#საზოგადოება

ჯაბა ახოიშვილის შავ-თეთრი ესთეტიკა

გაზიარება:

დღეს ჩვენმა ცხოვრებამ სრულად გადაინაცვლა ინსტაგრამში. ფოტოები, ვიდეო, ფილტრები, ლუქები, ყველაფერი სოციალური ქსელისთვის! დიახ, Instagram is a new black! და სწორედ Instagram-ზე, შავ-თეთრი ესთეტიკის ვიდეოებით გაგვეცნო ახალგაზრდა არტისტი, რომელიც დინამიური ვიდეოებითა და სწორად შერჩეული გმირებით პირველივე წამს იპყრობს ყურადღებას. ჯაბა არქიტექტორ-დიზაინერია, რაც გარკვეულწილად ხსნის მის ნატიფ ესთეტიკას.  

მე, ჯაბა

მე ვარ ჯაბა ახოიშვილი, 28 წლის, თბილისიდან. პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერი, თუმცა ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. გრაფიკული დიზაინიც მაინტერესებდა, თუმცა აქამდე ეს ყველაფერი უბრალოდ საკუთარი თავისა და სურვილების ძიების პროცესი იყო. ყოველთვის მინდოდა ისეთი რამ მეპოვა და მეკეთებინა, რაც მეყვარებოდა.

 

დასაბამი

ყველაფერი 6 თვის წინ დაიწყო. ყოველთვის მომწონდა ფრანგული და იტალიური ფილმები. კინო, რომელშიც უფრო მეტი აზრი იდო და იგრძნობოდა ესთეტიკა, ადამიანები, სტილი, მუსიკა. შინაგანად მქონდა რაღაც ძალიან უცნაური ამბიცია და სურვილი, რომ გადამეღო და ჩემი ხელწერა მქონოდა. გადმომეცა ადამიანების ემოციები, მათი სილამაზე და ხასიათი, რომელიც ყოველთვის არასტანდარტული და ამოუწურავია.

HUMANS OF TBILISI

ჩემი გმირები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შინაგანი ცეცხლი. მე თუ მათში ვხედავ იმ სამყაროს, რომელიც ჩემთვის მიმზიდველია - ხდება გადაღება. გადაღებამდე კი ვესაუბრები, ვიცნობ, რომ უკეთ დავიჭირო მათი ხასიათი კადრში. მნიშვნელოვანია ბუნებრიობა. როდესაც ისინი ვიდეოს ნახავენ საკუთარი თავი უნდა იცნონ, განცდებით, ბედნიერებითა და იმ თვისებებით რაც მათშია.

ინსპირაცია

ვფიქრობ, პირველ რიგში საფრანგეთი და შემდგომ ჩემი ცხოვრება, მძაფრი შეგრძნებები და საინტერესო ურთიერთობები. ბევრი რამეა ჩემში ორგანული, ის რისი სწავლაც არ შეიძლება.

მომწონს ის აზრი, რომ მე თავად გავხდე სხვებისთვის ინსპირაცია

 

OOH LA LA!

Whoever does not visit Paris regularly will never really be elegant!  საფრანგეთი ძალიან მიყვარს და საბოლოოდ მაქვს სურვილი, რომ იქ გადავიდე საცხოვრებლად და გავაგრძელო ჩემი საქმე.

სიმბოლიზმი

ჩემი ვიდეოები ჩემი შინაგანი მეა, დანახული სხვა ადამიანების ხასიათში, ჩემი რამდენიმე პიროვნება, რომელიც ჩემში იზრდება ყოველდღე.

 

NEXT

ბევრი გეგმა მაქვს ამ მიმართულებით. მინდა ბევრი ვისწავლო და დავიხვეწო. ბევრი რამ ვცადო და შევქმნა ღირებული. ვაპირებ სხვადასხვა ქვეყანაში წასვლას და ცხოვრების რაღაც ნაწილი საზღვრებს გარეთ გავატარო, ხოლო როდესაც დავბრუნდები, ჩემი შემოქმედება ადამიანებისთვის ინსპირაციად იქცეს.

ზევით