ინეზა კემულარია - ქართველი ემიგრანტის პაროდიული სკეტჩები

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ინეზა კემულარია 1 წლის წინ გამოჩნდა, ხისტი მეგრული იუმორით, სარკაზმითა და პირდაპირობით გაჯერებულმა პაროდიულმა სკეტჩებმა პოპულარობა მალევე მოიპოვა და ათიათასობით ერთგული გულშემატკივარიც შეიძინა სოციალურ ქსელში. მწვავე პოლიტიკური მოვლენები და თავად პოლიტიკოსები, მოდის სამყარო და ცნობილი ადამიანები ინეზას სამიზნე ობიექტი ყველა და ყველაფერი ხდება, რაც კი საზოგადოების ინტერესს იმსახურებს.

ინეზა კემულარია

ინეზა კემულარიას პერსონაჟის მიღმა საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა, ლადო ჭიქაშვილი, 27 წლის ემიგრანტი დგას ბერლინიდან. თავად ლადოსთვის ქალბატონი ინეზა არსებობს და მისთვის ის პერსონაჟზე მეტიც კია. საკუთარ თავზე ბევრს არ გვიყვება, მხოლოდ იმაზე საუბრობს დღეს სად არის და მომავალში სად წარმოუდგენია საკუთარი თავი, აი ინეზაზე კი, უცილობლად, ბევრ საინტერესოს დეტალს გვიმხელს, გვიამბობს როგორ გაჩნდა პერსონაჟის შექმნის იდეა და როგორ ეხმარება ის საკუთარი აზრისა და პოზიციის დაფიქსირებაში.

ადამიანი, ინეზა კემულარიას მიღმა...

ინეზა კემულარია

ყველაზე მეტად ჩემი თავის წარდგენა მიჭირს. ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ იქ სადაც მინდა ვიცხოვრო. მეც იმავენაირად ვშრომობ როგორც ყველა და იმავენაირად ვარსებობ. არშემდგარი მსახიობი გახლავართ. ასევე რამდენიმე პროფესიის მორგება მომიწია და შემომესწავლა კიდეც. მიხარია რომ ყველაფრის კეთება შემიძლია და არ არსებობს თემა ან საქმიანობა რაც შეიძლება არ ვიცოდე ან გამომდიოდეს. ლადო გახლავართ ემიგრანტი ბერლინიდან, 27 წლის, დიდი კოლხი.

როდის გაჩნდა ინეზა კემულარიას საზოგადოებისთვის წარდგენის იდეა

პერსონაჟი? ინეზაა? ქალბატონი ინეზა არსებობს და ჩემთვის ის პერსონაჟზე მეტია.

ინეზა კემლუარია

დიდი სტრესების ფონზე ბევრი რამ დამიგროვდა რისი თქმაც მსურდა, მაგრამ ლადოს ანუ მე არავინ მომისმენდა, ამიტომაც მჭირდებოდა მეგრელი ცეცხლი ქალი რომელიც პირდაპირ იტყოდა სათქმელს, თან მცირე იუმორით.

ინეზას პროტოტიპზე რას გვეტყვით, საიდან მოდის შთაგონება?

ინეზა კემულარია

მოგეხსენებათ სამეგრელოში გავიზარდე, ამაზე მეტი პროტოტიპი რა სჭირდება ადამიანს, როცა მეგრული სულში გაქვს და გარემო გაძლევს იმის საშუალებას რომ დააკოპირო ყოველდღიურობა და გადაიტანო ვიდეოში. საოცარი იუმორის და გამჭრიახობის ზენიტია სამეგრელო, სადაც ამა თუ იმ თემას ჩვენებურად და უჩვეულოდ ვიღებთ და გადმოვცემთ, ეს რეაქციები იმდენად სასწაულია რომ არ შეიძლება ეს ხალხს არ გაანდო მითუმეტეს იმ საქართველოს, სადაც მეგრულად არ მეტყველებენ და ცოტა რამ სმენიათ სამეგრელოზე.

შეფარული სატირა და დიდი დოზით იუმორი, დამდენად ამბობს ინეზა თქვენს სათქმელს?

პერსონაჟი ინეზა მეხმარება იმაში რომ „პაუზის გარეშე“ პირდაპირ და დაუფარავად ვთქვა ის, რისი თქმაც მინდა. ზოგჯერ წარმატებით გამომდის, ზოგჯერ კი რთულია სწორად მოაწოდო ხალხს სათქმელი, თუმცა საბოლოოდ ინეზა მაინც ახერხებს საკუთარ აუდიტორიამდე გასვლას და მე ამის მოხარული ვარ.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი ვიდეოების მსგავსი პოპულარობა?

არც მიფიქრია რომ ეს ვიდეოები ამდენ მაყურებელს მოიპოვებდა, ამისთვის  თითოეულ მაყურებელს ვუხდი მადლობას. ვფიქრობ, იმ თემებს ვეხები, რაც მათთვის ნაცნობი, ხშირად მტკივნეული ან სულაც ბედნიერების მომტანია და ალბათ სწორედ ამიტომ გახდა ასეთი პოპულარული.

როგორ აპირებთ პერსონაჟის განვითარებას მომავალში?

ინეზა უკვე დიდი ხანია „მოღვაწეობს“. მიყვება ეტაპობრივად ცხოვრების რიტმს. იცვლება და მშვენდება დღითიდღე და მოტივატორია, მაგალითია ადამიანებისთვის თუ როგორ უნდა გიყვარდეს თავი და პატივს სცემდე. არასდროს ნებდება. იცვლება ვიზუალურად და ლამაზდება. არ არის გამორიცხული უფრო გაფერადდეს და უფრო სექსუალური გახდეს.

ინეზას რამდენიმე სარფიანი შემოთავაზება აქვს ქართული ტელევიზიებიდან და კერძო ბიზნესებიდან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ის კი დანამდვილებით ვიცი რომ ბერლინში ვრჩები და რჩება ინეზაც.

მინდა ვისარგებლო მომენტით და გითხრათ ჩემო საყვარელო ხალხო არასდროს დანებდეთ, არასდროს ჩამოყაროთ ყურები,არასდროს თქვათ რომ რაიმე არ გამოვა, ყველაფერი გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება. გაიღიმეთ ბევრი და უფრო ხშირად უთხარით ერთმანეთს რომ გიყვართ. პატივისცემით კოლხი ქალი ინეზა (ლადო).

ზევით