#მოდა

Megrelian Gang პარიზის მოდის კვირეულზე - დემნას ემოციური შეხვედრა ლელასთან

გაზიარება:

ლელა წურწუმიას გამოჩენა დემნა გვასალიას SS24-ის Balenciaga-ს ჩვენებაზე და კულისებს მიღმა „მეგრული კლანის“ გაერთიანება, კვირის მთავარ მოვლენად იქცა. პარიზული ვოიაჟის დეტალებზე, Balenciaga-ს კოლექციის ჩვენების წინა რიგებში ჯდომის გამოცდილებასა და გაზიარებულ ემოციებზე ლელამ, გასულ ღამეს, საავტორო გადაცემა მხოლოდ ლელასთან“ პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, ლელა წურწუმიას და მისი მეუღლისა და პროდიუსერის (ამ ჩვენებაში კი ოპერატორი) გზა ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოდის ჩვენებამდე საბა ბახიამ გაუკვალა. ნიჭიერმა და მიზანდასახულმა ახალგაზრდამ, რომელმაც შეძლო და დემნასა და მისი საქმიანობისთვის მიძღვნილი გვერდი @demnagram, @balenciaga -ს მფარველობის ქვეშ მოაქცია, თუმცა ეს სხვა ისტორიაა, რომელზეც უახლოს მომავალში აუცილებლად გიამბობთ, დღეს კი ქართველი დივას ვოიაჟს უნდა დავუბრუნდეთ.

საბა ბახია ლელამ საქართველოში გაიცნო და სწორედ მისი დახმარებით ცდილობდა დემნა გვასალიასთან ექსკლუზიური ინტერვიუს მოპოვებას. ექსკლუზივი ვერა, მაგრამ 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მოსაწვევი ლელას კართან აგვისტოს ბოლოსკენ აღმოჩნდა. საბას შუამავლობით, დემნა გვასალიამ მომღერალი და მისი მეუღლე, პირადად მიიწვია ჩვენებაზე, Balenciaga-ს გუნდმა კი ლელას იმ ჩაცმულობაზე იზრუნა, რომელიც ფოტოებზეც ვიხილეთ. 

„მიმიწვიეს და პირველი რაზეც ვფიქრობ, რა თქმა უნდა ტანისამოსია. სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი, როდესაც დიზაინერის ჩვენებაზე მიდიხარ, მისი სამოსი გეცვას, ერთი რაღაც მაინც“ - აღნიშნავს ლელა, „საბამ მითხრა, დემნამ ასეთი რამ შემოგითვალაო, თუ ლელა ჩაიცვამს ჩემი ახალი კოლექციის სამოსს, დიდი სიამოვნებით გავუგზავნით მას ლუქსო... გულწრფელად გეტყვით, ამის გაგონებაზე პატარა ბავშვივით დავხტოდი“.

ჩვენებამდე ერთი დღით ადრე, პარიზის აპარტამენტში ლელამ დემნასგან ხელნაწერი წერილიც მიიღო ტექსტით: „გამარჯობა ლელა, კეთილი მობრძანება პარიზში! იმედია მოგეწონებათ ჩემი ხვალინდელი ჩვენება! პატივისცემით დემნა“. 

დადგა 1-ელი ოქტომბერიც და ლელა წურწუმიას სამზადისის კადრები მამულიჩამ შემოგვინახა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ბონუსად, წყვილისთვის ჩვეული იუმორიც ახლავს თან. როგორც ლელა იხსენებს, მან მისთვის ჩვეული სიჩუმის ხმაურით შეაბიჯა წითელი ხავერდით მორთულ დარბაზში, რომელშიც რამდენიმე წუთში ჩვენება იყო დაგეგმილი.

ბუნებრივია, როდესაც მსგავსი მასშტაბის მოდურ ჩვენებაზე აღმოჩნდები, ერთი სული გაქვს გაიგო, ვინ დაიკავებს შენ გვერდით ადგილს. როგორც მომღერალი ჰყვება, მას მნიშვნელოვნად გაუმართლა, რადგან ის დემნას მამის გვერდით აღმოჩნდა, რომელიც ჩვენების მიმდინარეობისას დეტალურად უამბობდა პოდიუმზე გამოჩენილი იმ პერსონების შესახებ, რომლებიც დემნა გვასალიას შემოქმედებითი ცხოვრების განუყრელი ადამიანები იყვნენ, მათ შორის იყო დემნას დედა ელლა, რომელმაც ჩვენება გახსნა. 

ჩვენებაც დასრულდა და კულისებს მიღმა დემნასთან შეხვედრის ის დიდებული მომენტი დადგა, რომელიც ნახვისთანავე ავიტაცეთ პარიზიდან შორს, თუმცა ამ ორი ადამიანის მშობლიურ საქართველოში. „რა ვქნათ, ვართ ასეთი მეგრელები... ბახია, წურწუმია, გვასალია როგორ ჟღერს ხომ გესმით“ - კი, კარგად გვესმის ლელა და პარიზის შუაგულში გაერთიანებული მეგრული კლანის გავლენის მასშტაბები პირადადაც ვიხილეთ. 

„მე შევხვდი ჩემთვის ძალიან ახლობელ ადამიანს, ჩემს სისხლსა და ხორცს, ჩემს ქართველს, ჩემს მეგრელს. მინდოდა მისთვის სითბო გადამეცა და მისგანაც ზუსტად იგივე ვიგრძენი... ჩვენ ვისაუბრეთ მის ჩვენებაზე, ყოველთვის რაღაც კონკრეტული მესიჯის მატარებელ პერფორმანსზე. ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე და უცებ მეუბნება, რომ ძალიან მიყვარს თქვენი მუსიკა, როცა ვმუშაობ ან ვარ დაღლილი, ვუსმენ თქვენს სიმღერებსო და მან ხაზი გაუსვა ნატო გელაშვილის სულელ წვიმას“ - ამბობს ლელა წურწუმია.

ზევით