#მოდა

კემბრიჯის ჰერცოგინიას ოდრი ჰეპბერნისეული მომენტი და სამეფო ტურის სხვა დეტალები

გაზიარება:

კორონავირუსით გამოწვეული სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქებისთანავე, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი აქტიურად შეუდგა სამეფო ვიზიტების დაგეგმვას. პირველი მნიშვნელოვანი მოგზაურობა კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ხვდათ წილად, პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა კარიბის ზღვაში შეცურეს და ბელიზს, იამაიკასა და ბაჰამის კუნძულებს ესტუმრნენ.

კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სამეფო ტური 19-დან 26 მარტის ჩათვლით გახლავთ დაგეგმილი და მართალია ამ მოგზაურობიდან ჯერ კიდევ 2 დღეა დარჩენილი, თუმცა ქეით მიდლტონის ბრწყინვალე კარიბული გარდერობის მიმოხილვა ახლავე უნდა დავიწყოთ. უილიამისა და ქეითის უკანასკნელი მიმართულება ბაჰამის კუნძულები გახლავთ, სადაც კემბრიჯელები გუშინ, 24 მარტს ჩაფრინდნენ და კოორდინირებულად ლურჯი და ცისფერი ფერის სამოსი მოირგეს.

23 მარტს, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ინაუგურაციის აღლუმს დაესწრნენ, სადაც კარიბის ზღვის ქვეყნების მომსახურე პერსონალს მიაგეს პატივი. კემბრიჯის ჰერცოგი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა სამხედრო რეგალიაში შემოსილი, თუმცა ქეითი ამ გამოჩენის ვარსკვლავად იქცა. Alexander McQueen-ის თეთრ კაბასა და Philip Treacy-ს ქუდში გამოწყობილი ჰერცოგინია ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობ ოდრი ჰეპბერნს შეადარეს.

აღლუმის შემდეგ კემბრიჯელები ვახშამს დაესწრნენ, რომელსაც იამაიკის გენერალურმა გუბერნატორმა უმასპინძლა. სანამ პრინცი უილიამი შავ კოსტიუმში გამოწყობილი სიტყვას წარმოთქვამდა, მას გვერდს უმშვენიერესი ჰერცოგინია უმშვენებდა. ქეით მიდლტონმა ამ გამოჩენისთვის არჩევანი Jenny Packham-ის ზურმუხტისფერ უმხრო კაბაზე გააკეთა და გამოჩენას სიმბოლური დატვირთვაც შესძინა (ზურმუხტისფერი იამაიკის დროშის ფერი გახლავთ).

იამაიკაში კემბრიჯელები სამშაბათს ჩაფრინდნენ, ქვეყნის დროშის ფერების სიმბოლური დატვირთვა სამოსს ქეითმა სწორედ ამ დღეს მიანიჭა, როდესაც Roksanda-ს ულამაზეს ყვითელ კაბაში ჩაცმული ვიხილეთ. ამავე დღეს საშუალება მოგვეცა ჰერცოგინიას კიდევ ერთი ჩაცმულობა გვეხილა, ამჯერად ბევრად კლასიკური, თეთრსა და ატმისფერ ფერებში.

კარიბის ზღვის სამეფო ტურის გამორჩეულ ჩაცმულობებზე საუბრისას აღსანიშნავია Jenny Packham-ის ლურჯი კაბა, რომელიც კემბრიჯის ჰერცოგინიამ ბელიზეში მოირგო და მას პრინცესა დიანას საფირონის სამკაულები შეუხამა.

ბელიზეში ოფიციალურ ვახშამზე ქეით მიდლტონი The Vampire’s Wife-ის თვალისმომჭრელი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა, პრინც უილიამს კი ლურჯი კოსტიუმი ამშვენებდა. 

ზევით