#მოდა

მატილდა გვარლიანი: პირველი ქართველი მოდელი CHANEL-ის ჩვენებაზე

გაზიარება:

მატილდა გვარლიანი - პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Chanel-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე წუთის წინ, პარიზის მოდის კვირეულზე, კარლ ლაგერფელდის მემკვიდრემ, ვირჯინია ვიარდიმ 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა, გრანდიოზულ შოუში მონაწილეობის პატივი კი 19 წლის მატილდა გვარლიანსაც ხვდა წილად.

ახალგაზრდა ქართველი მოდელისთვის, ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მატილდა გვარლიანი უკვე ვიხილეთ ნიუ-იორკისა და მილანის მოდის კვირეულებზე ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიც Fendi და Carolina Herrera გახლავთ.

9 სექტემბერს, Fendi-ს საიუბილეო კოლექციის ჩვენებაზე, რომელიც სახელგანთქმულ Fendi Baguette-ს მიეძღვნა მატილდა ნაქსოვ ფერად პულოვერში და მოდის სახლის უახლეს აქსესუარებში ვიხილეთ. რამდენიმე დღეში მატილდა, Carolina Herrera-ს პოდიუმზე გამოჩნდა და მოდის სახლის გრაციოზულობის ნათელი მაგალითი წარმოგვიდგინა მოკლე შავი კაბით და თვალისმომჭრელი დეტალებით.

Fendi-ს კიდევ ერთი ჩვენება 21 სექტემბერს გაიმართა, ამჯერად მოდის სახლმა მილანის მოდის კვირეულის ნავსაყუდელს მიაშურა, სადაც ქართველი მოდელი ნაცრისფერი ორეულით ვიხილეთ ჩვენებაზე. 23 სექტემბერს კი მატილდა Sportmax S/S 23 Show-ს ჩვენებაზე გამოვიდა ელექტრიკი მწვანე მოსაცმლითა და პრინტიანი ჩანთითა და ფეხსაცმელებით.

პარიზის მოდის კვირეულზე, Chanel-ის ტრიუმფამდე, მატილდა Dior-ისა და Rokh-ის ჩვენებაშიც ვიხილეთ.

ზევით