#დეკორი

DUNE-ის მომავლის ჰარმონიული არქიტექტურა

გაზიარება:

უკვე მოასწარით სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ახალი კინოადაპტაციის ხილვა? თუ არა, იცოდეთ, რომ წინ დიდი სიამოვნება გელით, არა მხოლოდ იმიტომ რომ Dune-ს დიდებული სამსახიობო შემადგენლობა ჰყავს, არამედ იმ სპეც-ეფექტების, გარემოსა და აქტიტექტურის დამსახურებითაც კი, რომელიც ფილმში სუფევს.

დღეს ჩვენი ყურადღება, სწორედ ფილმის მომავლის ჰარმონიული არქიტექტურისკენ გვსურს მივმართოთ, როგორი იქნება სამყარო 20 ათასი წელიწადის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხი Dune-ის შემქმნელებს ნამდვილად აქვთ. დენი ვილნევმა, რომელსაც  Blade Runner 2049 ეკუთვნის, იცის როგორ შექმნას მომავლის ხედვა, არა მხოლოდ სპეც-ეფექტებით, არამედ დიზაინერთან სწორი კომუნიკაციითა და რეალური დეტალებით.

Dune-სთვის ვილნევმა პატრიკ ვერმეტთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მათ 1965 წელს გამოსული ფრენკ ჰერბერტის საკულტო წიგნის სამყაროებისა და პლანეტების ზუსტი ვიზუალი, მათი მთავარი მახასიათებლები და გარემო წარმოიდგინეს, შემდეგ კი იდეალურად შეასხეს ფრთები ამ წარმოდგენებს.

პლანეტა არაკისის ქალაქ არაკენში უზარმაზარი, წახნაგოვანი შენობებია აღმართული, რათა წიგნში აღწერილმა 750 კილომეტრ-საათში მოძრავმა ქარებმა, მასზე ნაზად ისრიალონ, სახლები სქელი ქვებისგანაა ნაშენები და არც ერთ მათგანს არ გააჩნია ფანჯარა, მათ ნაცვლად ნათელი ჭებია გამოყენებული, რაც პლანეტის კლიმატით აიხსნება - არაკისზე ხომ ძალიან ცხელა.

არაკენის იერსახეზე მრავალფეროვანმა არქიტექტურულმა სტილმა იქონია გავლენა, მათ შორის ეგვიპტურმა პირამიდებმა, მეორე მსოფლიო ომის ბუნკერებმა, მესოპოტამიის ზიგურატებმა, ბრაზილიურმა არქიტექტურამ და 1960-70-იანი წლების იტალიურმა სტილმაც კი. გავლენის მიუხედავად ვერმეტს სურდა ფილმისთვის რაიმე განსხვავებული და ორიგინალური შეექმნა, როდესაც 7-თვიან კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა, დიზაინერმა პირველი ნიმუშები 16 წლის ვაჟს აჩვენა და ჰკითხა მიამსგავსებდა თუ არა ამ ნახატებს რომელიმე ფილმს ან ვიდეოთამაშს და მსგავსი დეტალის აღმოჩენის შემთხვევაში მას აუცილებლად ცვლიდა.

მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა მფრინავი საშუალებების შექმნაც, რადგან ერთი მხრივ ისინიც განსხვავებული უნდა ყოფილიყვნენ, მეორე მხრივ კი მათი დანახვისას სანდოობის შეგრძნება უნდა გასჩენოდა მნახველს, როგორც ვერმეტი თვლის, მან ამ დავალებასაც გაართვა თავი.

ზევით