#მოდა

გაზაფხული/ზაფხულის მოდური შთაგონება - სარა ბარტონი ALEXANDER MCQUEEN-თვის

გაზიარება:

სარა ბარტონის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია Alexander McQueen-თვის, მსოფლიო პანდემიის შემდეგ პირველი ჩვენება გახლდათ, რომელიც დამსწრე საზოგადოების თანხლებით გაიმართა. ლონდონში, მოდის სახლის სახურავზე, გამჭვირვალე გიგანტურ ბაბლში, მოდის ჩვენება მოეწყო, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის კოლექციების მთავარი ტრენდები განსაზღვრა.

დღეს, სარა ბარტონის კოლექცია იმაზე რელევანტურია, ვიდრე ოდესმე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში ყველა აქტიურად ვცდილობთ გარდერობის განახლებას, შესაძლებელია შთაგონება Alexander McQueen-ის SS 2022-ის კოლექციიდან მივიღოთ და ჩვენებაზე წარმოდგენილი ფერები, ფაქტურები თუ სილუეტები ჩვენს გემოვნებასა და სურვილებს მოვარგოთ.

როგორც დიზაინერმა ჩვენების დასრულების შემდეგ აღნიშნა, მისი კოლექცია ცის „მუდამ ცვალებადი, ყოვლისმომცველი ბრწყინვალებით“ გახლდათ შთაგონებული, რაც უშუალოდ კოლექციის ფერებშიც ნათლად აისახებოდა. პასტელური ცისფერი ფერი ბრიტანული მოდის სახლის ხელწერად ქცეულ გოთიკურ სტილს იმდენად სრულყოფილად ერწყმოდა, რომ შეუძლებელი იყო ამ ტანდემს გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე გავლენა არ მოეხდინა.

სანამ სარა ბარტონს ცის მრავალფეროვნება სამოსზე ექსპრესიული პრინტების სახით გადაჰქონდა, მას არც ბუნების ძალისა და ამინდის კონტრასტულობის ჩვენება დავიწყებია, ეს კი მოდის სახლის კრეატიულმა ხელმძღვანელმა ფემინურობისა და მასკულინობის დაბალანსებული ჩვენებით წარმოგვიდგინა. 

Alexander McQueen-სეული გაზაფხული/ზაფხულის ტრენდები ფერად, გამომხატველ სილუეტებს, ასიმეტრიულ ჭრილებს, მბზინავ დეტალებს, კორსეტებსა და ბევრ მხიარულებას მოიაზრებს.

„მომწონს იდეა მაკუინის ქალი ქარიშხლის მაძიებელი იყოს... შტორმის ძიება არ გულისხმობს მხოლოდ ვიზუალურ სილამაზეს, ის აგრეთვე იდუმალებისა და მღელვარების სიმბოლოა, იმის ნიშანი, რომ ვერასდროს გავიგებთ რა მოხდება მომავალში“ - სარა ბარტნონი

ზევით