#მოდა

ELIE SAAB-ის სამოთხე დედამიწაზე

გაზიარება:

მოდის სამყაროში არსებობენ დიზაინერები და არსებობს ელი სააბი, ინდუსტრიის ვირტუოზი შემოქმედი, რომელიც საკუთარი ხელით ქმნის ქალის ხატებას, ისეთს, როგორსაც ვერავინ გაიმეორებს. ლიბანელი დიზაინერის ფემინურობის აღქმა და მისი გაღვთიურება ყოველთვის იყო სააბის ხელწერა, რომელსაც იგი არასდროს ღალატობს.

„ვგრძნობდი, რომ ჩემი კლიენტები შვებას ეძებდნენ, მათ სურდათ მოციმციმე, ფერადი და ცოცხალი სილუეტები“ - აღნიშნა ელი სააბმა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხული Haute Couture-ის შესახებ საუბრისას და თაყვანისმცემლებს სწორედ ის წარუდგინა, რასაც მისგან ყველაზე მეტად ელოდნენ - გრაციოზული კოლექცია, სახელად „სამოთხე დედამიწაზე“.

პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე, Elie Saab-ის კოლექცია კვლავ არ ღალატობს მემკვიდრეობას და ხმელთაშუა ზღვის სილამაზეს მიეძღვნა. "სამოთხე დედამიწაზე" მნახველს ზეციურ სამყაროში ამოგზაურებს, თითოეული კაბა თავის ისტორიას მოგვითხრობს, სხვადასხვა ადგილს გვაცნობს და ხმელთაშუა ზღვის ისტორიით, კულტურითა და რელიეფით იწონებს თავს.

დროში მოგზაურობის ეს წარმოუდგენელი გამოცდილება უნიკალურია, უხვი ფაქტურები და განსხვავებული, ორგანული ფორმები სინთეზში საინტერესო ტანდემს ქმნიან. Elie Saab-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში ხმელთაშუა ზღვის წარმტაცი დაისი ირეკლება, საუკუნოვან მოგზაურობაში ბერძნებისა და რომაელების მითები მიგვიძღვებიან, აბრეშუმის ქსოვილები აბსტრაქტულ სანახაობას წარმოგვიდგენენ, მბზინავი დეტალები აღგვაფრთოვანებენ, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მსუბუქად და ჰაეროვნად გვეჩვენება.

ელი სააბის „სამოთხე დედამიწაზე“ იმის შეხსენებაა, რომ ჩვენ არა მხოლოდ გარშემორტყმულები ვართ ღვთაებრიობით, არამედ მისგან ვართ შექმნილი.

ზევით