#მოდა

გრეის კელი - ელეგანტურობის სტანდარტი დროსა და ტენდენციებს მიღმა

გაზიარება:

„მას, რაც გრეისს სხვებისგან გამოარჩევს, ჩვენ სტილს ვუწოდებთ“ - ამ სიტყვებით აღწერა ამერიკულმა გამოცემა McCall-მა 1955 წელს მითიური ფენომენი „გრეის კელის ელფერი“, რომელიც ელეგანტურობისა და დახვეწილი გემოვნების სტანდარტად არის აღიარებული დროსა და ტენდენციებს მიღმა.

XX საუკუნის 50-იანი წლების ამერიკული კინოს მშვენებამ და მონაკოს პრინცესამ, ალფრედ ჰიჩკოკის რჩეულმა მსახიობმა,  ორი „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ჯილდოს მფლობელმა, გრეის პატრიცია კელიმ  სიყვარული და აღიარება შესრულებული როლებით, გამორჩეული გარეგნობითა და დახვეწილი სტილით მიიპყრო. 

პიროვნული თავშეკავებულობა, მშობლების მკაცრი დისციპლინა და სპორტული აღზრდის მეთოდები, სურვილი, ყოფილიყო აღიარებული მსახიობი - თითოეული ასპექტი ნათლად აისახა გრეის კელის ლაკონიურ პირად სტილზე და პრინცესა ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა საკულტო ფიგურად ჩამოაყალიბა.

მის კელი, ჰოლივუდის დედოფალი

1953 წელს კინოთეატრებში ჯონ ფორდის ახალი ფილმის, Mogambo-ს პრემიერა გაიმართა, კლარკ გეიბლისა და გრეის კელის მონაწილეობით. ცისფერთვალება, ქერა მსახიობი უკვე ცნობილი იყო ამერიკული კინოს მოყვარულთათვის, თუმცა ეს ფილმი და როლი გრეის კელის ოფიციალურ სტარტად ითვლება ჰოლივუდის დიდებისკენ მიმავალ გზაზე. 

გრეისი ყოველთვის გამოირჩეოდა თანამედროვეებს შორის. „მის კელი“, როგორც მას პრესაში ეძახდნენ, უფრო მეტად ჰგავდა თოვლის დედოფალს, ვიდრე ჰოლივუდის ვარსკვლავს, რომელიც მზად იყო ყველაფრის გასაკეთებლად ყურადღების ცენტრში რომ დარჩენილიყო. 

22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც უკვე გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი უდიდეს ამერიკულ კინოსტუდიასთან (MGM), უპირატესობას მინიმალურ სტილს, პერანგებს, მაღალი ხარისხის ტვიდის კოსტიუმებს, ქუდებს და დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებდა.

გოგონა თეთრ ხელთათმანებში

ქერა, ტალღოვან თმასთან ერთად თეთრი ხელთათმანები გრეის კელის სავიზიტო ბარათად იქცა ჰოლივუდში, რითაც მსახიობი მისი კოლეგებისგან და ექსტრავაგანტური პერსონებისგან გამოირჩეოდა. 

50-იანი წლების შუა ხანებში თეთრი ხელთათმანები განათლებული, კეთილშობილი გოგონების საყვარელი ატრიბუტი იყო, რომლებიც მკაცრად იცავდნენ ეტიკეტის წესებს, რომლის მიხედვითაც ეს აქსესუარი საჭირო იყო ქუჩაში, ეკლესიაში, ოფიციალურ ვახშამზე ან თეატრში. მიუხედავად ამისა, კინოინდუსტრიაში ეს მოდის ტენდენცია ისეთი არაპოპულარული აღმოჩნდა, რომ რეჟისორ ფრედ ზინემანს დიდხანს, ცხადად ახსოვდა გრეის კელისთან შეხვედრა, რადგან მასთან თეთრი ხელთათმანებით არასდროს არავინ მისულა. 

ალფრედ ჰიჩკოკი, რომელიც ქერა ლამაზმანის სილამაზით იყო მონუსხული  და ხშირად თანამშრომლობდა მასთან გადასაღებ მოედანზე, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გრეისის კოსტიუმებს: კელის სრულყოფილი ჩაცმულობა ყოველთვის ასახავდა მისი პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას.

საუკუნის ქორწილი

1956 წლის იანვარში The Country Girl-ში შესრულებული როლისთვის, გრეის კელის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში „ოსკარი“ გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მონაკოს პრინც რანიე III-ზე დაინიშნა და სულ მალე სამყაროს ამერიკელი ლამაზმანისა და პრინცის სამეფო ქორწილი ელოდა.

MGM-მ სტუდიომ სურვილი გამოთქვა გრეის კელის რელიგიური და სამოქალაქო ქორწილის ცერემონიებისთვის საპატარძლო კაბა საჩუქრად გადაეცა, რომელსაც სტუდიის კოსტიუმების დიზაინერი ჰელენ როუზი თავად შექმნიდა. 

