#მოდა

HA HA HA კოლაბორაცია - ჰარი სტაილსმა Gucci-სთვის კოლექცია შექმნა

გაზიარება:

გუშინ მილანში, ტანსაცმლის ვინტაჟურ მაღაზიაში, Gucci-ს კრეატიულმა ხელმძღვანელმა ალესანდრო მიკელემ პრესასთან საუბრისას ახალი კოლაბორაციის დეტალები გაამხილა, როგორც აღმოჩნდა მოდის სახლმა ცნობილ ბრიტანელ მომღერალთან ჰარი სტაილსთან ითანამშრომლა და HA HA HA კოლექცია შექმნა.

25 ლუქისგან შემდგარი კოლექცია ტანსაცმლის შეხამების იმ სტილს აერთიანებს, რომელიც ორ მეგობარს განსაკუთრებულად უყვარს, როგორც მიკელემ აღნიშნა, ეს მათი „ოცნების გარდერობის“ ნაწილია. ალესანდროს თქმით თანამშრომლობის იდეა მრავალწლიანი სატელეფონო საუბრების, WhatsApp-ით კომუნიკაციისა და ღვინის ჭიქების თანხლებით გაჩნდა. „ყველაფერი ბავშვების თამაშის მსგავსად დაიწყო, ძალიან მარტივად“  - დასძინა დიზაინერმა, „კოლექცია რაღაც კონკრეტულს კი დაახლოებით ერთი წლის წინ დაემსგავსა“. HA HA HA კოლექცია ჰარისა და ალესანდროს კრეატიული იდეების გაცვლის გზით შეიქმნა, მათი დიალოგები შემოქმედებითი პროცესის პირდაპირი ნაწილი გახლდათ.

HA HA HA კოლექცია Gucci-სა და ჰარი სტაილს შორის ჯერჯერობით ყველაზე ღრმა თანამშრომლობაა. მართალია 28 წლის მომღერალი მოდის სახლის კამპანიების ნაწილი არაერთხელ გამხდარა და რეალურ ცხოვრებაშიც კი Gucci-ს ლუქბუქებიდან გადმოსულ მოდელს ჰგავს, თუმცა ეს კოლაბორაცია რაღაც ახლის, ბევრად საინტერესოს დასაწყისია.

ჰარი სტაილსი არ არის უბრალო სელებრითი Gucci-ს კონტრაქტით, მისი თაყვანისცემა მიკელეს შემოქმედების მიმართ რეალურია. ამ ორს დიდი მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც მაშინ დაიწყო, როდესც ჰარიმ One Direction დატოვა და სოლო კარიერის დასაწყებად ემზადებოდა, ალესანდროს კი Gucci ახალი ჩაბარებული ჰქონდა. „ჩვენ ერთად გავზარდეთ“ - განაცხადა მიკელემ, დიზაინერმა, რომელმაც ჰარი სტაილსს მოდის სამყაროს მიმართ ინტერესი გაუღვივა და ნამდვილ საკულტო ფიგურად აქცია.

ალესანდრო მიკელეს 70-იანი წლებით შთაგონებული სილუეტები HA HA HA კოლექციის ნამდვილ საყრდენს წარმოადგენენ, თუმცა გაშლილი შარვლები უკვე ჰარის ხელწერაა. კოლაბორაცია აგრეთვე მოიცავს ბრიტანული კლუბური ჩეკებით მორგებულ რამდენიმე მოსაცმელსა და ბლეიზერს, გლენის პლედს და ზოლებიან პატერნებს, რაც Gucci-ს ტიპური ბაროკოს ქსოვილებისგან კარდინალურად განსხვავებულია.

ზევით