და არსებული კონკურენციის მიუხედავად, აქსესუარებში ჩაქსოვილი ქართული ტრადიციებით, ისტორიითა და მრავალფეროვნებით თავის დამკვიდრება მარტივად მოახერხა.

Duchi მოდის ინოვაციური აღქმის წყალობით დაიბადა, მისმა შემქმნელებმა თემო და ანი ყანჩაველებმა აქცენტი სახასიათო ნამუშევრებზე გააკეთეს, რომლებიც ჩვენთვის კარგად ნაცნობ ისტორიას ჰყვებიან. ერთ მშვენიერ დღესაც დიზაინერმა ანი ყანჩაველმა გამოხსნა კარადა და თავისი ძველი ქამრისგან შექმნა საყურე, იმდენად ლამაზი და მიმზიდველი, რომ ორი აზრი არ არსებობდა, ეს იყო ჩანასახი იდეისა, რომელიც ძალიან მალე მიიღებდა სერიოზულ სახეს. ასეც მოხდა, ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობით, შოურუმებში გამოჩნდა მონუმენტური სამკაულები, თვალშისაცემი მკვეთრი სტილით, განსხვავებული ფორმებითა და კომპოზიციით, რომლებმაც სამკაულის მოყვარულთა სიყვარული დაიმსახურეს.

ძველ ქართული თემატიკა ჩემი და ჩემი მეუღლის შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ადამიანი ვერ შექმნი რაიმე ისეთს, რაც შენი არ არის, Duchi და მისი ნიშა ჩვენი სულის გამოძახილია, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი წარსული, ჩვენი ოჯახი და ჩვენი ტრადიციები - თემო ყანჩაველი.

Duchi-ს სამკაულები ბეჭდების, ყელსაბამების თუ საყურეების ფართო ასრტიმენტს აერთიანებს, აქსესუარები ვერცხლის, ოქროსა და თითბრისგან იქმნება, კომპოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამკაულები ხშირად ნატურალური მარგალიტის, ბრილიანტისა და ცირკონის თვლებითაა გამდიდრებული.

„აქსესუარის შექმნამდე ჯერ ინსპირაცია მოდის, ყოველი წუთი, ყოველი დილა შეიძლება საწყისი იყოს რაიმე ახლისა. ჩვენი აქსესუარები ძირითადად ხელით იქმნება... ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხი და ამ ხარისხით კმაყოფილი მომხმარებელი. უკუკავშირი ჩვენს მყიდველებთან ხშირად ბადებს ინოვაციურ იდეებს, რომლებსაც სიამოვნებით ვიზიარებთ“ - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი თემო ყანჩაველი.

Duchi-სთვის, საქართველოს უძველეს ისტორიასა და კულტურაში მიღებული ინსპირაციის გარდა, თანამედროვე მოდის სფეროც კვლევის მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენს. თემო და ანი ცდილობენ ეტაპობრივად გადავიდნენ ისეთი აქსესუარების წარმოებაზე, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ გამოფენასა თუ მოდის კვირეულზე იქნება გამორჩეული, თუმცა, იმავდროულად, თემატურად მორგებული მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებზე.

„ჩვენი ახალი კოლექცია მიქელანჯელოს შედევრის - დავითის ძეგლის სხვადასხვა ნაწილისგან შექმნილ აქსესუარებს მოიაზრებს, მომხმარებელი მალე გაიცნობს დავითი თვალის, ყურის, ტუჩებისა და ცხვირის ინსპირაციით შექმნილ სამკაულებს“ - თემო ყანჩაველი.

Duchi-ს ქართულ ბაზარზე 7-წლიანი ოპერირების, ბრენდის ცნობადობისა და პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, მომავალი წლიდან ბრენდის დამფუძნებლები შოურუმის გახსნას გეგმავენ, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ და შეიძინონ პროდუქცია, ყოველ შაბათ-კვირას კი იქნება გამოფენა-გაყიდვა და ღვინის დეგუსტაცია. სამომავლო გეგმის განხორციელებამდე კი Duchi-ს სამკაულების შეძენა სოციალური ქსელის მეშვეობით არის შესაძლებელი.

ზევით