#კინო

იტალიური კინოს ლეგენდა, სახელად მონიკა ვიტი

გაზიარება:

1960-იანი წლების დასაწყისში, იტალიელმა რეჟისორმა, მიქელანჯელო ანტონიონიმ მსახიობ მონიკა ვიტისთან ერთად ოთხი რევოლუციური ფილმი გადაიღო. ოთხივე მათგანს დღეს საკულტო სტატუსი აქვს მინიჭებული.

ათწლეულების განმავლობაში ბევრი დაიწერა ანტონიონის ფილმების შესახებ, კრიტიკოსები აქტიურად მიმოიხილავდნენ მის ნამუშევრებს, თუმცა ძალიან ცოტას ამბობდნენ მიქელანჯელოს მუზისა და შეყვარებულის, მონიკა ვიტის შესახებ. ეს ურთიერთობა, ძალიან ჰგავდა ჟან-ლუკ გოდარისა და ანა კარინას სასიყვარულო ურთიერთობას, რომელიც იტალიის მეზობლად, საფრანგეთში ვითარდებოდა.

მონიკა ვიტის შესახებ კინოსამყაროს მეტი უნდა ელაპარაკა, სამყაროსთვის, მომავალი თაობებისთვის უნდა გაეცნო იტალიური კინოს ლეგენდა, საოცრად ნიჭიერი და მრავალმხრივი მსახიობი, რომელიც დახელოვნებული იყო როგორც დრამაში, ასევე კომედიაში. 

მარია ლუიზა ჩიჩიარელი, შემდგომში სამყაროსთვის ცნობილი როგორც მონიკა ვიტი 1931 წელს რომში დაიბადა. მომავალ კინოვარსკვლავს საკმაოდ უბედური ბავშვობა ჰქონდა, რაც დედასთან დაძაბულ ურთიერთობაში ყველაზე ნათლად გამოიხატებოდა. მონიკა ოჯახში ერთადერთი ქალიშვილი იყო და ძმების გარემოცვაში გაზრდილი გოგონა თავს ყოველთვის დაჩაგრულად გრძნობდა: „ძალიან მკაცრი მშობლები მყავდა. ჩემს ორ ძმას ყოველთვის ჰქონდა თავისუფლება, მე კი უუფლებო და მარტოსული ვიყავი". ვიტის ადრეული წლების ტრავმა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა და ერთგვარ დამღადაც ექცა - იტალიური კინოს მშვენებას ოჯახის შექმნის და ქორწინების შიში ჰქონდა.

სცნაზე მომავალი ვარსკვლავის დებიუტი 14 წლის ასაკში შედგა და მას შემდეგ მსახიობობა მონიკა ვიტისთვის ესკაპიზმის საუკეთესო საშუალება გახდა.

როდესაც 14 წლის ვიყავი, გადავწყვიტე, რომ საკმარისად ვიცხოვრე ჩემი ცხოვრებით და მსახიობობა შემეძლო, შემეძლო თავი სხვა ადამიანად მომეჩვენებინა და ადამიანები სცენიდან თუ ეკრანიდან გამემხიარულებინა, რეალურ ცხოვრებაში ეს ბევრად რთული იყო.

როდესაც მონიკა 18 წლის იყო, მისი მშობლები და ძმები აშშ-ში ემიგრაციაში წავიდნენ. ვიტი სამშობლოში დარჩა და 1953 წელს Rome’s National Academy of Dramatic Arts-ის დასრულების შემდეგ, სასცენო სახელი მონიკა ვიტი (ვიტიგლია მისი დედის დაბადების სახელი იყო) მოირგო და კინოსამყაროში გადაეშვა. 

მონიკას ადრეული სამსახიობო კარიერა არ იყო განსაკუთრებული. ვიტი თეატრალურ დადგმებში მონაწილეობდა და ფილმებსა და სერიალებში მეორეხარისხოვან როლსაც ასრულებდა, სანამ ერთ მშვენიერ დღესაც მისი ცხოვრება სამუდამოდ არ შეიცვალა.

მაშინ მონიკა მიქელანჯელო ანტონიონის ახალი ფილმის, Dorian Gray-ს ხმის დუბლიორად მუშაობდა. ვიტისთვის მორიგი სამუშაო დღე იყო, როდესაც მას უკნიდან რეჟისორი მიუახლოვდა, დიდხანს ჩუმად აკვირდებოდა გოგონას მუშაობის პროცესში, შემდეგ კი უთხრა სიტყვები, რომლებმაც ლეგენდარული მსახიობის დაბადებას შეუწყო ხელი: „ლამაზი კისერი გაქვთ. თქვენ ფილმებში უნდა იღებდეთ მონაწილეობას".

მიქელანჯელო ანტონიონი თითქმის ყველაფრით განსხვავდებოდა მონიკასგან. ბავშვობის სასიამოვნო მოგონებების გარდა, ის უკვე იდგა დიდებულ რეჟისორად ჩამოყალიბების გზაზე, აქტიურად წერდა სცენარებს და იღებდა დოკუმენტურ ფილმებს. ალბათ, სწორედ მიქელანჯელოს ინტელექტი და თავშეკავება გახდა ის თვისებები, რაც მონიკას ასე ძალიან აკლდა ცხოვრებაში.

პირველი თანამშრომლობა და L'avventura-ს გადაღებები 2 წელიწადს გაგრძელდა. „არავის სურდა შანსი გამოეყენებინა ჩემით, რადგან არ ვიყავი ცნობადი“ - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მონიკამ, თუმცა კოლაბორაცია იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა. ფილმის პრემიერა 1960 წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა და კრიტიკოსებისგან აღიარება მოიპოვა.

L'avventura არის ფილმი, რომელმაც მიქელანჯელო ანტონიონისა და მონიკა ვიტის საერთაშორისო ყურადღება მიაპყრო, მათ თანამშრომლობას მოჰყვა კიდევ 3 ფილმი: La notte (1961), L'eclisse (1962) და Il deserto rosso (1964) - ყველა მათგანი აბსოლუტური კლასიკა.

მონიკა ვიტის და მიქელანჯელო ანტონიონის რომანი 10 წელიწადს გაგრძელდა, სანამ წყვილმა დაშორების გადაწყვეტილება არ მიიღო. ამ დროის განმავლობაში ვიტის სამსახიობო კარიერამ მწვერვალს მიაღწია. მონიკამ უარი თქვა ჰოლივუდში გადასვლაზე და კომედიაში გადაწყვიტა ეცადა ბედი.

გადაწყვეტილება უზუსტესი აღმოჩნდა. იტალიური კინოსთვის დამახასიათებელ ჟანრში, რომელიც კომედიასა და სოციალურ სატირას აერთიანებდა, მონიკა ვიტი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ამ სამყაროში პოპულარობა მოიპოვა.

საყოველთაო აღიარების შემდეგ, რომელიც ათწლეულებს გაგრძელდა, მონიკამ საკუთარი ადგილი კინოსამყაროშიც და თეატრშიც იპოვა. 1980-იან წლებში პირველ მასწავლებელთან და სიყვარულთან ერთად უკანასკნელ ფილმზეც იმუშავა. 1995 წელს მონიკა ვიტი დაქორწინდა. მისი მეორე ნახევარი რობერტო რუსო გახლდათ. მათმა ქორწინებამ 10 წელიწადს გასტანა. განქორწინების შემდეგ, მონიკას ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. იტალიური კინოს ქალღმერთი 2022 წლის 2 თებერვალს, 90 წლის ასაკში გამოგვემშვიდობა.

ზევით