#მოდა

ეკო-მეგობრული მოდა

გაზიარება:

TheDiary-ის რედაქცია იმ მოდის სახლებს წარმოგიდგენთ, რომლებიც წარმოებაში ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებენ, აქვთ მდგრადი პრაქტიკა და მათთვის ბიზნესის საწყისი მორალია. გადამუშავებული ქსოვილებით შექმნილი მოდური სამოსი, ვეგანური ტყავის ქურთუკი, თუ ტრენდული აქსესუარი - არჩევანი ბაზარზე დღეს საკმაოდ დიდია. სამოსის ყიდვისას კი, მომხმარებლებს მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი სწრაფი მოდის ნივთებს და არჩევანი ისეთ პროდუქტზე გავაკეთოთ, რომელიც ჩვენს ერთადერთ საცხოვრისს - დედამიწას საფრთხეს არ უქმნის.

VEJA

VEJA

ერთ წყვილს Veja-ს ნებისმიერი ფეშენისტას გარდერობში აუცილებლად აღმოაჩენთ. ტრენდული ბრენდის ფეხსაცმელი არამხოლოდ ძალიან მოდურია, არამედ ეკო-მეგობრულიცაა. ისეთი ინოვაციური მასალების გამოყენებით, როგორიცაა კაუჩუკი და გადამუშავებული პლასტმასის ბოთლები, Veja ხმამაღალ განაცხადს აკეთებს: ფეხსაცმელი შეიძლება იყოს ტრენდული და ამავდროულად ეკო-მეგობრული. მოკლედ, Adidas თუ Veja, დღეიდან ეს უკანასკნელი ჩემს shoping list-შია უდავოდ.

STELLA MCCARTNEY

stella mccartney

სტელა მაკარტნი დიდი ხანია ერთ-ერთი იმ ბრენდთაგანია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს “სამყაროზე მზრუნველის“ სტატუსს. ბრენდი პიონერია ვეგანური ტყავის და მდგრადი სამოსის წარმოებაში. როგორც ვხედავთ, მაღალ მოდას შეუძლია ეთიკურ პრინციპებს შეესაბამებოდეს. მაკარტნის ერთგულება ცხოველთა კეთილდღეობისა და ეკო ცნობიერებისადმი, მოდის სამოსის წარმოებაში მაღალ სტანდარტს აყალიბებს.

REFORMATION 

ეკო მეგობრული მოდა

მოდის გიგანტურ ინდუსტრიაში ყველაზე მთავარი მომხმარებლის ინფორმირებულობაა. მომხმარებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს ჩაიცვას პოლიესტერი, თუ გადამუშავებული ბამბის სამოსი. სწორედ ეს არის ანგელოზთა ქალაქში (LA-ში) შექმნილი ბრენდის კონცეფცია. Reformation მომხმარებელს თითოეული პროდუქტის გარემოზე ზემოქმედების შესახებ აწვდის დეტალურ ინფორმაციას და ეხმარება მას ინფორმირებული, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

Reformation-ის ისტორია კი 2009 წელს, ლოს-ანჯელესში ვინტაჟური ტანსაცმლის გაყიდვით დაიწყო. კომპანია სწრაფად განვითარდა და  საკუთარი ნივთების წარმოებაც დაიწყო, თუმცა არა ეკო-მეგობრულობის გვერდით ავლით. მდგრადობა და გარემოზე ზრუნვა ბრენდის მთავარი ხაზია.

EILEEN FISHER

sustainability

Eileen Fisher ნიუ-იორკული ბრენდია, რომლის ფილოსოფიაც ეკო-მეგობრულობას ემყარება. მოდის სახლი ორგანულ და მდგრად მასალებს იყენებს და რაც მთავარია, სამართლიან შრომით პრაქტიკას უჭერს მხარს. გამომძიებელი ჟურნალისტები საზოგადოებას ხშირად გვაწვდიან ინფორმაციას მასიური წარმოების ბრენდების მხრიდან სამუშაო უფლებების დარღვევის და დაქირავებულების მიმართ არაეთიკური დამოკიდებულების შესახებ. ეს მოდის ინდუსტრიის ასევე ერთ-ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. საინტერესოა რომ Eileen Fisher-ს აქვს „დაბრუნების პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ნახმარი სამოსი დააბრუნოს, რასაც შემდგომ წარმოება გადაამუშავებს და შექმნის ახალ სამოსს.

AMOUR VERT 

მდგრადი მოდა

Amour Vert-ის სამოსი კარგი მაგალითია იმისა, რომ მდგრადი მოდა ესთეტიკას მოკლებული არაა. ბრენდი, რომელიც 13 წლის წინ კალიფორნიაში შეიქმნა, წარმოებაში ორგანულ ბამბასა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა მასალას იყენებს. Amour Vert-ის ინიციატივა „იყიდე მაისური, დარგე ხე“, მისაბაძია. კომპანია თითო გაყიდული ბამბის მაისურიდან $1-ს ხის დარგვის ინიციატივაში ხარჯავს.

ზევით