საქორწინო კაბა

ნიშნობის ცერემონიისთვის ჰელენ როუზს უკვე მზად ჰქონდა მონახაზი ზღაპრული საპატარძლო კაბების, რომელსაც გრეის კელი მოირგებდა. ჰელენი კარგად იცნობდა როგორც მსახიობს, აგრეთვე მის გემოვნებას, მათ ხომ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ MGM-ის ფილმებზე მუშაობის პარალელურად. სწორედ ამიტომ, მონაკოს რიგით X პრინცესის ორივე საპატარძლო კაბა იდეალურად იმეორებდა გრეისის ელეგანტურ სტილს და დახვეწილობას.

პრინცის სასახლეში გამართული სამოქალაქო ცერემონიისთვის ჰელენ როუზმა ღია ვარდისფერი კაბის დიზაინი შექმნა, რომელსაც კრემისფერი მაქმანები ამშვენებდა. რაც შეეხება მეორე საპატარძლო კაბას, ის მეტ ძალისხმევას და ფანტაზიას მოითხოვდა, რადგან მასში გრეის კელის თავი ნამდვილ პრინცესად უნდა ეგრძნო.

გრეის კელის მარადიული შთაგონების წყაროს - საპატარძლო კაბის შესაქმნელად 35 მკერავი 6 კვირის განმავლობაში საიდუმლოდ მუშაობდა. ხელოვნების ნიმუშს 25 მეტრი სიგრძის სპილოსძვლისფერი აბრეშუმის თავსაბურავი, 100 მეტრის ბრიუსელის მაქმანები და მარგალიტების ნაქარგები ამშვენებდა.

გრეისს საუკუნის პატარძალი, ცერემონიას კი საუკუნის ქორწილი უწოდეს. 9 ქვეყნის 30 მილიონამდე ადამიანი მოწმე გახდა სამეფო ქორწინების, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო. გრეისის ცხოვრება წარსულში დარჩა, ახლა ის მონაკოს პრინცესა გახლდათ, ახალი ცხოვრებითა და მასთან ერთად ახალი სტილით.

გრეისი, მონაკოს პრინცესა

ახალი როლის მორგების შემდეგ, ბუნებრივია, გრეისს მოუწია სტილის დეტალების შეცვლა და იმ დიზაინერებთან ურთიერთობის გადახედვა, რომელთანაც ოდესღაც თანამშრომლობდა. ერთადერთი დიზაინერი, რომელიც კელის ცხოვრებაში მას შემდეგაც დარჩა, რაც ის მონაკოს პრინცესად მოევლინა, კრისტიან დიორი იყო.

გრეისი ფრანგი დიზაინერებიდან კრისტიან დიორს განსაკუთრებულად სცემდა თაყვანს, ოფიციალურ ვიზიტებზე თუ წვეულებებზე მონაკოს პრინცესა ხშირად არჩევანს სწორედ Dior-ზე აკეთებდა და ლეგენდარული დიზაინერის ქმნილებებში ბრწყინავდა კიდევაც.

„წელიწადში ორჯერ  ვფიქრობ, რა ტანსაცმელი მჭირდება უახლოეს თვეებში. შემდეგ, როგორ წესი, პარიზის მოდის სახლებს ვთხოვ გამომიგზავნონ ესკიზები“ - გრეის კელი

გრეის კელი უპირატესობას ანიჭებდა კლასიკურ კოსტიუმებს ისეთი მოდის სახლებისგან, როგორიცაა Madame Grès და Balenciaga. მონაკოს პრინცესა ასევე იყო Chanel-ის, Yves Saint Laurent-ის, Givenchy-ის კლიენტი და მხარს უჭერდა მაღალი მოდის დიზაინერებსაც მონაკოდან და ნიცადან.

პრინცესა გრეისის სამკაულები: ფუფუნებისა და პოეზიის საზრიანი კომბინაცია

„მარგალიტები ძვირფასი ქვების დედოფალია, შექმნილი დედოფლებისთვის“ - გრეის კელი „აფროდიტეს ცრემლების“ მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. პრინცესა გრეისს ჰქონდა ბრწყინვალე უნარი სამკაულები და კოსტიუმები ერთმანეთისთვის იდეალურად შეეხამებინა. გრეისი აღმერთებდა ისეთ საიუველირო სახლებს, როგორებიც Van Cleef & Arpels, Cartier, Bulgari, Chaumet თუ Chopard იყვნენ.

გრეის კელის ნიშნობის ბეჭედი, რომელსაც 10,47 კარატიანი ზურმუხტისფერი ბრილიანტი ამშვენებდა, მომავალი პრინცესისთვის Cartier-ის სახლმა დაამზადა.

გრეის კელის სტილის განუყოფელი სილუეტები და ძვირადღირებული სამკაულები არაერთხელ გამოიფინა მუზეუმებში. მონაკოს პრინცესას მემკვიდრეობამ კუთვნილი ადგილი Christian Dior-ის მუზეუმშიც დაიკავა. 

ზევით