ჰიგიენური საფენები - უსაფრთხოა თუ არა მათი გამოყენება?

მოგესალმებით გოგონებო! დღეს, ჩვენი თემა შეეხება ყიველდღიურ ჰიგიენურ საფენებს, თუ რამდენად უსაფრთხო და რეკომენდირებულია და მათი ყოველდღიური გამოყენება.

პირველ რიგში, მისასალმებელია ქალთა ის რაოდენობა, რომელიც არ იყენებს ჰიგიენურ საფენებს. ჰიგიენური საფენების მეტი წილი სხვადასხვა სინთეზური პლასტიკური ნივთიერების, სუნის გამანეიტრალებლების, დეოდორანტებისა და პარფიუმისგან შედგება.

მართალია, გოგონებს ძალიან მოგვწონს სისუფთავის შეგრძნება და პარფიუმის სუნი, მაგრამ ის ნივთიერებები, რაც ამ სისუფთავის შეგრძნებას ანიჭებენ საფენს, არც ისე უსაფრთხოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

ჰიგიენური საფენების ერთი შრე ასევე მზადდება კოტონისგან, მაგრამ კოტონის ნატურალური ფერი ისეთივე თეთრი არ არის, როგორიც საფენს აქვს. კოტონის გასათეთრებლად იყენებენ ნივთიერებას დიოქსინს. დიოქსინი კი ორგანიზმისთვის საკმაოდ საშიში ნივთიერებაა, რამაც ხანგრძლივი გამოყენების პირობებში შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. რა გავლენას ახდენს უშუალოდ საფენების ხანგრძლივი გამოყენება (იგულისხმება 20 - 30 წელი) და რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქალის ორგანიზმსა და რეპროდუქციულ სისტემას იმ სინთეზური ნივთიერებებისგან, რომლისგანაც საფენები მზადდება, ჯერჯერობით უცნობია, რადგან კვლევა საკმაოდ ხანგრძლივია, დროში გაწელილი და დაკვირვების პერიოდი მოიცავს ქალის თითქმის მთელ რეპროდუქციულ ასაკს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჯანმოს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) ცნობით ნივთიერება დიოქსინის ხანგრძლივი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე დაკავშირებულია იმუნური, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციის დაქვეითებასთან. რაც შეეხება საფენებში შემავალ პარფიუმსა და დეოდორანტებს, ისინი გავლენას ახდენენ საშოში არსებულ მეგობარ ბაქტერიებზე (ლაქტობაცილებზე ) და იწვევენ საშოს PH დარღვევას, რაც საბოლოოდ კარგ გარემო პირობებს ქმნის არამეგობარიბაქტერიების გასამრავლებლად და სოკოვანი ინფექციის განვითარებისთვის.

ჰიგიენური საფენი შესაძლოა თვითონ გახდეს ინფექციის წყარო და გახდეს სრულიად არაჰიგიენური.

მისი ერთი ზედაპირი დაფარულია გაუმტარი პლასტირის შემცველი მატერიისგან, რომლის მეშვეობითაც ჰიგიენური საფენი ხელსაყრელი გარემო ხდება ისეთი ბაქტერიებისთვის, როგორებიცაა ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი. საბოლოოდ კი ეს ბაქტერიები საფენიდან აღმავალი გზით მარტივად აღწევენ ქალის სასქესო ორგანოებს და იწვევენ ინფექციას. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, როდესაც ქალი ხშირად იყენებს ყოველდღიურ საფენს, რის შემდეგაც გამონადენის სიხშირე იმატებს და ქალი მასზე დამოკიდებული ხდება. ყოველდღიურმა საფენმა, ასევე ადგილობრივად, კანზე შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, შეწითლება და ქავილი.

აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია გარემოს დაბინძურება ჰიგიენური საფენებით, რომელსაც ძალიან დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი პლანეტისთვის. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გათვალისწინებით, ჰიგიენური საფენების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. 

ანა კაშია, მეანობა-გინეკოლოგიის ექიმი-რეზიდენტი

ზევით