ღვინო ვარსკვლავური ვენახებიდან

ჩვეულებრივი ამბავია, როცა ვარსკვლავები საქმიანობის პარარელურად ახალ ბიზნესს იწყებენ. მაგალითად, ზოგიერთი საკუთარი ვენახების მოვლასა და ღვინის წარმოებას იწყებს. 

 

ბერიმორის ღვინო

ბოლო დროს ხშირად გვხვდება კოლაბორაციები ღვინის სახლსა და ცნობად სახეებს შორის. მსახიობ დრიუ ბერიმორის შემთხვევაშიც მეღვინე კომპანია Carmel Road არის, ხოლო ღვინოს Barrymore Wines ქვია. ღვინოები მკვეთრი, განსაკუთრებული არომატითა და უნიკალური ხასიათით გამოირჩევა, და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს ღვინის მოყვარულებშიც კი. 

დრიუ ბერიმორის ღვინო

 „ეს ზუსტად ის ღვინოა, რომელსაც ჩემს დაქალებთან ერთად კვირა საღამოს დავლევდი. ეს სასმელი ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. ურთიერთობები კი, შეიძლება ითქვას, ჩემი შთაგონების წყაროა“, - დრიუ ბერიმორი. ბერიმორის ღვინოები უკვე საკმაოდ წარმატებულია ამერიკაში, თუმცა სახელის მოხვეჭას საერთაშორისო ბაზარზეც აპირებს. იმედია, ჩვენც ძალიან მალე ვიხილავთ საქართელოს ღვინის სახლებში ამ „ვარსკვლავურ“ ღვინოს. 

 
ბექჰემების კაბერნე

სან-ფრანცისკოდან ერთი საათის სავალზე, ნაპას ხეობაში თავმოყრილ ვენახებში ამერიკის საუკეთესო ღვინოები ისხმება. ამერიკის ეს პატარა ხეობა, რომელსაც ღვინის მიწად მოიხსენიებენ, ყველაზე მეტად კლასიკური კაბერნეს სახეობითაა ცნობილი, რომელსაც მდიდარი და საოცრად ჰარმონიული არომატი აქვს. სწორედ ამ სახეობას ანიჭებენ უპირატესობას დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, რომლებიც ნაპაში საკუთარ ვენახს ფლობენ. 

ბექჰემების ღვინო

ღვინის მოყვარულმა ფეხბურთელმა ცოლს ეს ადგილი დაბადების დღეზე აჩუქა, როდესაც ვიქტორიას 34 წელი შეუსრულდა. მას შემდეგ წყვილი საკუთარი ღვინით ტკბება და საყვარელ სასმელს მეგობრებსაც ხშირად უზიარებს. ამ ყველაფერს ბიზნესის სახე ჯერ არ მიუღია. ბექჰემი ბიზნესგეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ურჩევნია საყვარელი ქალისთვის ნაჩუქარი ვენახი ოჯახურ საკუთრებად დარჩეს და კომერციულ მიზნებს არ მოემსახუროს. როგორც ჩანს, მაღაზიაში ბექჰემების ღვინო კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება.

 Beckhams vineyard

 

ბრანჯელინა

მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ  პიტი უკვე დიდი ხანია ერთმანეთს დაშორდნენ, მათმა დაშორებამ ბიზნესს არაფერი დააკლო – უგემრიელესი როზე უწინდებურ რეჟიმში მზადდება. 

ბრედ პიტის ღვინო

ჯერ კიდევ ბედნიერი თანაცხოვრება დასაწყისში წყვილმა „შატო მირავალი“ შეიძინა და საკუთარი როზეს ჩამოსხმა დაიწყო. ისინი ფრანგულ პროვინციაში მცხოვრებ მეღვინეებთან გაერთიანდნენ და უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმული ვენახი წარმატებული ბიზნესის წყაროდ აქციეს. შატოს განსაკუთრებული დატვირტვა ქონდა წყვილისთვის, სწორედ აქ პიტმა ჯოლის ხელი სთხოვა და აქვე გაიმართა მათი საქორწინო ცერემონია. 

„ელეგანტური არომატი, კენკრის, მანდარინისა და საზამთროს ჯადოსნური მიქსი, რჩეული სუნელების ნოტები და კრემის აქცენტი“

„მირავალის როზე“ ღვინის მოყვარულებში უკვე საკმაოდ ცნობილ ეტიკეტად ითვლება. დასტურად ის ფაქტიც კმარა, რომ მათი როზე  მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო როზედ შეაფასეს. 

 

ZORO-ს ვენახებიდან

სუპერგმირ „ზოროს“ საკუთარი ვენახი აქვს ესპანეთში, ვიალბა-დე-დუეროს მიდამოებში. ანტონიო ბანდეარის წითელ ღვინოსა და როზეს აწარმოებს და 1999 წლიდან ყიდის სასმელს, რომელსაც მაღაზიებში Anta Banderas-ის სახელით იცნობენ. 

antonio banderas

ანტონიოს ახდენილი ოცნება 230 ჰექტარზეა გადაჭიმული და თვალწარმტაცი ხედებით გამოირჩევა. ბანდერასმა, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა და აინტერესებდა ღვინის ისტორია და კულტურა, ვენახის ყიდვა ნათესავის რჩევით გადაწყვიტა და საყვარელი სასმელი საყვარელ ბიზნესად გადააქცია. მას მუშაობაში მეღვინე ძმები – ფედერიკო და ტეოდორო ორტეგები ეხმარებიან. 

კითხვაზე, რატომ აირჩია მაინცდამაინც ეს ადგილი, ბანდერასი პასუხობს: „აქ საუკეთესო მეღვინეები ცხოვრობენ. მათთვის ღვინის კეთება ხელოვნებაა, და საქმიანობას ყოველთვის შემოქმედებითად უდგებიან, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“.

 

 
საპრეზიდენტო ღვინოები

ტრამპის ოჯახი ძალიან ბევრს ბიზნეს ფლობს და მათ შორის ღვინის კომპანიას. უამრავი პრიზისა და ექსპერტების უმაღლესი შეფასებების მქონე პრემიუმკლასის ღვინო ვირჯინიის შტატში იწურება. Trump Winery უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და ვირჯინიის ყველაზე დიდ ვენახად ითვლება. აქვეა სასტუმროც, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დასარჩენ ადგილად ითვლება. Trump Winery სადეგუსტაციო ოთახითაც იწონებს თავს და სტუმრებს თბილი ატმოსფეროთი, რჩეული კერძებითა და დაუვიწყარი ხედებით ხვდება. 

Trump Winery-ს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის შვილი ერიკ ტრამპი მართავს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე უკვე კარგად იცნობენ, როგორც პროფესიონალ მეღვინესა და მარკეტერს, რომელიც ღვინის დისტრიბუციასა და რეკლამირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფს. სწორედ ერიკის დამსახურებაა, რომ ტრამპის ღვინოები დიდი ხანია, ამერიკის საზღვრებს გაცდა.

ზევით