#მუსიკა

LOUIS VUITTON-ის მამაკაცის Pre-Fall 2024 ფარელ უილიამსისგან ჰონგ-კონგში

გაზიარება:

ჰონგ-კონგმა ერთი დღის წინ, Louis Vuitton-სა და ფარელ უილიამსს, Tsim Sha Tsui-ზე გაშლილი ხელებით უმასპინძლა. ფრანგულმა მოდის სახლმა, მეგაპოლისში მამაკაცის ხაზი პირველად წარადგინა და დებიუტისთვის შედეგმა, მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამას დაემატა ისიც, რომ ფარელ უილიამსს, Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის ახალ კრეატიულ დირექტორს, შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ხედვა მაქსიმალურად გამოევლინა და მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ვირჯინია ბიჩზე დაბადებულმა დიზაინერმა, მშობლიური ქალაქისგან აღებული შთაგონება Louis Vuitton Men’s Pre-Fall 2024 კოლექციაში ჩააქსოვა. ფარელი არსებითად დაეყრდნო ვირჯინიის სანაპირო ელემენტებს. მაგრამ, მასზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა ჰონგ-კონგელი ბიზნესმენების ჩაცმის სტილმაც.

კოლექციაში წარმოდგენილი იყო დიდი ზომის ტყავის ჩანთები სამოგზაუროდ და ბერეტები, რომლებიც Louis Vuitton-ის პარიზულ ფესვებს უსვამდა ხაზს. მედიასთან საუბრისას ფარელმა თქვა, რომ კოლექციის შექმნისას, მან ძირითადი აქცენტი ორ არქეტიპზე გააკეთა, ესენი გახლდათ მეზღვაურის არქეტიპი და დენდი შვებულებაში. პირველ შემთხვევაში, დიზაინერმა, სხვადასხვა ფერის კოსტიუმები წარადგინა, მეორე არქეტიპისთვის კი ფარელი პრინტებზე, ნახატებზე და მხიარულ დეტალებზე ფოკუსირდა. 

კრეატიული ხელმძღვანელის როლში რიგით მეორე ჩვენებისთვის, ფარელ უილიამსმა ჰონგ-კონგში ბიონსე, ჯეი-ზი, რიანა და სხვა ცნობილი სახეებიც ჩაიყვანა. ჩვენებამ ისეთივე პომპეზურობით ჩაიარა, როგორც ეს ეკლექტიკურ მეგაპოლისს, სახელგანთქმულ მოდის სახლსა და ფარელის წრეს შეეფერება.

ზევით