FENDI რომის წარსულისა და აწმყოს გზაგასაყარზე

რომის კულტურისა და ისტორიის შთაგონებით, კიმ ჯონსმა იტალიური მოდის სახლი Fendi-სთვის შექმნილი, რიგით მეორე Haute Couture კოლექცია პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე წარადგინა. 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სილუეტები, რომლებშიც რომის წარსული და აწმყო ერთდროულად იყრის თავს, ღირსეული, დიდებული და იმპერიული ელფერით გამოირჩევიან.

კიმ ჯონსის ჩვენება მაღალი მოდის კვირეულის ყველაზე დრამატულ სანახაობად იქცა. ეს გახლდათ სრული კინემატოგრაფიული ესკაპიზმი, რომლის შეთავაზება მოდის თაყვანისმცემლებისთვის მხოლოდ Haute Couture-ს შეუძლია. კვამლით დაფარული კულისები და რომის ისტორიული ნანგრევები, რომლებიც პოდიუმზე ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა, Fendi-ს კრეატიულმა დირექტორმა ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქალაქის წარსულის პატივსაცემად გამოიყენა. რაც შეეხება მაღალი მოდის ქმნილებებს, დიზაინერმა არჩევანი რომაული სულის გრაციოზულობაზე გააკეთა.

როდესაც რომის ქუჩებში დადიხარ, შენ ავტომატურად ქალაქის წარსულსა და აწმყოში მოგზაურობ -  კიმ ჯონსი.

სამეცნიერო და ასტრალური ფანტაზიით გაერთიანებული სილუეტები, დელიკატური ქსოვილები, მათ შორის აბრეშუმი, ორგანზა და ხავერდი, ოსტატურად შესრულებული ნაქარგები, მარგალიტის დეტალები, რომლებიც ქალღმერთების პატივსაცემად გამოიყენეს და თვალისმომჭრელი ამეთვისტო, როგორც აქსესუარების განუყოფელი ნაწილი - ეს Fendi-ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ვერბალური აღწერილობა გახლავთ. თუმცა კოლექცია, როგორც ტრანსცენდენტური კვლევა, რომელიც წარსულისა და აწმყოს ჰარმონიულ შერწყმას წარმოგვიდგენს და ქალების ძალაუფლებასაც უსვამს ხაზს, აჯობებს საკუთარი თვალით იხილოთ.

ზევით