#სილამაზე

ქოქოსის ჯადოსნური ნიღაბი იდეალური თმისთვის

გაზიარება:

სრულყოფილ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ, ისეთში, როგორიც ძველი ჰოლივუდის ფილმებია, ჩვენი თმები ყოველთვის მბზინვარე, ჯანმრთელი და იდეალურად დავარცხნილი იქნებოდა. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით რთული და არაიდეალურია. დილით, გაღვიძებისას ჩვენი თმები, ფილმის გმირების თმებისგან განსხვავებით, სხვადასხვა მხარესაა მიმართული და ცოტათი არ იყოს „შოკში“ არიან. თუმცა, The Diary-ს სილამაზის ექსპერტები იუწყებიან რომ bad hair დღეები წარსულშია და ქოქოსის ზეთის ნიღბით მარტივად შეგვიძლია მივაღწიოთ სრულყოფილი სამყაროს იდეალურ ვარცხნილობას.

ქოქოსი იმ ტიპის მჟავას და ცხიმებს შეიცავს, რომელსაც თავად თმაც შეიცავს, რის გამოც ის თმის სტრუქტურაში აღწევს და ღრმად ატენიანებს. ქოქოსის ზეთის ჯადოსნურობაზე დიდი ხანია გვესმის, როგორც კვებით, ასევე სილამაზის ინდუსტრიაში. თუმცა, დღეს ქოქოსის ზეთს, როგორც თმის მოვლის საუკეთესო პროდუქტს ისე გაგაცნობთ და თმის ნიღბის რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ. ეს ნიღბები არც ისე ძვირი დაგიჯდებათ, ხოლო ნებისმიერ დამატებით ინგრედიენტს საკუთარ მაცივარში ან უბნის მაღაზიაში მარტივად იპოვით.

ცნობისთვის, ქოქოსისი ზეთის ნიღაბი ხელს უწყობს თმის ზრდას, იცავს მას დაზიანებისგან და გასაოცარ ბზინვარებას ანიჭებს.

ქოქოსის ზეთის ნიღაბი მშრალი თმისთვის

ამ მარტივი რეცეპტის გასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

• 2 ს/კ ქოქოსის ზეთი

• 1 ს/კ თაფლი

• 1 ც. კვერცხი

პირველ რიგში, გაადნეთ ქოქოსის ზეთი. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი. შემდეგ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ თაფლი და კვლავ ათქვიფეთ, მანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

ნოტიო თმაზე ნიღაბი კარგად გადაანაწილეთ, დაიფარეთ საშხაპე ქუდი და რამე თბილით შეიხვიეთ თავი. ნახევარი საათის შემდეგ კი კარგად დაიბანეთ შამპუნით.

ქოქოსის ზეთის ნიღაბი გაუხეშებული თმისთვის

ჯადოსნურ ქოქოს რომ ვაშლის ძმარი დაამატოთ ორმაგად მბზინვარე თმებს მიიღებთ.  ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ:

• 2 ს/კ ქოქოსის ზეთი

• 1 ს/კ ვაშლის ძმარი

ქოქოსის ზეთი გაადნეთ და შეურიეთ ვაშლის ძმარს. ნიღაბი მშრალ ან ნოტიო თმაზე წაისვით თანაბრად, ძირებიდან ბოლომდე. გაიჩერეთ 15 – დან 20 წუთამდე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით.

ქოქოსის ზეთის ნიღაბი ძალიან დაზიანებული თმისთვის

ძალიან დაზიანებულ თმას ოდნავ განსხვავებული რეცეპტი სჭირდება. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ ქოქოსის ზეთი, საკმარისი იქნება 2 სუფრის კოვზიც. ქოქოსის ზეთი გაადნეთ და ნოტიო ან მშრალ თმებზე კარგად გადაანაწილეთ. დაიფარეთ პირსახოცი ან საშხაპე ქუდი და მთელი ღამის განმავლობაში თავზე გაიჩერეთ. დილით თმები შამპუნით დაიბანეთ.

კიდევ ერთი რჩევა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავების სტილისტებმა გაგვიზიარეს: თუ კი ზღვაზე ან ღია აუზზე აპირებთ წასვლას, თმის ბოლოებზე აუცილებლად ქოქოსის ზეთი წაისვით, მზის სხივები მის მოქმედებას გააორმაგებს და რუჯთან ერთად ჯანსაღ თმებს მიიღებთ.

პ.ს. ქოქოსის ზეთი რუჯის მიღება რეკომენდებული არ არის, როგორც უკვე აღვნიშნეთ ის მზის სხივების მოქმედებას გააორმაგებს და სწორედ ამიტომ შეიძლება სერიოზული დამწვრობა მიიღოთ!

ზევით