LA VILLA CALIFORNIA: პაბლო პიკასოს სახელოსნო, რომელშიც შედევრები შეიქმნა

ესპანელმა მხატვარმა და სკულპტორმა, კუბიზმის ფუძემდებელმა, პაბლო პიკასომ (1881-1973)  ვიზუალურ ხელოვნებაში რევოლუციური განვითარებას შეუწყო ხელი. ანრი მატისთან და მარსელ დიუშანთან ერთად მან მეოცე საუკუნის დასაწყისის ხელოვნებას ჩიხიდან გამოსვლის გზა მიუთითა. მას შემდეგ გაჩნდა ახალი შესაძლებლობები როგორც ფერწერაში, ასევე მოქანდაკეობაში, გრაფიკულ ხელოვნებაში და კერამიკაში. ამ დამსახურებათა უმრავლესობა კი ესპანელმა მხატვარმა კანში, საყვარელ სახელოსნოში გამოძერწა.

1955 წელს პიკასო საცხოვრებლად კანში გადავიდა. მხატვარმა მე-19 საუკუნის ექსცენტრიკული სახლი შეიძინა, რომელსაც მოგვიანებით La Villa California ეწოდა და იქ უკანასკნელ სიყვარულთან, ჟაკლინ როკთან ერთად დასახლდა. არტ ნუვოს სტუდიაში, რომელიც ზღვის პანორამული ხედებით გამოირჩეოდა, პიკასომ თავისი შემოქმედების ყველაზე ცნობილი ნამუშევრები შექმნა.

La Villa California-ში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ესპანელი მხატვრის სახელოსნოს სტუმრობდნენ ცნობილი ხელოვანები, მსახიობები, მომღერლები, ფილოსოფოსები და რასაკვირველია ფოტოგრაფებიც. ამ უკანასკნელთა შორის იყო ამერიკელი ფოტოჟურნალისტი დევიდ დუგლას დუნკანი, რომელმაც კუბიზმის ფუძემდებლის სახელოსნოდან უნიკალური შავ-თეთრი ფოტოები შემოგვინახა და საშუალება მოგვცა ათწლეულების შემდეგაც თვალწინ გაგვეცოცხლებინა კადრები, თუ როგორ მუშაობდა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი მხატვარი საკუთარ სახლში.

პაბლო პიკასომ და ჟაკლინ როკმა La Villa California-ს სახლში 6 დაუვიწყარი წელი იცხოვრეს. 1961 წელს, სახლის სავალდებულო რეკონსტრუქციისთვის ესპანელი მხატვარი იძულებული გახდა ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ხედს და საყვარელ სახელოსნოს ერთად გამომშვიდობებოდა. პაბლო პიკასო და მისი უკანასკნელი სიყვარული მუჟინში, ახალ სახლში დასახლდნენ, სადაც პიკასომ გარდაცვალებამდე 1973 წლამდე იცხოვრა.

ლეგენდარული მხატვრის გარდაცვალებიდან 3 წელი აღმოჩნდა საჭირო იმისათვის, რომ პაბლო პიკასოს „დავიწყებული“ ნამუშევრები ერთად შეეგროვებინათ. ყველაზე დიდი საგანძური რა თქმა უნდა La Villa California-ში ინახებოდა. მხატვრის საყვარელ სახელოსნოში აქამდე უნახავი ნახატები, ქანდაკებები და კერამიკული ნივთები აღმოაჩინეს. Picasso Museum-ი პარიზში, სწორედ ამ ნამუშევრების თავმოსაყრელად შეიქმნა.

1980-იან წლებში პაბლო პიკასოს შვილიშვილმა, მარინამ ვილა მემკვიდრეობით მიიღო და მისთვის ყოფილი დიდების დაბრუნებას უმალვე შეუდგა. განახლების დასრულების შემდეგ, ამ ადგილს Pavilion de Flore ეწოდა.

ზევით